სიტყვა ძალაუფლებას ხშირად უარყოფითი მნიშვნელობით იყენებენ, თუმცა სამუშაო ადგილზე ძალაუფლება საჭიროა იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. ადამიანების მთავარი შეცდომა სამსახურში ის არის, რომ თავად ამბობენ უარს ძალაუფლებაზე, რადგან თვლიან, რომ მათ ეს არ ეკუთვნით.
ძალაუფლება არ გამომდინარეობს მხოლოდ დასაქმებულის პოზიციიდან ან ორგანიზაციულ სტრუქტურაში მისი ადგილიდან. სამსახურში ძალაუფლების სხვადასხვა სახე არსებობს, თუმცა ძირითადად, შეგვიძლია სამი მთავარი ტიპი გამოვყოთ - პოზიციური ძალაუფლება, ურთიერთობებიდან გამომდინარე ძალაუფლება და ექსპერტული ძალაუფლება.
Fast Company გვიზიარებს რჩევებს, თუ როგორ უნდა განვასხვავოთ ძალაუფლების ეს სამი ტიპი და როგორ უნდა განვავითაროთ ისინი:
- პოზიციური ძალაუფლება;
პოზიციური ძალაუფლება კომპანიაში არსებული პოზიციიდან გამომდინარე პირდაპირ გენიჭებათ. ზოგადად, რამდენად მაღლაც ხართ ორგანიზაციულ სტრუქტურაში, მით უფრო მეტი ძალაუფლება გაქვთ.
ისტორიულად, ბევრი ლიდერი ძალაუფლების ამ სტილს ტოქსიკურად იყენებს დასაქმებულებზე გავლენის მოსახდენად. ეს თანამედროვე სამყაროში ოპერირებისთვის ძალიან ცუდი გზაა.
პოზიციური ძალაუფლებისთვის დამახასიათებელია მიდგომა - „მე ასე გადავწყვიტე“. ამგვარი მიდგომით მენეჯერები ბოროტად იყენებენ პოზიციურ ძალაუფლებას, ხდება დასაქმებულების დემორალიზება, ისინი ნაკლებად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში. მენეჯერმა უნდა იზრუნოს დასაქმებულის ზრდაზე და განვითარებაზე, ისინი თავად წარმოადგენენ რესურსს ამ პროცესში.
პოზიციური ძალაუფლება შეიძლება სასარგებლოც იყოს. მენეჯერი პოზიციური ძალაუფლების გამოყენებით შეიძლება ჩაერიოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში როდესაც პროცესები სწრაფად არ მიდის, დადასტურებას დიდი დრო სჭირდება, რომელიმე კოლეგა არ არის კოლაბორაციული. ასეთ დროს მენეჯერმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გამოიყენოს პოზიციური ძალაუფლება და დააჩქაროს პროცესები.
სხვა ტიპებისგან განსხვავებით, პოზიციური ძალაუფლების მიღწევა ძირითადად დამოკიდებულია გარეგან ფაქტორებზე, როგორიცაა მაგალითად, დაწინაურება სამსახურში.
- ურთიერთობებზე დამყარებული ძალაუფლება;
ურთიერთობებზე დამყარებული ძალაუფლება დამოკიდებულია ადამიანის რეპუტაციაზე და თქვენს როლზე, თუ რამდენად ეხმარებით კოლეგებს სამსახურში. ამ ტიპის ძალაუფლება პიროვნებას მიყვება პოზიციის ცვლილებასთან ერთად. ურთიერთობების ძალაუფლებით თქვენ გავლენას ახდენთ მუშაობის პროცესზე, თანამშრომლებს სურთ თქვენთან ერთად იმუშავონ და დაეხმაროთ მიზნების მიღწევაში.
გაითვალისწინეთ, რომ ძალაუფლება შეიძლება შემცირდეს თუ უფრო ხშირად გამოიყენებთ პოზიციურ ძალაუფლებას. მაგალითად, შეიძლება გქონდეთ ურთიერთობებზე დამყარებული ძალაუფლება, თუმცა დაწინაურების შემდეგ ის ჩანაცვლდეს პოზიციური ძალაუფლებით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია თანამშრომლებთან მოახერხოთ ხაზგასმა, რომ თქვენ მათთან ურთიერთობაში კვლავ ურთიერთობებზე დამყარებულ ძალაუფლებას იყენებთ.
ძალაუფლების ამ ტიპის განსავითარებლად, ჩამოწერეთ იმ ადამიანების სია, რომლების უკეთ გაცნობის სურვილი გაქვთ, ვისთან კარგი ურთიერთობის ქონაც გჭირდებათ უკეთ მუშაობისთვის. განსაზღვრეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს გულწრფელად დაუმეგობრდეთ. სამსახურში მჭიდრო კავშირების ქონა დამატებით პოზიტიურად აისახება სამსახურით კმაყოფილებაზე და ბედნიერებაზე.
- ექსპერტობაზე დაფუძნებული ძალაუფლება;
ექსპერტობაზე დაფუძნებული ძალაუფლება გამომდინარეობს დასაქმებულის ცოდნიდან, თუ როგორ უზიარებს ამ ცოდნას სხვებს. მაგალითად, თუ თანამშრომლებს პროექტზე მუშაობისას სჭირდებათ ვინმე, ვის ცოდნასაც დაეყრდნობიან და პირველი თქვენ ახსენდებით - თქვენ ექსპერტობაზე დაფუძნებულ ძალაუფლებას ფლობთ.
ექსპერტული ძალაუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად აჩვენებს, რამდენად აღიქვამს კომპანია თქვენს წვლილს კომპანიის წარმატებაში. სხვების დახმარების სურვილი ექსპერტული ძალაუფლების განუყოფელი ნაწილია. თუ თქვენ ფლობთ ცნობას, თუმცა არ გსურთ ცოდნის სხვებისთვის გაზიარება, ეს ძალაუფლება პოზიციურ ძალაუფლებას ემსგავსება.
ექსპერტული ძალაუფლების განსავითარებლად დაფიქრდით რის შესახებ გსურთ ცოდნის მიღება, თქვენთვის საინტერესო რომელი მიმართულებით გჭირდებათ ცოდნის გაღრმავება. როგორც წესი, ექსპერტული ძალაუფლება გამოცდილებასთან ერთად მოდის. შეგიძლიათ სწავლის მიღების პროცესი დააჩქაროთ სხვადასხვა საკვალიფიკაციო კურსებში, ვებინარებში მონაწილეობის მიღებით და სხვა.
კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპზე, შეიძლება ძალაუფლების სამივე ტიპს ფლობდეთ. თუ ახლა ხდებით ლიდერი, ბლოგში მოცემული განმარტებები დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი ლიდერული ძალაუფლების ტიპი და შესაბამისად დასახოთ თქვენი სამოქმედო გეგმები. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ტიპის ძალაუფლებას მოყვება სხვების დახმარების პასუხისმგებლობა.