თურმე, სოციალურ დისტანცირებას კოლეგების მონატრებაც ახასიათებს. თუ სახლიდან მუშაობთ, თქვენი გუნდის წევრები და „სამსახურის მეგობრები“ მოგენატრათ, დროა ვირტუალური „ყავის შესვენება“ ან „კოქტეილ ფართი“ შესთავაზოთ მათ.
რა თქმა უნდა ვირტუალური და რეალური შეხვედრის ემოცია განსხვავებულია, მაგრამ პოზიტიური ფსიქოლოგიის ექსპერტებმა უკვე დაადასტურეს, რომ ონლაინ შეკრების ხალისიანი განწყობა არაფრით ჩამოუვარდება მეგობრებთან რეალურ სივრცეში შეხვედრას.
ცხადია, გამოჩნდა წესებიც და გაგიზიარებთ, როგორ უნდა „შევიკრიბოთ“ მეგობრები ონლაინ:
1. ვიდეო ჩატის ყველასთვის ხელმისაწდომი და მარტივი პლატფორმის შერჩევა
დღეს პოპულარულია Zoom, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ისარგებლოს პლატფორმით უფასოდ, 40 წუთინს განმავლობაში. ვინაიდან მეგობრებთან „შეხვედრას“ ვფიქრობთ, სხვა პლატფორმების მოსინჯვა შესაძლებელია, მაგალითად: Google Hangouts, Facebook მესიჯნერი, skype და Viber. აქვე, Facebook მესინჯერისა და Viber ონლაინ ჩათში სხვადასხვა ემოჯის მორგება და გართობაც შესაძალებელია.
2. შეხვედრის დროის დანიშვნა და ხანგრძლივობის შეთანხმება
ამბონენ, კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან მეგობრებთან „შეხვედრა“ ცოტა დამღლელია, რადგან ყურადღების მაქსიმალურად მობილიზება და გადანაწილება უწევს მონაწილეს, დაინახოს და მოისმინოს ვირტუალური შეხვედრის მონაწილები. ამიტომ, ასეთი შეხვედრის მაქსიმალურ ხანგრძლივობად რეკომენდირებულია 1 საათი. გარდა იმისა, რომ ვირტუალური შეხვედრა მალე დამღლელია, 1 საათიანი ხანგრძლივობის მიზეზი ისიცაა, რომ მონაწილეების ყურადღება ნელნელა დაიკლებს, რადგან შეიძლება მიიღონ მესიჯი, შეტყობინება რომელიმე ქსელში, მეილი და სხვ. მოკლედ, ერთი საათის შემდეგ დისტრაქტორების მოგერიება გართულდება.
3. შეხვედრაზე სასმელის მიტანის მოთხოვნა
მეგობრებთან ერთად ჩაის, ყავის ან ალკოჰოლური სასმელის დალევა - ყველაზე სასიამოვნო პროცესია. თუ გავიხსენებთ, ხშირად ყავის ან ჩაის დასალევად ვეპატიჟებით მეგობრებს ან კოლეგებს. ამიტომ, კოლეგებთნ ვირტუალური შეხვედრაც, სასურველია, სასმელთან ერთად წარიმართოს.
4. საუბრის თემის შერჩევა და დაგეგმვა
ცხადია, რეალურ სივრცეში კოლეგებთან ერთად შესვენები, ან happy hour ის თემები არ იგეგმება, მაგრამ ვირტუალურ შეხვედრებს ეს აუცილებლად სჭირდება. ამას გარდა,„ყინულის გადნობა“ვირტუალურ შეხვედრას აუცილებლად სჭირდება. ეს პასუხისმგებლობა კი შეხვედრის ინიციატორმა უნდა აიღოს, რომლის დროსაც ინიციატორი გაუზიარებს სიახლეებს (პოზიტიურს, საქმესთან დაკავშირებულს, სახალისო ამბებიც ძალიან რეკომენდირებულია), მოიკითხავს კოლეგებს, თუ როგორ გრძნობენ თავს და სხვ. გვირჩევენ, რომ „ყინულის გადნობის“ მეთოდები ინიციატორმა შეარჩიოს და გამოიყენოს ვირტუალური „ყავის შესვენების“ ან happy hour -ის მონაწილეების მიხედვით.
5. საჭიროებისამებრ საუბრის გაძღოლა
შესაძლებელია, ვირტუალური შესვენების ან happy hour ის დროს, თავი იჩინოს პესიმიზმმა- ვირტუალური შეხვედრის მიზეზი აუცილებლად შეახსენებს მონაწილეებს თავს, და თანაც, სევდიანად. რაკი შეხვედრის თემა შერჩეულია, პესიმისტური განწყობის „განდევნა“ ინიციატორმა სწრაფად უნდა მოახერხოს, თავაზიანად შეაწყვეტინოს მოსაუბრეს პესიმისტური მესიჯი და „შეხვედრის“ ძირითად თემაზე გადაიტანოს კითხვებიც და ინფორამციის გაზიარებაც.
ამას გარდა, ვირტუალური შესვენების აუცილებელი პირობა ცხელი ან ალკოჰოლიანი სასმელია, ამიტომ, „მოდი, ცოტა მოვწრუპოთ“ -მშვენიერი გამოსავალია პესიმიზმის გასანეიტრალებლად.
აღმოჩნდა, ვირტუალური „შესვენების“ მოწყობასაც თავისი წესები ჰქონია. თუმცა, წესების ან წესების გარეშე, კოლეგებთნ შესვენება აუცილებელია პოზიტიური განწყობის, ცოდნის გაზიარებისა და კოლეგებს შორის მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნების მიზნით. ვინაიდან ტექნოლოგიებით დღეს ყველაფერი შესაძლებელია, ვირტუალური შესვენებით დატკბობაც უნდა ვცადოთ.