გუნდური მუშაობა კომპანიის წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მისი მნიშნელობის დაკნინება ცუდად აისახება კომპანიის შედეგებზე.
თუ გუნდი ვერ ახერხებს დასახული მიზნების მიღწევას, მიზანშეწონილია გუნდის მმართველმა მენეჯერმა შეამოწმოს, რამდენად აკმაყოფილებს მის გუნდში არსებული სამუშაო კულტურა სამ მთავარ კრიტერიუმს - ნდობა, ანგარიშვალდებულება და ერთგულება. სამივე კრიტერიუმი ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთერთი მათგანის გაუარესებაც კი, სხვებზე უარყოფით გავლენას მოახდენს. გუნდის შედეგების გასაუმჯობესებლად, გუნდის მმართველმა მენეჯერმა უნდა იზრუნოს ამ კრიტერიუმების განვითარებაზე და გუნდში შექმნას პოზიტიური და პროდუქტიული გარემო.
გუნდის წარმატებული მუშაობის სამი მთავარი კრიტერიუმს Forbes განიხილავს ახალ სტატიაში:
ნდობა;
არსებობს ორი ტიპის ნდობა. კოგნიტური ნდობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ადამიანი გამოხატავს, რომ არის სანდო, კომპეტენტიური და შეუძლია სხვებთან მუშაობა. მეორე ტიპის ნდობა არის ემოციური, რომელიც ვითარდება დროთა განმავლობაში. ემოციური ნდობა ადამიანების მიმართ ვითარდება ფიზიკური ლოკაციის მიუხედავად.
ნდობა ნებისმიერი ტიპის ურთიერთობის მთავარი საფუძველია და შესაბამისად, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიულ ურთიერთობებში. გუნდის წევრები უნდა ენდობოდნენ ერთმანეთს იმისთვის, რომ იმუშავონ შეთანხმებულად და ღიად გაუზიარონ სხვადასხვა მოსაზრებები ერთმანეთს. თუ ნდობის საფუძველი გამოეცალა, ეს უარყოფითად მოქმედებს გუნდის წევრების ფსიქოლოგიურ უსაფრთხოების შეგრძნებაზე და საბოლოოდ გამოიწვევს კონფლიქტურ სიტუაციებს.
ანგარიშვალდებულება;
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ანგარიშვალდებულებას აიგივებს ბრალთან, ეს სიტყვა მოიაზრებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებას.
იმ შემთხვევაში, თუ მენეჯერი არ აღნიშნავს გუნდის წევრების წარმატებებს, არ განიხილავს მათ წარუმატებლობას, შეუძლებელია დასაქმებულები მიხვდნენ როგორ ართმევენ თავს დაკისრებულ ვალდებულებებს.
ბევრი ლიდერი და მენეჯერი ცდილობს თავი აარიდოს საკუთარი გუნდისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამას შეიძლება სხვადასხვა მიზეზი განაპირობებდეს - კონფლიქტისგან თავის არიდების სურვილი, „დახმარების“ სურვილი და არასწორი დამოკიდებულება, რომ ანგარიშვალდებულება არის ვინმეს დადანაშაულება.
მენეჯერების ამგვარ ქცევას კეთილი განზრახვა უდევს საფუძვლად, ისინი ცდილობენ პროფესიული სიმშვიდის შენარჩუნებას სამუშაო ადგილზე. თუმცა, პასუხისმგებლობის დაკისრებისგან თავშეკავებით ისინი საკუთარ გუნდს ართმევენ კრიტიკული უკუკავშირის მიღების და ამ გზით განვითარების შესაძლებლობას. ამგვარ საქციელს შედეგად მოჰყვება გუნდის წევრების ნაკლები ჩართულობა სამუშაო პროცესებში, ცუდად შესრულებული საქმე და თანამშრომლებთა გადინება კომპანიიდან.
ერთგულება;
ხშირად სამუშაო შეხვედრების ბოლოს დასაქმებულები ისე ტოვებენ შეხვედრას, რომ არ ანაწილებენ შესასრულებელ დავალებებს. განსაზღვრული მიზნების და დედლაინების გარეშე, დასაქმებულებს გაუჭირდებათ სამუშაოს შესრულების მოტივაციის პოვნა. გუნდმა უნდა შეიმუშავოს სამუშაო გეგმა და შემდეგ მისი წევრები ერთგულად უნდა ასრულებდნენ დასახულ გეგმებს.
მენეჯერები გუნდის წევრებთან ერთად უნდა ზრუნავდნენ გუნდის წევრებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, ამისთვის:
შექმენით ნდობაზე და გამჭვირვალობაზე დაფუძნებული სამუშაო კულტურა;
მიეცით დასაქმებულებს რეგულარული უკუკავშირი და ქოუჩინგი;
დასახეთ გეგმები, მიზნები და ერთგულად მიჰყევით მათ.
წყარო - https://www.forbes.com/sites/forbescoachescouncil/2023/07/31/what-is-preventing-your-team-from-being-a-dream-team/?sh=45dc9b5e7c46