მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში უხვად შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია უკუკავშირის მნიშვნელობის შესახებ, ადამიანების უმრავლესობა უგულებელყოფს მას. მეტიც, ისინი თავს უხერხულად გრძნობენ სხვებისგან უკუკავშირის მიღებისას.
უკუკავშირის მიღება გვეხმარება თვითშემეცნებაში, ნდობის მოპოვებასა და მუშაობის გაუმჯობესებაში. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია განვიხილოთ მიზეზები, თუ რატომ არ სურთ ადამიანებს უკუკავშირის მიღება.
უკუკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაშია სარგებლის მომტანი, თუ ის შეიცავს კონსტრუქციულ კრიტიკას. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი უკუკავშირი თანამშრომლის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ხშირად მენეჯერები თავს კომფორტულად არ გრძნობენ კრიტიკული უკუკავშირის გაცემისას და ცდილობენ თავი აარიდონ რთულ საუბრებს. მენეჯერებს ურჩევნიათ უბრალოდ სასიამოვნო ურთიერთობა შეინარჩუნონ დასაქმებულებთან.
ადამიანებს უჭირთ სწორი უკუკავშირის გაცემა, რამდენადაც ისინი ხშირად მიკერძოებულები არიან საკუთარი შეხედულებებითა და გეგმებით. არასწორად მიცემული უკუკავშირი შედეგს არ გამოიღებს და პირიქით, შეიძლება გააუარესოს არსებული მდგომარეობა. განსაკუთრებით რთულია უკუკავშირის მიღება, მაშინ, როდესაც უნდა მოვისმინოთ ის, რისი მოსმენაც არ გვინდა. კრიტიკული შეფასების მისაღებად ადამიანი უნდა იყოს გულწრფელად თავმდაბალი, ცნობისმოყვარე და გონებაგახსნილი. ამ უნარების არარსებობის გამო, ბევრი ადამიანი ცუდად რეაგირებს კრიტიკულ უკუკავშირზე.
ადამიანებს ჩვევიათ ეგოისტური შეხედულებებით რეალობის დამახინჯება. საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის შექმნით, შეიძლება სხვები შეცდომაში შეიყვანოთ და მათაც ამგვარად იფიქრონ თქვენზე. ობიექტური კრიტიკის მოსმენის თავიდან არიდებით, ხელიდან უშვებთ საკუთარი თავის გაუმჯობესების რეალურ და მნიშვნელოვან შესაძლებლობას.
ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითები შეიძლება ხსნიდეს, თუ რატომ ვარიდებთ თავს უკუკავშირს. ამავდოურლად, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აუცილებლად უნდა გადავლახოთ დაბრკოლებები და გამოვიყენოთ უკუავშირის ბევრი უპირატესობა. კერძოდ:
1. უკუკავშირის მიღება გვეხმარება დავინახოთ, თუ როგორ გვხედავენ სხვები;
პროფესიულ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს სხვა ადამიანების მოსაზრებები თქვენს შესახებ. თქვენ სამსახურში გიყვანენ, სამსახურიდან გათავისუფლებენ და გაწინაურებენ იმის მიხედვით, თუ რას ფიქრობენ თქვენზე. შესაბამისად, ყოველთვის კარგია ვიცოდეთ როგორ გვხედავენ და აღგვიქვამენ სხვები. უკუკავშირი ამ ინფორმაციის მიღებისთვის საუკეთესო საშუალებაა.
2. უკუკავშირის მიღებით თქვენ გამოხატავთ გაუმჯობესების და ცოდნის მიღების სურვილს;
ადამიანებმა, რომლებიც შეცდომით აიგივებენ თვითრეკლამირებას და თავდაჯერებულობას ნიჭთან, შეიძლება ვერ გაიგონ უკუკავშირის მიღების მნიშვნელობა. თუმცა, ჭკვიანი და კომპეტენტური ადამიანები უკუკავშირის მიღების უნარს დაინახავენ როგორც თქვენი ნიჭის და ამბიციის ნიშანს. მამაც ადამიანებს არ ეშინიათ დასვან კითხვები და მოისმინონ საპასუხო გამოხმაურება, მიუხედავად იმისა, რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ეს პასუხი.
3. უკუკავშირის მიღება თავმდაბლობის გამოხატულებაა;
გულწრფელი უკუკავშირის, განსაკუთრებით იმგვარი გამოხმაურების მოსმენა, რომელიც დაგეხმარებათ გაუმჯობესებაში, თქვენი თავმდაბლობის გამოვლინებაა. თქვენ ამით აჩვენებთ, რომ ყველაფერი არ იცით და გამოხატავთ სწავლის სურვილს. ეგოისტი ადამიანები იშვიათად ითხოვენ უკუკავშირს. ისინი მხოლოდ პოზიტიურ უკუკავშირს ეძებენ, რომლიც დაარწმუნებთ საკუთარ უპირატესობებში.
4. უკუკავშირი ზრდის თვითრწმენას;
ადამიანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ აფასებენ და ხედავენ სხვები. თუ თქვენ მზად ხართ მოისმინოთ კრიტიკული შეფასებები და ეს შეფასება მიმართოთ განვითარებისკენ, უკუკავშირი დაგეხმარებათ უფრო მეტად ირწმუნოთ საკუთარი შესაძლებლობების და ფანტაზიის ბუშტში ცხოვრების ნაცვლად, ჩამოიყალიბოთ ჯანსაღი თვითშეფასება.
5. უკუკავშირი გაზიარებული გამოცდილებების მიღების საუკეთესო შესაძლებლობა;
უკუკავშირი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გამოიყენო სხვების მიერ დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა. რაც უფრო მეტად შეგიძლია სხვების გამოცდილებებზე სწავლა და სხვების გამოცდილებების საკუთარ გამოცდილებებად ტრანსფორმაცია, მით უფრო წარმატებული და ჭკვიანი გახდები.