ლიდერულ პოზიციაზე დასაქმება კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯია. თუ სწორ გარემოში აღმოჩნდებით, ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება დააჩქაროს თქვენი კარიერული წინსვლა, ან პირიქით, უკან დაგხიოთ.
იმისთვის, რომ შეაფასოთ, რამდენად შეესაბამება კომპანიის მოლოდინები და თქვენი შესაძლებელობები ერთმანეთს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე განსაზღვროთ როგორია თქვენი და კომპანიისთვის მისაღები ლიდერობის სტილი.
შეგვიძლია გამოვყოთ ლიდერობის 4 მთავარი სტილი:
პრაგმატისტი - მიზანზე ორიენტირებული ლიდერები, რომლებიც საკუთარი თავისგან და გუნდისგან ითხოვენ საუკეთესო შედეგებს და მუდმივად მაღალ დონეზე მუშაობას. ისინი ქმნიან ამბიციურ გარემოს, სადაც პრიორიტეტულია შედეგები და მიღებული ჯილდოები. პრაგმატისტები კარგად ერგებიან კომპანიას, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მუდმივი ზრდა და ამბიციური მიზნების მიღწევა.
თუ ეს ლიდერი სწორად არ მართავს საკუთარ გუნდს, შეიძლება მიდი გუნდის წევრები გადაიტვირთონ და გადაიწვან.
იდეალისტი - კრეატიული ლიდერები არიან, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ შემოქმედებით აზროვნებაზე, ზრდაზე და გუნდის ხანგრძლივ განვითარებაზე. მათთვის მნიშვნელოვანია მუდმივი სწავლა და ინოვაციები, დასაქმებულების ჩართულობა და ცნობისმოყვარეობის წახალისება. იდეალისტი ლიდერი ცდილობს გუნდში შექმნას პოზიტიური და ინკლუზიური სამუშაო გარემო.
იდეალისტ ლიდერს შეიძლება ჰქონდეს სწორი საზღვრების დაწესების და მკაცრი უკუკავშირის გაცემის პრობლემა.
სტიუარდი - აფასებენ სტაბილურობას, სტრუქტურას და თანმიმდევრულობას. ისინი თავს კარგად გრძნობენ კომპანიაში, სადაც მნიშვნელოვანია სიზუსტე და დავალების უნაკლო შესრულება. მაგალითად, მკაცრად რეგულირებული ინდუსტრიები. სტიუარდი ლიდერები დეტალებზე ორიენტირებულები არიან, გუნდში შემოაქვთ წესრიგი და მოწერიგებულობა.
სტიუარდ ლიდერს შეიძლება გაუჭირდეს ცვლილებების მიღება და მოულოდნელ გამოწვევებთან გამკლავება.
დიპლომატი - მათთვის მთავარია ურთიერთობები და გუნდური მუშაობა. ისინი აყალიბებენ გუნდს, აერთიანებენ დასაქმებულებს განსაკუთრებით ცვლილებების ან კონფლიქტების დროს. დიპლომატი ლიდერები კარგად გრძნობენ თავს იმ გარემოში, სადაც წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობების ჩამოყალიბება.
დიპლომატ ლიდერს შეიძლება გაუჭირდეს დავალებების დედლაინებში შესრულება და დასაქმებულების კომფორტის ზონიდან გამოყვანა შედეგების მისაღწევად.
კომპანიაში არსებული ლიდერობის სტილის ანალიზით განსაზღვრავთ შეგიძლიათ თუ არა ამ კომპანიაში წარმატების მიღწევა. მაგალითად, თუ გასაუბრებაზე ხართ ამბიციურ, სრდაზე ორიენტირებულ სტარტაპში, მათთვის შესაბამისი სტილი შეიძლება იყოს პრაგმატისტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია შედეგები და რისკიანი გადაწყვეტილებები.
მომავალ დამსაქმებელს დაუსვით შემდეგი კითხვა - შეგიძლიათ დამიხასიათოთ ლიდერი, რომელიც სრულად ასახავს კომპანიის ღირებულებებს და მიზნებს? რა უნდა გააკეთოს ლიდერმა იმისთვის, რომ თავი გამოიჩინოს?
ამ კითხვაზე პასუხი გამოავლენს კომპანიაში დომინანტურ ლიდერულ სტილს და მათ ღირებულებებს.
კანდიდატის უნარები მნიშვნელოვანია, თუმცა სწორი დამოკიდებულების გარეშე კომპანიის კულტურასთან ადაპტირება შეიძლება რთული იყოს. თუ კომპანიის კულტურა რისკიანია და სწრაფი განვითარებისკენ მიმართული, მათ სჭირდებათ ლიდერები, რომლებიც მარტივად იღებენ და ერგებიან სიახლეებს. თუმცა, თუ კომპანიის სტრატეგიაა სტაბილურობა და ფრთხილი ზრდა, ის აირჩევს ლიდერს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და სტრუტურა.
მომავალ დამსაქმებელს დაუსვით შემდეგი კითხვა - გაიხსენეთ ლიდერი, რომელიც ვერ შეწყო კომპანიას, ვერ მოახერხა წარმატების მიღწევა. რომელმა მიდგომებმა, დამოკიდებულებებმა, ქცევამ განაპირობა მისი წარუმატებლობა?
კითხვაზე გაცემული პასუხი მოგცემთ ინფორმაციას კომპანიაში არსებული გარემოს შესახებ. მაგალითად, თუ ლიდერმა წარმატებას ვერ მიაღწია, იმიტომ, რომ სურდა სწრაფი ცვლილებების დაგეგმვა, ე.ი. კომპანიაში პრიორიტეტულია სტაბილურობა და არა ინოვაციურობის სწრაფი შემოღება.
ზემოთ მოცემული კითხვები გასაუბრების ეტაპზევე დასვით იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ შემდგომი იმედგაცრუება. გადაწყვეტილების მიღებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ღირებულებები, ლიდერული სტილი და კომპანიის დამოკიდებულება სრულად შეესაბამება ერთმანეთს.
წყარო - https://www.forbes.com/sites/markmurphy/2024/10/31/dont-take-a-management-job-without-asking-these-2-questions/