ე.წ. „ჩუმი შვებულების“ დროს, დასაქმებულები ისვენებენ მენეჯერთან შეთანხმების გარეშე. ასეთ დროს დასაქმებულები მიდიან სამოგზაუროდ ან უბრალოდ ისვენებენ და ქმნიან ონლაინ ყოფნის და მუშაობის ილუზიას. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება კარგი გამოსავალი იყოს მაშინ, თუ ადამიანს დასვენება სჭირდება, თუმცა არ აქვს სამსახურისგან სრულად მოწყვეტის შესაძლებლობა ერთი ან ორი კვირით. თუმცა, ამ ახალი ტრენდის დეტალური შესწავლა კომპანიის კულტურაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს ავლენს.
„ჩუმი“ შვებულების დროს, დასაქმებული საკუთარ ხელში იღებს სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებას, ისვენებს და არ ატყობინებს ამის შესახებ კომპანიას.
დასტრესილი დასაქმებულებისთვის ასეთი შესვენების შესაძლებლობა შეიძლება შვება იყოს, თუმცა მას არ ექნება სასურველი შედეგები. ესეთი დასვენება პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტაა. სამსახურისგან სრულად მოწყვეტის შესაძლებლობის გარეშე, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის რეალური ბარიერების დაწესების გარეშე, დასაქმებულები უფრო მეტად გადაიწვებიან, რაც ნეგატიურად აისახება მათ პროდუქტიულობაზე.
კვლევებით დასტურდება, რომ დასაქმებულების 71% თვლის, რომ გადაწვა გავლენას ახდეს მათ მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხზე, ენთუზიაზმზე და პროდუქტიულობაზე. ყველაზე ეფექტური სტრატეგია გადაწვის შესამცირებლად სამსახურისგან დასვენებაა.
„ჩუმი“ შვებულების გამოყენებას მუდმივად სდევს თან სტრესი და ღელვა, რომ თქვენი დასვენების შესახებ დამსაქმებელი გაიგებს. სოციალურ მედიაში განთავსებულ ერთ ფოტოსაც კი შეუძლია გამოიწვიოს ეჭვები თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. პირველ რიგში, ეიჩარის და მენეჯერების ვალდებულებაა წაახალისონ პირადი ცხოვრების და სამსახურის დაბალანსება და მისცენ გუნდის წევრებს სამსახურისგან დასვენების შესაძლებლობა.
რა უნდა გააკეთოს დამსაქმებელმა იმისთვის, რომ შეამციროს გადაწვის დონე და დასაქმებულებს არ გაუჩნდეთ შვებულების დამალვის სურვილი? სამწუხაროდ, არ არსებობს ერთი უნივერსალური გამოსავალი.
ამ ტრენდს უარყოფითი შედეგები მოაქვს დამსაქმებლებისთვისაც. ყველაფრის გამომწვევი მიზეზი კი სამსახურში არსებული ტოქსიკური კულტურაა. თუ სამსახურში რაიმეს დამალვა გიწევთ, ეს ერთ-ერთი პირველი ნიშანია იმისა, რომ კულტურა იდეალური არ არის. დასაქმებულს არ უნდა უწევდეს მენეჯერის მოტყუება შვებულების შესახებ, მაშინ როდესაც მაქვს აქვს შვებულების აღების სამართლებრივი უფლება.
კვლევებით დადასტურებულია, რომ დასაქმებულები მეტად პროდუქტიულები ბრუნდებიან სამსახურში, თუ სრულად იზოლირებულები არიან სამსახურის საქმეებისგან დასვენების დროს.
„ჩუმი“ შვებულების არსებობა კომპანიაში ნდობის ნაკლებობის მაჩვენებელიც არის. პრობლემების მოგვარების დროებით და არაეფექტური ხერხების გამოყენების ნაცვლად, მაგალითად როგორიც შეიძლება იყოს ასეთი თანამშრომლის დასჯა, მენეჯერბმა ყურადღება პრობლემების გამომწვევ მიზეზებს უნდა მიაქციონ. კომპანიამ უნდა გადახედოს მის პოლიტიკებს, ჩაუტაროს დამატებითი ტრენინგები მენეჯერებს, მოუწოდოს თანამშრომლებს გამოიყენონ საკუთარი შვებულებები მიზნის შესაბამისად და დაიცვან პირადი ცხოვრების ბალანსი.
„ჩუმი“ შვებულების მსგავსი ტრენდები გვახსენებს რამდენად მნიშვნელოვანია მეტი ვისაუბროთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, მოქნილობაზე, შვებულებებზე.
ამ ტრენდის შესაჩერებლად Forbes გვთავაზობს რამდენიმე სტრატეგიას:
- კომპანიამ მოუწოდოს მენეჯერებს და დასაქმებულებს სრულად გამოიყენონ მათი შვებულების დღეები;
- ხშირად შეახსენეთ დასაქმებულებს შვებულების და სამსახურისგან სრულად მოწყვეტის ბენეფიტები;
- მხარი დაუჭირეთ სამსახურის და პირადი ცხოვრების პოზიტიურ ბალანსს.
აუცილებელია ლიდერებმა თავად მისცენ დასაქმებულებს მაგალითი. იმ ადამიანების დაჯილდოვების ნაცვლად, რომლებიც მუშაობენ ზეგანაკვეთურად და არასდროს იყენებენ შვებულებას, მენეჯერებმა საკუთარი მაგალითი უნდა აჩვენონ გუნდის წევრებს, მათ უნდა გამოიყენონ საკუთარი შვებულების დღეები და უზრუნველყონ, რომ ასე იქცევიან მის გუნდშიც.
როგორც თითქმის ყველა პრობლემა, რომელიც სამუშაო ადგილს უკავშირდება, გამომდინარეობს კომპანიის კულტურიდან და მისი მოგვარების გზებიც სათავეშივე უნდა ვეძებოთ. შექმენით კომპანაიში კულტურა, რომელიც უსაფრთხო იქნება ყველა დასაქმებულისთვის, სადაც თანამშრომლებს ეცოდინებათ, რომ შეუძლიათ შვებულების სასურველ დროს აღება - ეს დაგეხმარებათ ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, სადაც არავის დასჭირდება მოიტყუოს დასვენების სანაცვლოდ.