შვებულებიდან სამსახურში დაბრუნების შემდეგ ხშირად, დასაქმებულები უფრო მძაფრად განიცდიან სტრესს და გადაღლას. სამსახურში აუცილებლად ხვდებათ ბევრი შეტყობინება, შეხვედრები, ძველი და ახალი კლიენტები, დანაშაულის შეგრძნება, რომ გუნდის წევრები წუხდებოდნენ მათ ნაცვლად დავალებების შესრულებით. ამ გრძნობებთან თავის გასამკლავებლად ბევრი ადამიანი გადაჭარბებულად მუშობას იწყებს.
თუმცა, არსებობს შვებულების შემდგომ სტრესთან გამკლავების უფრო ჯანსაღი, დაბალანსებული მიდგომა, რაც დაგეხმარებათ დროულად დაუბრუნდეთ სამსახურის რუტინას იმგვარად, რომ არ დაკარგოთ შვებულების დროს აღდგენილი ძალები.
- დასვენება აუცილებელია;
პირველ რიგში უნდა ვახსენოთ, რომ პერიოდულად შესვენების აღება აუცილებელია იმისთვის, რომ განთავისუფლდეთ სამსახურში დაგროვილი სტრესისგან და აღიდგინოთ ძალები. სპორტული ათლეტების მსგავსად, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება დასვენების პერიოდი იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ტრავმა, განაახლოს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა.
Harvard Business Review-ის მიერ გაზიარებული კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც არ იყენებენ დასვენების შესაძლებლობას, უფრო მეტად იღლებიან, აქვთ დაბალი მოტივაცია, ცუდად მუშაობენ და მეტად იტანჯებიან სამსახურისგან გადაწვით. ხოლო ისინი, ვინც პერიოდულად ისვენებენ სამსახურისგან, უკეთ ძინავთ, უფრო კმაყოფილები არიან სამსახურით, მეტად არიან ჩართულნი სამუშაოს შესრულების პროცესში.
ადამიანების სხეული და ტვინი არ არის მოწყობილი იმგვარად, რომ გაუძლოს მუდმივ სტრესს. უამრავი კვლევა არსებობს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სამსახურისგან დისტანცირება არა მხოლოდ ამცირებს სტრესის დონეს, არამედ ზრდის პროდუქტიულობას და კრეატიულობას. სამუშაო დღეს მოწყობილ პატარა დასვენებებსაც კი შეუძლია სტრესის ჯაჭვის გაწყვეტა.
მიუხედავად შვებულების აღების ცხადი ბენეფიტებისა, ამერიკელი დასაქმებულების თითქმის ნახევარი, არ იყენებს ანაზღაურებადი შვებულების ყველა დღეს. ამის მთავარ მიზეზად ისინი ჩამორჩენის შიშს ასახელებენ. ასევე, იმის შიშს, რომ სამსახურისგან დისტანცირებულად გატარებული დღეები შეამცირებს მათი კარიერული წინსვლის შესაძლებლობას და გაზრდის სამსახურის დაკარგვის ალბათობას.
- გადაჭარბებულად მუშაობის სურვილთან გამკლავება შვებულების შემდეგ;
შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ დიდია ორმაგად მუშაობის ცდუნება იმისთვის, რომ აღადგინოთ „დაკარგული“ დრო. გარდა ამისა, გადაჭარბებულად მუშაობის მიზეზი შეიძლება იყოს კეთილშობილური სურვილი, რომ თქვენი გუნდის წევრებს შეუმსუბუქოთ სამუშაო, რადგან თქვენს არყოფნაში თქვენს დავალებებს ასრულებდნენ, ან სურვილი აჩვენოთ დამსაქმებელს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში იყავით, თქვენი მოტივაცია კვლავ მაღალია და კომპანიისთვის ღირებულ საქმეს აკეთებთ.
არ აქვს მნიშვნელობა რა მოტივები დგას გადაჭარბებული მუშაობის უკან, ნებისმიერ შემთხვევაში, უარყოფითი შედეგები ბუმერანგის მსგავსად უკან დაგიბრუნდებათ, უფრო მეტად გაიზრდება სტრესი და გადაღლა. Harvard Business Review გვიზიარებს რამდენიმე სტრატეგიას, თუ როგორ შეიძლება გადაჭარბებულად მუშაობის სურვილთან გამკლავება დანაშაულის გრძნობის გარეშე:
- გადაერთეთ სამუშაოს შესრულების შედეგებზე;
სამუშაოს კარგად შესრულება და ძალების აღდგენა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არ არსებობს. თანამედროვე კორპორატიულ სამყაროში შეიძლება შედეგებს უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ძალების აღდგენას. შვებულება არ უნდა აღიქვათ, როგორც უკანასკნელი საშუალება დასვენებისთვის მას შემდეგ რაც ძალები სრულად ამოგეწურებათ და არაპროდუქტიული გახდებით, ან როგორც რაიმე ჯილდო, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიიღებთ, როდესაც სამსახურში არსებულ ყველა საქმეს წარმატებით გაართმევთ თავს. მაგალითი შეგიძლიათ სპორტსმენებისგან აიღოთ, მათ რუტინაში მუდმივად არის გათვალისწინებული დასვენების პერიოდი, იმისთვის რომ ძალები აღიდგინონ და მოახერხონ მაღალი დონის ტურნირებზე წარმატებით გამოსვლა. შვებულების პოზიტიური შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც დასაქმებული რეგულარულად ისვენებს.
- შეამცირეთ ე.წ. „დაბრუნების შოკი“;
„დაბრუნების შოკში“ იგულისხმება ემოციური მდგომარეობა, რომელსაც ადამიანი განიცდის მშვიდი და წყნარი გარემოდან სამსახურის დინამიურ გარემოში დაბრუნებისას. შეეცადეთ შექმნათ გარდამავალი დღეები. მაგალითად, ერთი თავისუფალი დღე შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებამდე, როდესაც შეგიძლიათ მენტალურად და ფიზიკურად მოემზადოთ სამსახურისთვის. დაბრუნების შემდეგ სამსახურის კალენდარი არ გადატვირთოთ, მაგალითად, შეხვედრები დანიშნეთ სამსახურში დაბრუნებიდან 2 დღის შემდეგ.
- დასვენება გახადეთ თქვენი რუტინის ჩვეულებრივი ნაწილი;
დასვენების დროს ყველაზე კარგად როდის გრძნობდით თავს? ვარჯიშის დროს? საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებისას? ამგვარი აქტივობები გახადეთ თქვენი ყოველკვირეული რუტინის ნაწილი.
- გადახედეთ და შეინარჩუნეთ თქვენი პირადი საზღვრები სამსახურში;
შვებულებიდან დაბრუნება საუკეთესო დროა გადახედოთ და განაახლოთ პირადი საზღვრები სამსახურში. თანამშრომლებს შეატყობინეთ როდის იქნებით ხელმისაწვდომი და როდის არა, თუ დაგროვებული საქმეები ცდება თქვენზე დაკისრებულ ვალდებულებებს, გაესაუბრეთ მენეჯერს და მოახდინეთ საქმეების დელეგირება სხვებზე.
- დატოვეთ ტოქსიკური სამუშაო გარემო, სადაც არ არის მიღებული შვებულების აღება, ან დასაქმებულებს აჯილდოვებენ მხოლოდ გადაჭარბებით მუშაობისა და თავგანწირვისთვის;
თუ დაუყოვნებლივ წამოსვლა არ შეგიძლიათ, დაგეგმეთ სამსახურიდან წამოსვლისთვის საჭირო ნაბიჯები.
შემდეგში, შვებულებაში გასვლამდე, დაიწყეთ საკუთარი საქმის სამომავლოდ გამარტივება. შვებულებამდე კვირით ადრე განსაზღვრეთ თანამშრომელი, რომელიც თქვენს არყოფნაში შეითავსებს თქვენს საქმეს და ჩართეთ ისინი ყოველდღიურ კომუნიკაციაში. მკაფიოდ განუსაზღვრეთ დამსაქმებელს როდის შეგეძლებათ კონტაქტზე ყოფნა. სამსახურში დაბრუნების რუტინა დაგეგმეთ წინასწარ.
წყარო - Stop Overworking After Vacation (hbr.org)