პანდემიის პერიოდში ბევრმა დასაქმებულმა გადაიაზრა პირადი ღირებულებები და კონკრეტულ სამსახურში დარჩენის მიზეზები. ამ პროცესების შედეგად, მილიონობით ადამიანმა შეიცვალა სამსახური. თუმცა, მხოლოდ სამსახურის ცვლილება არ ნიშნავს, რომ ისინი უფრო მეტად ბედნიერები ან კმაყოფილები გახდნენ.
თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ თქვენი სამსახური, გონივრულია, რომ წამოხვიდეთ. თუმცა, რადიკალური გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით რა მოგწონთ თქვენს სამსახურში.
ამ სავარჯიშოს შესასრულებლად, გამიჯნეთ ერთმანეთისგან ბედნიერება და კმაყოფილება და შეუსაბამეთ მათ თქვენს სამსახურთან დაკავშირებული დეტალები. Harvard Business Review გვთავაზობს რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, თუ როგორ განსაზღვროთ მოგწონთ თუ არა არსებული სამსახური და შეესაბამება თუ არა ის თქვენს ღირებულებებს:
1. რა განიჭებთ კმაყოფილების შეგრძნებას - მუშობის პროცესი თუ საბოლოო შედეგი?
ადამიანები ხშირად იყენებენ სიტყვებს მათი ანალიზის გარეშე. ბედნიერება წამიერი შეგრძნებაა და ასახავს სასურველი შედეგის მიღწევით გამოწვეულ პოზიტიურ გრძნობებს. კმაყოფილება, ბედნიერებისგან განსხვავებით, უფრო ხანგრძლივი გრძნობაა. კმაყოფილებას განვიცდით მიღწევების გამო, დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
აღწერილი ემოციები თქვენი სამსახურის ორ კომპონენტთან არის დაკავშირებული. ეს კომპონენტებია ყოველდღიური ვალდებულებები რუტინული სამუშაო და სამუშაოს შედეგი. მუშაობის პროცესი განაპირობებს თქვენს ბედნიერებას, მუშაობის შედეგი კი დაკავშირებულია კმაყოფილების გრძნობასთან.
იქიდან გამომდინარე, რომ ყოველდღიური მუშაობის პროცესი ბედნიერების შეგრძნებას უკავშირდება, ბუნებრივია, ის განაპირობებს თქვენს ყოველდღიურ ინტერესებს. თუ თქვენ მოგწონთ შესასრულებელი დავალებები, თქვენ მოტივირებული ხართ შეიძინოთ მეტი ცოდნა და გამოიმუშავოთ საჭირო უნარები ამ დავალებების უკეთესად შესასრულებლად. თუმცა, თუ თქვენთვის ყოველდღიური დავალებების შესრულება სასიამოვნო არ არის, ეს იწვევს უბედურების განცდას და სამსახურის მიმართ უარყოფით განწყობას.
კვლევებით დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოს შედეგით სიამაყე ადამიანებს აძლევს ხანგრძლივ კმაყოფილების შეგრძნებას. იმ დღეებშიც კი, როდესაც თქვენ არასასიამოვნო დავალებების შესრულება გიწევთ, თქვენ მოტივირებული რჩებით, რადგან იცით, რომ ამ დავალებების შესრულება საბოლოოდ მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.
სამსახურზე ფიქრისას მნიშვნელოვანია შეაფასოთ ორივე კრიტერიუმი ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება.
2. ემთხვევა თუ არა ღირებულებები დამსაქმებელი კომპანიის ღირებულებებს?
ღირებულებები ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია როგორც პირად ურთიერთობებში ასევე, სამსახურშიც. თქვენი სამსახური უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ღირებულებებს. თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სხვების დახმარება, დამსაქმებელი კომპანიის მისია იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. თუ თქვენთვის მთავარია სიამოვნების მიღება - სამსახურში ყოველდღიური ბედნიერების შეგრძნება იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ აფასებთ ძალაუფლებას და წარმატებას - სამსახურში თქვენს კმაყოფილებას განსაზღვრავს პირადი მიღწევები.
შალომ შვარცის ღირებულებათა თეორია განსაზღვრავს 10 ძირითად ადამიანურ ღირებულებას, რაც საერთოა ბევრი განსხვავებული კულტურისთვის. ესენია: საკუთარი თავის მართვა, სიახლეებისკენ სწრაფვა, ჰედონიზმი, წარმატება, ძალაუფლება, უსაფრთხოება, კონფორმიზმი, ტრადიციები, სიკეთე და უნივერსალიზმი. ადამიანების ღირებულებებს დიდწილად განსაზღვრავს კულტურა, სადაც ისინი იზრდებიან, ასევე მათ მიერ მიღებული ინდივიდუალური გადაწყვეტილებები.
ღირებულებები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დააკვირდეთ მათ. მაგალითად, კარიერის საწყის ეტაპზე, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს წარმატების მიღწევა, რის გამო სიამოვნებას იღებდეთ იმგვარი პროექტების შესრულებით რაც თქვენს ინდივიდუალურ უნარებს და შესაძლებლობებს გაუსვამს ხაზს. თუმცა, მოგვიანებით შეიძლება თქვენს კარიერულ გზაზე უფრო მეტად დააფასოთ სიკეთე და კმაყოფილებას იღებდეთ სამსახურის იმ ნაწილისგან, რომელიც სხვების დახმარების შესაძლებლობას გაძლევთ.
3. რა გჭირდებათ იმისთვის, რომ თავი წარმატებულ ადამიანად მიიჩნიოთ?
თქვენი სამსახურის და პირადი ღირებულებების შესაბამისობას განსაზღვრავს არა კონკრეტული დავალებები, არამედ თქვენი მუშაობის საბოლოო შედეგი, რასაც შეიძლება სამყაროში თქვენს დატოვებულ კვალად, მემკვიდრეობადაც კი შეფასდეს. გაეცით პასუხი კითხვებს, როგორი გინდათ რომ იყოს თქვენი სამსახური? როგორ გგონიათ, თქვენი ახლანდელი კარიერა მიგიყვანთ თქვენთვის სასურველ შედეგამდე? ეს შედეგები შეესაბამება თქვენს ღირებულებებს?
ღირებულებების, სამუშაოს და თქვენი მუშაობის შედეგების შეფასება გამოიყენეთ თქვენი მიმდინარე სამსახურის გასაანალიზებლად. თუ თვლით, რომ თქვენი ახლანდელი სამსახური და კარიერის მიმართულება მომავალშიც მოგცემთ ღირებულებებთან თანხვედრის შეგრძნებას, განაგრძეთ კარიერული წინსვლა ამ გზით. თუმცა, თუ გრძნობთ, რომ არსებითად ეწინააღმდეგება თქვენი დამსაქმებელი კომპანიის კულტურა და თქვენი ღირებულებები ერთმანეთს, შეგიძლიათ ალტერნატივაზე იფიქროთ.
წყარო: What Do You Like About Your Job? (hbr.org)