დისტანციურმა მუშაობამ ახალი ფენომენი შექმნა, რომელსაცშეგვიძლია Zoom გადაღლა ან ეკრანის დაღლილობა ვუწოდოთ. Superhuman-ის კვლევების მიხედვით, ხშირად Email გადაღლა დისტანციური მუშაობის მიმართ უკმაყოფილების მიზეზი ხდება. კვლევის ფარგლებში, გამოკითხულთა ერთ მესამედზე მეტი ამბობს, რომ დაუსრულებელი Email-ები და მესინჯერის ჩატები, შესაძლოა, მომავალში მათი სამსახურიდან წასვლის მიზეზი გახდეს. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანების 50% საკუთარ ფულს პროდუქტიულობის ასამაღლებელ ტრენინგებსა თუ აპლიკაციებში ხარჯავს, ხოლო 17% ასეთ ტრენინგებს მომავალში გეგმავს.
საინტერესოა, სტენფორდის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც პირისპირ შეხვედრების ვირტუალურ სივრცეში გადატანამ დიდი გავლენა მოახდინა დაღლილობის მაჩვენებელზე, ეს კი განსაკუთრებით მაღალია ქალებში. კვლევაში მონაწილე ქალების 13,8 % ამბობს, რომ Zoom შეხვედრების შემდეგ, განსაკუთრებულ დაღლილობას გრძნობს, მაშინ როცა, ეს მაჩვენებელი კაცებში 5,5%-ია. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ქალებში გადაღლის ასეთი მაჩვენებელი გამოწვეულია ფსიქოლოგიური ფენომენით, რომელსაც „საკუთარ თავზე ორიენტირებულ ყურადღებას“ უწოდებენ. აღნიშნული ფენომენი კი გულისხმობს, რომ ქალები ვირტუალური შეხვედრების დროს, მოსაუბრის პარალელურად, დიდ ყურადღებას საკუთარ გამოსახულებას აქცევენ.
ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ახალ კვლევის ფარგლებში, მკვლევარები 5 სამუშაო დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ 55 დისტანციურად მომუშავე ადამიანს. 279 ვიდეო შეხვედრის გაანალიზების შედეგებმა აჩვენა, რომ ვიდეო ზარები უფრო დამღლელია მაშინ, როდესაც მონაწილეები ვერ გრძნობენ გუნდთან კავშირს. ძალიან საინტერესო შედეგები აჩვენა The Journal of Applied Psychology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც, ვიდეო ზარის განმავლობაში მიკროფინის გამორთვა საუბარში ჩართულობის საჭიროების სურვილს ამცირებს და მონაწილეებს დასვენების საშუალებას აძლევს. ეს კი კომფორტული აღმოჩნდა შეხვედრის მონაწილლებისთვის და შესაბამისად, იზრდება გუნდთან კავშირის განცდა და მცირდება გადაღლის მაჩვენებელიც. როგორც მკვლევარები ამბობენ, გუნდთან კავშირის ემოციის მაჩვენებელი ვიდეო ზარებისგან გამოწვეული გადაღლისგან ყველაზე ეფექტური დამცავია.
ენდრიუ ბენეტი, Old Dominion University-ის პროფესორი და ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი ამბობს, რომ მკვლევარები გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც მათ აღმოაჩინეს რომ, ხანგრძლივი ვიდეო შეხვედრები არ ზრდის გადაღლის მაჩვენებელს. მკვლევარები ელოდნენ რომ, ეკრანზე ყველა მონაწილის და საკუთარი თავის ახლო გამოსახულების ხანგრძლივად ცქერა გაზრდიდა გადაღლის მაჩვენებელს. თუმცა, აღმოჩნდა საპირისპირო- ხანგრძლივი ვიდეო შეხვედრები აძლიერებს ვირტუალურ გუნდთან კავშირის განცდას, რადგან მონაწილეებს შორის იზრდება ემოციური კავშირი და ეს მათ იცავს გადაღლისგან.
მკვლევარების აზრით, ჯგუფური „ჩათებიც“ ზრდის გუნდთან კავშირის განცდას. ამას გარდა, აღმოჩნდა, საათებში ჩატარებული ვიდეო ზარები, დღის სხვა მონაკვეთში ჩატარებულ შეხვედრებთან შედარებით ნაკლებ გადაღლას იწვევს. სწორედ ამ მიგნებებზე დაყრდნობით, მკვლევარები ვიდეო შეხვედრებისგან გამოწვეული გადაღლის შესამცირებლად, რამდენიმე რეკომენდაციას გვიზიარებენ:
1) უმჯობესია, ვიდეო შეხვედრები ჩატარდეს საღამოობით
2) აუცილებელია, გაიზარდოს გუნდთან კავშირის განცდა, შეხვედრის დასაწყისში ან მიწურულს, მცირე და ზოგადი საუბრებით, ან ისეთი ზარებით, სადაც ადამიანები საკუთარ ინტერესებზე საუბარს შეძლებენ (სპორტი, კინო და ა.შ)
3) აუცილებელია, შეხვედრას ჰქონდეს საერთო წესები, როგორიცაა ვიდეო კამერის ჩართვა და ვიდეო შეხვედრის პარალელურად, სხვა სამუშაოების შესრულების აკრძალვა
4) შეხვედრისას მონაწილეებს უფლება უნდა ჰქონდეთ პერიოდულად დაისვნენონ ეკრანისგან: წამოდგნენ ფეხზე და ცოტა გაიარონ
ბენეტი ამბობს, რომ ვიდეო შეხვედრები ძალიან საჭიროა, რადგან დისტანციური მუშაობისას ადამიანები ერთმანეთს ემოციურ და არავერბალურ ინფორმაციას უზიარებენ. თუმცა, ვიდეო შეხვედრებისგან გამოწვეული გადაღლის შესამცირებლად, მნიშნელოვანია, გავიაზაროთ, რომ ყველა საქმეს ვიდეო ზარი არ სჭირდება. ხანდახან სატელეფონო ზარი ან Email შეიძლება კონკრეტლი საკითხის განსახილველადბევრად ეფექტიანი აღმოჩნდეს.