Fast Company სტატიაში გვიზიარებს სამ ყველაზე გავრცელებულ მიზეზს, რომელთა გამოც საუკეთესო დასაქმებულები მიდიან დამსაქმებელი კომპანიიდან:
1. ურთიერთობა უშუალო მენეჯერთან;
გუნდის უშუალო მმართველ მენეჯერს უმიშვნელოვანესი როლი უჭირავს დასაქმებულისთვის სამსახურის გამოცდილების შექმნაში. საუკეთესო დასაქმებულები მიდიან სამსახურიდან მაშინ, როდესაც ისინი ვერ გრძნობენ თავს დაფასებულად და ვერ ხედავენ სამომავლოდ უკეთესობისკენ განვითარების შესაძლებლობას.
სამსახურიდან წასული დასაქმებულები ხშირად აღნიშნავენ, რომ ისინი ვერ გრძნობდნენ მხარდაჭერას, მათი არ ესმოდათ და მათ არ ენდობოდნენ.
როდესაც მენეჯერს სჯერა მისი გუნდის წევრების და ხედავს მათ პოტენციალს, ნაკლებად სავარაუდოა ამგვარი გუნდიდან თანამშრომელი წავიდეს. პიგმალიონის ეფექტიდან გამომდინარე, დასაქმებულები იმუშავებენ იმ დონემდე, იმ დატვირთვით, როგორ მუშაობასაც მათგან მათი მენეჯერი ელოდება.
კომპანიამ შეიძლება დასაქმებულის შესანარჩუნებლად ძვირადღირებული სტრატეგიები დანერგოს, თუმცა, რეალურად, გადაწყვეტილება დარჩება თუ არა ეს ადამიანი კომპანიაში ხშირად პირდაპირ არის დამოკიდებული მის უშუალო უფროსთან ურთიერთობაზე, ადამიანზე, რომელთან ურთიერთობაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მის გამოცდილებებს სამსახურში.
2. ფსიქოლოგიური უსაფრთხოების არარსებობა;
სამსახურში ფსიქოლოგიური უსაფრთხოება ნიშნავს, რომ შექმნილია გარემო, სადაც დასაქმებულები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და შეუძლიათ საკუთარი აზრის გამოხატვა ამის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების შიშის გარეშე. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც დასაქმებულები თავს კომფორტულად იგრძნობენ.
თუ დასაქმებული თავს უსაფრთხოდ გრძნობს, უფრო მეტად აიღებს რისკებს, ცდის სიახლეებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდეს. ამ უსაფრთხოების შეგრძნების გარეშე, დასაქმებული შეიძლება დასჯერდეს იმას რაც იცის და არ იზრუნოს უნარების გაფართოებაზე, მარცხის შიშით არ სცადოს არაფერი ახალი.
3. მიკრომენეჯმენტი;
საუკეთესო დასაქმებულები მიდიან კომპანიიდან მაშინ, როდესაც მათ გამუდმებით მიუთითებენ, თუ როგორ უნდა იმუშავონ, არ აძლევენ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას.
გუნდის წევრებისთვის თავისუფლების მიცემა გულისხმობს, მათთვის მუშაობის ფორმის არჩევის თავისუფლებასაც. მაგალითად, თავად აირჩიონ დავალებები ინტერესების და სიძლიერეების შესაბამისად, განსაზღვრონ მუშაობის დრო და ადგილი და სხვა.
წყარო - https://www.fastcompany.com/91016143/best-jobs-2024-good-salaries-flexible-wfh-indeed-list