სამსახურის ძიების პროცესში, დასაქმების შანსის გასაზრდელად კანდიდატებს უწევთ გაეცნონ ბევრ სხვადასხვა ვაკანსიას და ყველგან გაგზავნონ რეზიუმე. თუმცა, უკეთესი და ეფექტური გზაც არსებობს, მაგალითად, იპოვოთ ადამიანი, რომელიც მუშაობს თქვენთვის სასურველ კომპანიაში და მას თხოვოთ შიდა რეფერალის გაკეთება.
რეფერალი ნიშნავს, არსებული თანამშრომლის მიერ ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის წარდგენას, რეკომენდაციის გაწევას. რეფერალების პროცესი ხშირად კომპანიის შიდა პოლიტის ნაწილია.
ზოგიერთი კომპანია დასაქმებულებს ფინანსურ ჯილდოს სთავაზობს წარმატებული რეფერალის სანაცვლოდ. ფინანსური ჯილდო შეიძლება იყოს როგორც მატერიალური თანხა, ასევე, სასაჩუქრე ბარათები, ვაუჩერი, დამატებითი დასვენების დღე და ა.შ. დასაქმებულებს აქვთ მოტივაცია იპოვონ კომპანიისთვის შესაფერისი ახალი ტალანტები და ურჩიონ ის დამსაქმებელს.
აპლიკანტი, რომელსაც რეკომენდაცია კომპანიის არსებულმა დასაქმებულმა გაუწია, სხვა კანდიდატების სიის სათავეში ექცევა. მისი გასაუბრებაზე დაბარების ალბათობა 50%-ია, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი კანდიდატისთვის იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ს შეადგენს. მეტიც, Forbes-ის მიერ გაზიარებული მონაცემების თანახმად, რეფერალის მქონე კანდიდატების 60% საქმდება კომპანიაში. რეფერალების 91% საქმდება იმ შემთხვევაში, თუ კომპანიაში რეკომენდაციის ინიციატორი მენეჯერულ პოზიციაზეა დასაქმებული.
კანდიდატები, რომლებიც რეფერალის წყალობით ხვდება კომპანიაში, უფრო მეტად მოერგება კომპანიის კულტურას და უფრო დიდხანს რჩებიან კომპანიაში - Radancy-ის კვლევის კომპანიის თანახმად. ბონუსი რომელსაც კომპანია არსებულ დასაქმებულს უხდის წარმატებული რეფერალისთვის, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ტალანტის მოსაძებნად საჭირო ხარჯები.
სად შეიძლება რეფერალის პოვნა და როგორ შეიძლება რეფერალის თხოვნა
რეფერალის თხოვნისთვის მოიძიეთ თქვენი არსებული კონტაქტები, დაუნიშნეთ მათ შეხვედრა პირადად, დაურეკეთ, მიწერეთ მეილზე ან დაეკონტაქტეთსოციალური ქსელების მეშვეობით. კონტაქტების სია გრძელია, ეს შეიძლება იყოს თქვენი ყოფილი თანამშრომელი, მეგობრები, ნაცნობები, კურსელები, ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სოციალური შეკრებისას გაიცანით და სხვა.
თქვენი თხოვნის ფორმა უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოს იცნობთ ადამიანს, რომელსაც უნდა თხოვოთ რეკომენდაციის გაწევა.
Forbes გვიზიარებს რამდენიმე მაგალითს თუ როგორ შეიძლება რეფერალის თხოვნა:
რეფერალის თხოვნა მეგობარს
საგანი: ვაკანსია [კომპანიის დასახელება]-ში
გამარჯობა [სახელი],
როგორ ხარ? ცოტა ხნის წინ გადავაწყდი ვაკანსიას [კომპანია]-ში და ძალიან დამაინტერესა. ვფიქრობ, ჩემი უნარები და გამოცდილება სრულად შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს. ამ მეილს იმიტომ გწერ, რომ მგონი შეგიძლია ჩემი დახმარება რეკომენდაციის გაწევით. შენი რეფერალი გაზრდის გასაუბრებაზე დაბარების შანსებს.
იმისთვის, რომ გაგიმარტივო რეფერალის პროცესი, მოვამზადე ინფორმაცია ჩემს შესახებ:
- ჩემი განათლების და გამოცდილების შესახებ მოკლე ინფორმაცია;
- რეზიუმე
- LinkedIn-ის პროფილის ლინკი
თუ შენთვის კომფორტული იქნება რეკომენდაციის გაწევა, ძალიან გამიხარდება და დავაფასებ. თუ ამის გაკეთება შენთვის არ არის კომფორტული, სრულად მესმის შენი და პირიქით, იმედია ჩვენს მეგობრობას ამით არაფერი დააკლდება. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა გამოყოფილი დროისთვის.
[სახელი]
ნაცნობისთვის რეფერალის თხოვნა
საგანი: რეფერალი ვაკანსიისთვის [კომპანიის დასახელება]-ში
სალამი [სახელი],
გწერთ პროფესიული დახმარების თხოვნისთვის. ცოტა ხნის წინ გადავაწყდი ვაკანსიას, რომელმაც ძალიან დამაინტერესა, რადგან სრულად შეესაბამება ჩემს უნარებს და გამოცდილებას. ვაკანსია იყო [პოზიცია] [კომპანია]-ში. დიდი სიამოვნებით გავხდებოდი ამ გუნდის წევრი.
თქვენი გამოცდილების და ცოდნის გათვალისწინებით, მადლიერი ვიქნები თუ მოახერხებთ ჩემთვის რეფერალის გაკეთებას ან გადამამისამართებთ კომპანიაში შესაბამის თანამშრომელთან, ვისაც შემიძლია დამატებით გავესაუბრო ვაკანსიის შესახებ.
მეილს თან ვურთავ ჩემს რეზიუმეს და მოხარული ვიქნები, ნებისმიერ დროს, გაგიზიაროთ დამატებითი ინფორმაცია ჩემს შესახებ. თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, გულწრფელად გიხდით მადლობას გამოყოფილი დროისთვის.
იმედია, მექნება თქვენთან შეხვედრის და წერილში განხილული საკითხების, უფრო სიღრმისეულად განხილვის შესაძლებლობა
პატივისცემით,
[სახელი]
[პოზიცია]
[საკონტაქტო ინფორმაცია]
წყარო - What Is A Job Referral And How Can You Ask For One? (forbes.com)