კომპანიაში ლიდერს განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს. მის პასუხისმგებლობებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეფექტური გუნდის ჩამოყალიბებას, გუნდის წევრების მენტორინგს, მათ შორის პოტენციური ლიდერების გამოვლენას და მათზე ზრუნვას. ამ მიზნების მისაღწევად კომპანიამ კანდიდატების შერჩევისას უნდა ამოიცნოს პოტენციური ლიდერები, დაიქირავოს ისინი, შესთავაზოს ზრდის შესაძლებლობა და შეინარჩუნოს. კარგ თანამშრომელს, როგორც წესი, ექნება შეთავაზებები სხვა დამსაქმებლებისგანაც, მათ შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. Forbes გვთავაზობს რამდენიმე რჩევას, თუ რა უნდა გააკეთოს კომპანიამ გამორჩეული დასაქმებულების შენარჩუნებისთვის:
1. ნდობის ჩამოყალიბება - ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა თანამშრომლობის მყარი საფუძველია. თუ თქვენი დასაქმებულები გენდობიან, იზიარებენ თქვენს მისწრაფებებს და გამოწვევებს, ისინი მეტად იქნებიან ჩართულები კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში. გუნდის ლიდერებმა პირადი კავშირები უნდა დაამყარონ გუნდის წევრებთან, მოუსმინონ მათ, გაუზიარონ საკუთარი აზრები, შეხედულებები და გრძნობები, აგრძნობინონ მხარდაჭერა.
2. კარიერული განვითარების შესაძლებლობა - დასაქმებულების მოტივირების საუკეთესო გზაა გაიცნოთ მათი მიზნები და ინტერესები იმისთვის, რომ შესთავაზოთ კარიერული განვითარების მათზე მორგებული გზები. აუხსენით რისი გაკეთებაა შესაძლებელი გუნდში და კომპანიაში, წაახალისეთ რომ გაიუმჯობესონ უნარები და ცოდნა. მნიშვნელოვანია სწორად გესმოდეთ მათი ღირებულებები, რა არის მათი მოტივაცია.
3. გადაწყვეტილებების მიღების ავტონომია - გამორჩეულ თანამშრომლებს, როგორც წესი, აქვთ ორივე - შედეგების მიღწევის უნარი და სურვილი. მენეჯერს შეუძლია მეტად წაახალისოს ისინი და ნდობა გამოხატოს მათთვის პასუხისმგებლობის განაწილებით. უარი თქვით მიკრომენეჯმენტზე და მიეცით თქვენს დასაქმებულებს შესაძლებლობა თავად განსაზღვრონ შესასრულებელი მიზნები, მათი მიღწევის გზები და საშუალებები.
4. ავტონომიურობის ბალანსი მხარდაჭერით და მენტორობით - გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილების დელეგირებისას არ გადააჭარბოთ. მხოლოდ ის ფაქტი, რომ დასაქმებულს შეუძლია საქმის შესრულება არ ნიშნავს, რომ ლიდერმა სრულად უნდა აქციოს ზურგი მათ. გაუწიეთ მენტორობა, პერიოდულად შეხვდით და დარწმუნდით, რომ გრძნობენ თქვენს მხარდაჭერას, აქვთ საკმარისი რესურსები.
5. აღიარება და დაფასება - ადამიანებს ნებისმიერ საქმეში სჭირდებათ დაფასება და აღიარება. არ დააიგნოროთ თანამშრომლების წახალისების ეს მნიშვნელოვანი საშუალება. რაც უფრო კონკრეტულია პოზიტიური უკუკავშირი, მით უფრო სასარგებლო შედეგების მომტანია კომპანიისთვის. დასაქმებულის ზოგადი შექების ნაცვლად, უთხარით რომ კმაყოფილი ხართ მის მიერ შესრულებული სამუშაოთი, შეაფასეთ რა მოგეწონათ ყველაზე მეტად.
6. განმავითარებელი უკუკავშირი - დასაქმებულების განვითარებაზე ზრუნვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ გამოხატავთ თქვენს პატივისცემას და ამავდროულად, შეგიძლიათ მიაწოდოთ კონსტრუქციული და კრიტიკული უკუკავშირი. ადამიანებს დაფასებაზე არანაკლებ სჭირდებათ უკუკავშირის მოსმენა. უკუკავშირის მიცემისას დაიცავით კრიტიკული აზრის გამოხატვის ბალანსი, ზოგადი შეფასებების ნაცვლად, მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები, შენიშვნები, რეკომენდაციები.
7. კომპანიის კონტექსტის გაზიარება - კარგი მენეჯერი უზიარებს გუნდის წევრებს კომპანიის მიზნებს და სტრატეგიას. მიეცით დასაქმებულებს შესაძლებლობა განიხილონ კომპანიის სტრატეგია, გაგიზიარონ საკუთარი აზრები, კრიტიკულად შეაფასონ მიზნები. ასეთი ქმედებით თქვენ გამოხატავთ ნდობას და პარტნიორობის სურვილს. შესაძლებლობის ფარგლებში დაიცავით გამჭვირვალობა და გაუზიარეთ გუნდის წევრებს გადაწყვეტილების მიღების მიზეზები. ამავდროულად, დაიცავით გაზიარების ბალანსი, არ ისაუბროთ ცუდად მენეჯემენტზე. გუნდს სჭირდება სტაბილურობა და მხარდაჭერა. არ დატვირთოთ ისინი უსარგებლო ინფორმაციით, რაც უარყოფითად აისახება მათ თავდაჯერებულობაზე.
8. ხილვადობა და ურთიერთობებზე ზრუნვა - დარწმუნდით, რომ გამორჩეული დასაქმებულები აღიარებულები არიან კომპანიაში. მიეცით მათ გუნდში და გუნდს გარეთ თავის წარმოჩენის შესაძლებლობა. გაუწიეთ მენტორობა, დაუსახეთ პროფესიული მიზნები, დაეხმარეთ პრეზენტაციის უნარების განვითარებაში. მიეცით შესაძლებლობა იმუშავონ მნიშვნელოვან პროექტებზე, პროექტებზე, რომელთა შესასრულებლადაც საჭიროა სხვა დეპარტამენტებთან ურთიერთობა. დაეხმარეთ მათთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.