მენეჯერების მთავარი მიზანია გუნდის წევრებისთვის მოტივაციის მიცემა და გუნდში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველა თანამშრომელი თავს კარგად გრძნობს. მიუხედავად ამ კეთილი განზრახვებისა, ხშირად, მენეჯერების მცდელობებს ეს შედეგები ნაკლებად მოჰყვება. მენეჯერმა შეიძლება გაუაზრებლად დაუშვას შეცდომები და საკუთარი საქციელითვე შეამციროს თანამშრომლების ბედნიერების შეგრძნება სამსახურში.
ცხადია, არც ერთი ადამიანი არ არის სხვა ადამიანის ბედნიერებაზე ან უბედურებაზე სრულად პასუხისგებელი. ბედნიერების შეგრძნებას გარემო პირობებთან ერთად, ადამიანის პირადი გადაწყვეტილებები განაპირობებს. თუმცა, მენეჯერი ვალდებულია გუნდში შექმნას სამსახურით კმაყოფილების და ბედნიერების აუცილებელი ყველა წინაპირობა.
The Workforce Institute-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა 69% უთითებს, რომ ექიმსა და თერაპევტზე დიდი გავლენა მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე სამსახურში მენეჯერს აქვს. ეს სტატისტიკა მენეჯერებისთვის შეუძლება საშიშად ჟღერდეს, რადგან განსაკუთრებით რთულ პასუხისმგებლობას აკისრებს მათ. თუმცა, მეორე მხრივ, ეს გუნდის წევრების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საუკეთესო შესაძლებლობაა.
მენეჯერები ხშირად ვერ იაზრებენ თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანებზე. სამსახურში დასაქმებულები ხშირად სწავლობენ დაკვირვებით, მოსმენით და სხვების გამოცდილებების გაზიარებით. თანამშრომლები მუდმივად აკვირდებიან მმართველ მენეჯერებს, რა არის მათთვის პრიორიტეტული, როგორ უმკლავდებიან ისინი სტრესულ სიტუაციებს, როგორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რა სიტყვებს არჩევენ საუბრისას და სხვა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მენეჯერი უნდა იაზრებდეს საკუთარ ძალაუფლებას და მისი გავლენის მნიშვნელობას. Fastcompany გვიზიარებს 5 შეცდომას, რასაც ლიდერები უშვებენ გუნდთან ურთიერთობისას და ამით ხელს უშლიან მათ ბედნიერებას:
საუკეთესო მენეჯერები არიან ხელმისაწვდომი თანამშრომლებისთვის და გამოხატავენ ემპათიას. ისინი ამჩნევენ, როდესაც გუნდის რომელიმე წევრი თავს ცუდად გრძნობს. ისინი ინტერესდებიან გუნდის წევრების ცხოვრებით, ყურადღებით უსმენენ მათ კითხვებს და პასუხებს. აუცილებელია მენეჯერმა გამოხატოს თანაგრძნობა და მხარდაჭერა, შესთავაზოს თანამშრომელს კომპანიაში არსებული სხვადასხვა რესურსები.
მნიშვნელოვანია მენეჯერმა გამოხატოს ზრუნვა დასაქმებულების მიმართ. ეს შეიძლება იყოს პატარა ჟესტები - მაგალითად, შეხვედრების დანიშვნის დროს გუნდის წევრების განრიგის გათვალისწინება, არასამუშაო საათებში კონტაქტისგან თავის შეკავება. მენეჯერმა უნდა აგრძნობინოს გუნდის წევრებს, რომ ის ითვალისწინებს და პატივს სცემს მათ დროს და შესაბამისად ანაწილებს სამუშაო დროს და შესასრულებელ საქმეს.
მენეჯერებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ადამიანების ბედნიერებაზე მათთვის მიზნის მიცემით. გუნდის წევრებისთვის საერთო მიზნის განსაზღვრა ერთმანეთთან აკავშირებს გუნდის წევრებს, ზრდის მათ თვითდაჯერებულობას და ბედნიერების შეგრძნებებს.
არ არის საკმარისი გუნდის და კომპანიის მიზნის ერთხელ გაჟღერება. მენეჯერმა გამუდმებით უნდა შეახსენოს საკუთარ გუნდს შესასრულებელი სამუშაოს მნიშვნელობა. მან ხაზი უნდა გაუსვას, რომ აფასებს სხვების კონტრიბუციას და თითოეული თანამშრომლის უნიკალურ ღირებულებას.
გამოხატეთ მადლიერება და თანამშრომლებს რეგულარულად შეახსენეთ, რომ აფასებთ გუნდისთვის და კომპანიისთვის გაწეულ სამუშაოს. დასაქმებულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს მნიშვნელობა აქვს.
გამოწვევები, სირთულეებთან გამკლავება და სწავლის შესაძლებლობა სამსახურისგან ბედნიერების მიღების მთავარი კომპონენტებია. დასაქმებულებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმის კეთება და ზრდის შესაძლებლობა.
კარგი მენეჯერები დასაქმებულებს აძლევენ შესაძლებლობას თავად იპოვონ პრობლემები და გადაჭრან ისინი ახალი გზებით, წარუმატებლობის შემთხვევაში კი მხარი უნდა დაუჭირონ მას. მენეჯერმა გუნდის წევრებს უნდა დაუსახოს ცხადი მიზნები და მოლოდინები, მისცეს მათ შესაძლებლობა თავად მიაღწიონ სასურველ შედეგებს, გამოიყენონ საკუთარი მეთოდები და ცოდნა. ადამიანები უკეთ მუშაობენ როდესაც ბევრი არჩევანი აქვთ, ისინი უფრო მეტ ძალისხმევას დებენ და უკეთესად მუშაობენ, რადგან გრძნობენ, რომ მათ ენდობიან.
მენეჯერმა ყურადღება უნდა მიაქციოს როგორც ინდივიდუალურად მისი გუნდის წევრების ბედნიერებას და მათ ურთიერთობებს, ასევე იმას, თუ როგორ თანამშრომლობენ დასაქმებულები სხვა კოლეგებთან. ადამიანები უფრო მეტად ბედნიერები არიან სამსახურში, როდესაც მჭიდრო კავშირები აქვთ თანამშრომლებთან.
მენეჯერმა გუნდის წევრებს უნდა მისცეს ერთმანეთის გაცნობის შესაძლებლობა, ეს შეიძლება მოხდეს როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში. საერთო დავალებებზე მუშაობისას, გუნდის წევრები უკეთ ეცნობიან ერთმანეთის უნარებს, შესაძლებლობას, ცოდნას რაც ზრდის ერთმანეთის მიმართ ნდობას.
მენეჯერებს ხშირად სურთ დასაქმებლებს თავიდან აარიდონ ზედმეტი სტრესი, რის გამოც არ უზიარებენ მათ სხვადასხვა პრობლემების შესახებ ინფორმაციას. ეს მიდგომა არასწორია. გუნდის წევრებს შორის ნდობის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია მენეჯერი იყოს გამჭვირვალე, დაუფარავად გამოხატავდეს თანამშრომლებთან საკუთარ პოზიციას და უზიარებდეს მათ კომპანიის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციას. ხშირად შეუძლებელია გუნდისთვის ყველა ინფორმაციის მიწოდება ან ზუსტი და საბოლოო პასუხის გაცემა, ასეთ დროს მენეჯერს შეუძლია მიაწოდოს დასაქმებულებს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესის, კომპანიის გეგმების შესახებ. მენეჯერმა უნდა მოახერხოს გულწრფელობასა და პროფესიონალიზმს შორის ბალანსის დაჭერა. რაც უფრო ნამდვილი და გამჭვირვალეა ურთიერთობა მმართველ მენეჯერსა და მისი გუნდის წევრებს შორის, მით უფრო ბედნიერები არიან გუნდის წევრები სამსახურში.
წყარო - https://www.fastcompany.com/90933494/5-mistakes-leaders-make-that-sabotage-their-teams-happiness