2024 წელი განსაკუთრებული გამოწვევებით იქნება სავსე ლიდერებისთვის. მათ მოუწევთ გზა გაიკვლიონ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პრობლემებში, მოერგონ რევოლუციურ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ადაპტირდნენ ხელოვნურ ინტელექტთან და სხვა.
FastCompany გვიზიარებს 3 მთავარ სტრატეგიას, რომლითაც შეიარაღებული ლიდერები მზად იქნებიან 2024 წლის სირთულეებთან გასამკლავებლად:
1. ბუნებრივობის შენარჩუნება;
Merriam Webster-ის თანახმად, სიტყვა „ბუნებრივი“ 2024 წლის მთავარი სიტყვა გახდა. 2023 წელს ყველანი ერთად გავხდით სხვადასხვა ფორმის სიყალბის მოწმე - deepfake ტექნოლოგია, ყალბი ინფორმაციების გავრცელება, ინტერნეტ ბოტების შეტევები და სხვა. მსოფლიოს სჭირდება გულწრფელი და ნამდვილი ურთიერთობები, შესაბამისად, ბუნებრივობა სწრაფად ხდება ბრენდების და ლიდერების მიერ ყველაზე მეტად დაფასებული უნარი.
Breakthrough Research-მა გამოაქვეყნა 2023 წლის კვლევა, რომლის ფარგლებშიც შეფასდა ბრენდების ბუნებრივობის მაჩვენებლები. კვლევის თანახმად, 20 ყველაზე ბუნებრივი ბრენდის აქციების ფასები 20%-ით გაიზარდა 2020 წლის აპრილიდან. Harvard Business Review-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მომხმარებლები თანახმა არიან გადაიხადონ უფრო მეტი ფული იმ ბრენდში, რომელიც უფრო მეტად ბუნებრივი და გულწრფელია.
რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ ტრენდების გათვალისწინებით?
დაიწყეთ მცირედით და ჩაატარეთ ბრენდის აუდიტი იმის გასარკვევად თუ რას ფიქრობენ თქვენზე მომხმარებლები, ბრენდის შემდეგი ნაბიჯები შეუსაბამეთ სხვადასხვა ღირებულებებს - ეთიკა, მაღალი ხარისხი, სანდოობა, საუკეთესო სერვისი. ამ პრინციპებით ხელმძღვანელობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Lego, Patagonia, The North Face, Costco რომლებიც გულწრფელი და სანდრო ბრენდების სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებენ.
2. გაურკვევლობასთან შეგუება;
გასულმა წლებმა ნამდვილი მასტერკლასი შემოგვთავაზეს გაურკვევლობაში - გლობალური პანდემია, რეგიონული კონფლიქტები, მასობრივი შემცირებები და სხვა.
იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წლებში დაწყებული კონფლიქტების მოგვარებას ბოლო არ უჩანს, 2024 წლისგან შვებას ნაკლებად უნდა ველოდოთ. პირიქით, ლიდერები უფრო მომზადებულები უნდა დახვდნენ მომავალ გაურკვევლობას.
Oxford Economics-ის პროგნოზით 2024 წელს მოგვიწევს გავუმკლავდეთ ინფლაციას, დაძაბულობას ჩინეთს და შუა აღმოსავლეთს შორის, 2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებს. ამ მოვლენების გარდა კი მუდმივად არსებობს მოვლენები, რომელთა წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით 2024 წლის ლიდერების მთავარი უნარი ახალ გარემოებებთან ადაპტირება იქნება. ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ კომპანია მისდევდეს წინასწარ განსაზღვრულ გეგმას და პარალელურად, მზად უნდა იყოს ნებისმიერ ცვლილებასთან მოსარგებად. ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება კომპანიაში ჩამოაყალიბოს კულტურა, რომელიც ცვლილებებს ზრდის შესაძლებლობად მიიჩნევს.
ლიდერისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავმდაბლობა, გამჭვირვალობა და დასაქმებულებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათ უნდა იცოდნენ რა სიახლეებია ინდუსტრიაში, რა გამოწვევების წინაშე დგას კომპანია და რა ტიპის ცვლილებების განხორციელებაა საჭირო.
3. გარდაუვალის მიღება;
მიმდინარე წელს ერთგვარი შესავალი გვქონდა თუ რისი გაკეთება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ChatGPT-ის სახით. Forrester-ის თანახმად, 2024 წელს ხელოვნური ინტელექტი რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს შრომით ბაზარზე.
EY-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული კომპანიებიდან 99% გეგმავს აქტიურად გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი და ბევრი მათგანი თანხმდება, რომ მისი გამოყენება გაზრდის პროდუქტიულობას. წარმატებას ის კომპანია და ლიდერები მიაღწევენ, რომლებიც ყველაზე სწრაფად მიიღებენ ცვლილებებს და ყველაზე უკეთ ადაპტირდებიან. მნიშვნელოვანია სწორი და გარდამტეხი გადაწყვეტილებების მიღება იმ მომავლისთვის, რომელიც უკვე კარს მოგვადგა.
მომავალზე საუბრისას ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2024 წელი პირველი წელი იქნება, როდესაც დასაქმებული Gen Z-ის რაოდენობა დასაქმებული ბუმერების რაოდენობას გადააჭარბებს.
Gen Z პოლიტიკურად და სოციალურად უფრო აქტიური თაობაა, რომლებიც დამსაქმებელი კომპანიისგან ელოდებიან ინკლუზიურობას, ნათელ მისიას და მიზნებს, რომლებიც იმსახურებენ მათ ერთგულებას.
ლიდერებს მოუწევთ შეცვალონ კომპანიის ორგანიზაციული მოწყობა, დამოკიდებულება დასაქმებულებთან და მიზნებთან. 2024 წელს წარმატებას მიაღწევენ ის ლიდერები, რომლებიც გაითავისებენ, რომ მომავალი არ არის რაღაც რისთვისაც უნდა მოემზადო, მომავალი თავად უნდა შექმნა.
წყარო - New leaders playbook for 2024 (fastcompany.com)