კალიფორნია შეიძლება გახდეს შტატი, რომელიც აკრძალავს 24 საათის განმავლობაში სამსახურებრივი მეილების გაგზავნას. ეს ცვლილება დასაქმებულებს მისცემს უფლებას ყურადღება არ მიაქციონ სამსახურებრივ შეტყობინებებს სამუშაო საათების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კალიფორნია ამ კანონის მიღებას მოახერხებს, ის შეუერთდება საფრანგეთს, ავსტრალიას, კანადას, იტალიას, ბელგიას და ფილიპინებს. ბევრი ლიდერი ვერ ახერხებს დასაქმებულების ინტერესების დაცვას, ამგვარ შემთხვევებში ირთვება საკანონმდებლო რეგულაციები.
სტატიაში გიზიარებთ სამ გამაფრთხილებელ ნიშანს, რასაც თავი უნდა აარიდოთ მათი პირველივე გამოვლენის შემთხვევაში:
1. არარეალისტური მოლოდინების შექმნა;
ბევრი ლიდერი ზედმეტად ამბიციურ გეგმებს უსახავს საკუთარ გუნდს. სამწუხაროდ, კვლევებით დადასტურებულია, რომ არარეალისტური გეგმების დასახვა ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თანამედროვე კორპორატიულ სამყაროში. მისი შედეგი თანამშრომლების შემცირებული ჩართულობა და მოტივაციაა. თუ თქვენი გუნდის წევრები ვერ ასრულებენ დასახულ მიზნებს, შეხვდით მათ და ერთად შეიმუშავეთ რეალისტური გეგმები და ვადები.
სამომავლო გეგმების დასახვისას, გაითვალისწინეთ მიმდინარე მიღწევები. მაგალითად, თუ გუნდმა მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დახურა, შეიძლება ის მზად იყოს ახალი და რთული გამოწვევებისთვის. თუმცა, თუ ამგვარ წარმატებას ვერ მიაღწია, შეიძლება მას არ აქვს საკმარისი გამოცდილება, დრო, რესურსები და თავდაჯერებულობა უფრო რთული დავალებების შესასრულებლად.
2. მუდმივად მუშაობა და სხვებისგანაც იმავეს მოთხოვნა;
მუდმივად მუშაობა კორპორატიული სამყაროს პრობლემა პანდემიამდეც იყო. სამწუხაროდ, ეს კულტურა გაუარესდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ბევრ კომპანიას არ აქვს დასაქმებულებთან სამუშაო საათების შემდეგ კონტაქტის პოლიტიკა. თუ თქვენ მუდმივად მუშაობთ და „ხაზზე ხართ“, მათ ექმნებათ მოლოდინი, რომ ანალოგიურად უნდა მოიქცნენ. ამის შედეგად ქვეითდება დასაქმებულების პროდუქტიულობა და კრეატიულობა.
ლიდერებმა თავად უნდა აჩვენონ გუნდის წევრებს მაგალითი, რომ ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის. მაგალითის მიცემა იწყება შვებულების დღეების გამოყენებით, სადღესასწაულო დღეებში დასვენებით, დასაქმებულებისთვის იმის შეტყობინებით, რომ ამ კონკრეტულ თარიღებში თქვენ არ იქნებით ხელმისაწვდომი. თუ თქვენი გუნდის წევრები დაინახავენ, რომ თქვენ პატივს სცემთ საკუთარ პირად დროს, მათ ეცოდინებათ, რომ თქვენ პატივისცემით მოეპყრობით მათ დროსაც.
გადაუდებელი შემთხვევების გარდა, არ დაეკონტაქტოთ გუნდის წევრებს სამსახურის საქმეზე. თუ აუცილებელია, მიუთითეთ, რატომ უკავშირდებთ გვიან და რომ პასუხი დაუყოვნებლივ გჭირდებათ. არ მოსთხოვოთ დასაქმებულებს საკუთარ პირად ტელეფონში ჰქონდეთ გახსნილი სამსახურებრივი ელ ფოსტა, წაახალისეთ, რომ სამუშაო საათების შემდეგ დრო დაუთმონ დასვენებას და საკუთარ ცხოვრებას. დასვენება წარმატებული კარიერის განუყოფელი ნაწილია.
3. მუდმივად დაკავებულობა;
დასაქმებულები თავს არაკომფორტულად გრძნობენ, როდესაც მათი მენეჯერი ხელმისაწვდომი არ არის. ისინი კარგავენ საერთო გუნდუროობის შეგრძნებას, მათი ყოველდღიური დავალებები უფრო და უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანი ხდება. მენეჯერის მხრიდან უყურადღებობა შეიძლება აღქმული იქნეს, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა და დასაქმებულები ნაკლებად ჩართულები გახდნენ ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში.
ლიდერის ჩართულობა და ხელმისაწვდომობა კომპანიის კულტურისთვის აუცილებელია. ამისთვის ბევრი სტრატეგია არსებობს, მაგალითად, კარის ღიად დატოვება, როდესაც აქტიური სამუშაო დრო არ არის, ონლაინ მუშაობისას „აქტიური სამუშაო საათების“ განსაზღვრა და კალენდრის გუნდის წევრებთან გაზიარება. ეს პატარა ნაბიჯები დასაქმებულებს აგრძნობინებს, რომ მენეჯერი ხელმისაწვდომია მაშინ, როდესაც მისი ჩართულობა დასჭირდებათ.
წყარო - https://www.fastcompany.com/91110673/3-red-flags-youre-failing-as-a-leader