ინდუსტრიები და შრომითი ბაზარი ყოველწლიურად ვითარდება. განვითარებაზე გავლენას ბევრი ფაქტორი ახდენს - ტექნოლოგიები, სხვადასხვა ტრენდები, უნარებზე მოთხოვნების ცვლილება. ამ ასპექტების გათვალისწინებით უნდა იცვლებოდეს სამსახურის მაძიებლების პრიორიტეტები და სტრატეგიები. Forbes გვიზიარებს 5 სტრატეგიას სამსახურის ეფექტურად ძიებისთვის:
1. ელექტრონული ნაკვალევი;
ელექტრონულ ნაკვალევში იგულისხმება ყველაფერი სადაც ინტერნეტ სივრცეში განათავსებთ, იქნება ეს რეზიუმე, ლინკდინის პროფილი თუ სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე რეგისტრირებული პროფილი. ეს ყველაფერი პირადი ბრენდის განუყოფელი ნაწილია.
StandOut CV-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, დამსაქმებლების 90% სოციალურ მედიას იყენებს რეკრუტმენტის პროცესის ნაწილად. ფოტოების ან პოსტების საჯაროდ განთავსებამდე, დაფიქრდით, რამდენად გსურთ ეს ინფორმაცია მეგობრების გარდა სხვებმაც წაიკითონ ან ნახონ.
2. LinkedIn-ის პროფილი;
LinkedIn-ის პროფილი სამსახურის ძიების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა. რეკრუტერების დაახლოებით 90% შერჩევისთვის LinkedIn-ს იყენებს, ამ პლატფორმაზე ხდება ჰედჰანთინგი, რეკომენდაციების გაწევა და ა.შ. შესაბამისად, თქვენი პროფილი სრულად უნდა ასახავდეს ინფორმაცია განათლების და სამუშაო გამოცდილების შესახებ. ატვირთეთ პროფესიული ფოტო, შესაბამისი ბანერი, მოკლედ აღწერეთ საკუთარი კარიერა და მიუთითეთ ინფორმაცია კარიერული მიღწევების და ჯილდოების შესახებ. გამოიყენეთ ძებნისას ყველაზე ხშირად მითითებული სიტყვები, იმისთვის, რომ თქვენი პროფილი ბევრი დამსაქმებლის ძებნის არეალში მოხვდეს.
3. ნიშური პლატფორმები;
ყველა იყენებს Indeed.com, ZipRecruiter, Monster, LinkedIn-ს ვაკანსიების პორტალს, თუმცა ბევრმა დასაქმებულმა არ იცის სხვა ნიშური პლატფორმების არსებობის შესახებ, მაგალითად, როგორიცაა - Behance, Dice, Creatively.
მოიძიეთ ინდუსტრიის შესაბამისი პლატფორმები, სადაც განთავსებულ ვაკანსიებსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.
4. ინფორმაციის მოძიება და მისადაგება;
მოიძიეთ ინფორმაცია სასურველი დამსაქმებლის და პოზიციის შესახებ. თქვენი რეზიუმე, სამოტივაციო წერილი და გასაუბრების პასუხები მოამზადეთ მოძიებული ინფორმაციის შესაბამისად, გამოხატეთ თქვენი გულწრფელი დაინტერესება კომპანიის და ვაკანსიის მიმართ. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა ღირებულებები აქვს კომპანიას, როგორია ყოფილი და არსებული თანამშრომლების უკუკავშირი და მათი კმაყოფილების დონე. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ შეესაბამება თუ არა კომპანია თქვენს ღირებულებებს.
5. მომზადება;
მოემზადეთ სასურველ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად, გაიუმჯობესეთ საჭირო უნარები, გააირეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, თუ ეს საჭიროა. თუ თქვენი სასურველი სამსახური დისტანციურად მუშაობას გულისხმობს, მოამზადეთ სამუშაო სივრცე სახლში.
სამსახურის ძიების არც ერთ ეტაპზე არ დაივიწყოთ, რომ მთავარი მოთმინებაა. სამსახურის ძიება შეიძლება ხანგრძლივი და დამღლელი იყოს. ამ პერიოდის განმავლობაში დააკვირდით შედეგებს, შეცვალეთ და გააუმჯობესეთ სტრატეგიები.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2024/08/29/how-to-job-search-in-2024/