ჰიბრიდული მოდელის სწორი სტრატეგიის შემუშავებისას, რთულია ბალანსის შენარჩუნება. თანამშრომლები უნდა დაბრუნდნენ ოფისში და ამავდროულად მათ უნდა ჰქონდეთ დისტანციურად მუშაობის თავისუფლება. ამ გამოწვევისთვის თავის წარმატებულად გართმევა ბევრ კომპანიას გაუჭირდა.
დამსაქმებლები ცდილობენ მოიფიქრონ თანამშრომლების ოფისში იძულებით დაბრუნების სტრატეგია, თუმცა ავიწყდებათ, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ჰიბრიდულად მუშაობის ყველაზე გავრცელებული მოდელი დღეს ასე გამოიყურება - დასაქმებულებს უფლება აქვთ კვირაში რამდენიმე დღე იმუშავონ სახლიდან, თუმცა, სამუშაო დროის უმეტესობა უნდა გაატარონ ოფისში.
ჰიბრიდული მუშაობის სტრატეგიას წარმატებულად გაართვა თავი LEGO Group-მა. სათამაშოების მწარმოებელმა კომპანიამ აპრილში რამდენიმე ახალი კამპუსი გახსნა, რომელიც ორი ათასამდე დასაქმებულს იტევს და სრულად არის მორგებული მათ ინტერესებზე. ლეგოსს ახალი ოფისი აგებულია შემდეგი პრინციპით - იმისთვის, რომ დასაქმებულები დაბრუნდენენ ოფისში, ოფისი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მათ სურთ მუშაობა. მეტიც, ოფისი იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ თანამშრომლებს გაუმარტივოს მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
ლეგოს ჰიბრიდული მუშაობის სტრატეგია დიდად არ განსხვავდება სხვა კომპანიების სტრატეგიისგან - დასაქმებულების უმეტესობამ ოფისიდან უნდა იმუშავოს კვირაში სამი დღის განმავლობაში, დანარჩენი ორი დღე კი - დისტანციურად. ლეგოს წარმატების საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ ლეგოსთვის მნიშვნელოვანია კვირის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოს ტიპი და არა სამუშაოს შესრულების ადგილმდებარეობა. მაგალითად, კვირის განმავლობაში შესაძლებელია დასაქმებული მხოლოდ რამდენიმე დღე იყოს ოფისში, დაესწროს ჯგუფურ შეხვედრებს, ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში, მოაწყოს შეხვედრები, რომლებიც ნაკლებად ეფექტურია ონლაინ. ხოლო, კვირის დანარჩენი დღეების განმავლობაში დასაქმებულს შეუძლია დისტანციურად, სრულად ფოკუსირდეს მის ინდივიდუალურ დავალებებსა და შეხვედრებზე.
ლეგოს ახალი კამპუსებიც სწორედ ამ მიდგომას ირეკლავს. სამუშაო კამპუსები შედგება რამდენიმე შენობისგან, რომლებიც განლაგებულია ცენტრალური სივრცის ირგვლივ. თითოეულ შენობაში გამოყოფილია თანამშრომლების საჭიროებებზე მორგებული სივრცეები. მაგალითად, შეკრების სივრცე პატარა ჯგუფებისთვის, მაგიდები ინდივიდუალურად მუშაობისთვის, დიდი შეხვედრის ოთახები, განცალკევებული ე.წ. „ტელეფონის ჯიხურის“ სივრცეები. ლეგოს კამპუსში, არავის აქვს მუდმივი სამუშაო ადგილი, თუმცა თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილია ინდივიდუალური მუშაობისთვის საჭირო მაგიდებით და ჯგუფურად შესასრულებელი სამუშაოს სივრცეებით. დასაქმებულებს სამუშაოს შესასრულებლად ადგილის პოვნა არ გაუჭირდებათ.
ლეგოს ოფისის დიზაინის ანალიზით შეგვიძლია ორი მნიშვნელოვანი გაკვეთილის გააზრება. პირველ რიგში, ოფისის დიზაინის დაგეგმვისას, კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს შესასრულებელი სამუშაოს ტიპი. ზოგიერთი ტიპის სამუშაო უკეთესად სრულდება, როდესაც გუნდის წევრები ფიზიკურად ახლოს არიან ერთმანეთთან. ლეგომ თავისი კამპუსები იმგვარად ააგო, რომ წაახალისოს და ხელი შეუწყოს გუნდურ მუშაობას და სოციალურ ურთიერთობებს. ამავდროულად, ზოგიერთი ტიპის სამუშოსთვის არ არის აუცილებელი ფიზიკურად ოფისში ყოფნა. მეორე და არც თუ ისე უმნიშვნელო გაკვეთილია, რომ დამსაქმებელმა უნდა შეძლოს ჰიბრიდული მოდელის შესახებ ინფორმაციის სწორად გადმოცემა დასაქმებულებისთვის. თქვენ უნდა გააცნოთ გუნდს ჰიბრიდული მუშაობის ბენეფიტები და აუსნათ რატომ არს ეს მოდელი გუნდისთვის შესაფერისი.
გაითვალისწინეთ ლეგოს მიდგომა საუკეთესო ჰიბრიდული მოდელის შესაქმნელად, აიღეთ დისტანციურად და ოფისიდან მუშაობის საუკეთესო მახასიათებლები, გააერთიანეთ და შეიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს გუნდს.