დღევანდელ სამყაროში განგრძობითი სწავლება პროფესიული განვითარების აუცილებელი ნაწილი გახდა. კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ახალი უნარების შეძენა, ცოდნის გაღრმავება და პიროვნული განვითარება. სამწუხაროდ, დასაქმებულები იმდენად დაკავებულები არიან ყოველდღიური სამუშაო რუტინით, რომ იშვიათად ახერხებენ დროის გამონახვას სწავლისთვის.
Forbes გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეგვიძლია გამოვნახოთ დრო სწავლისთვის და პროფესიული განვითარებისთვის:
- შექმენით სწავლის რუტინა;
განსაზღვრეთ კონკრეტული დრო, რომელსაც ყოველთვის მხოლოდ სწავლას დაუთმობთ. ეს შეიძლება იყოს დღის კონკრეტული მონაკვეთი ან კვირის რომელიმე დღე. დროის ამ შუალედში არ უპასუხოთ ტელეფონს, გამორთეთ შეტყობინებები და თავი სრულად სწავლას დაუთმეთ.
- დაისახეთ პატარა და დიდი მიზნები;
დრო საკმარისი არასდროს არის დიდი სასწავლო მასალის დასამუშავებლად. შესაბამისად, დაისახეთ პატარა მიზნები და დაყავით სასწავლო მასალა პატარა ნაწილებად.
მაგალითად, ტრანსპორტში მოუსმინეთ პოდკასტის პატარა ეპიზოდს, რიგში დგომის დროს, ტელეფონის სქროლვის ნაცვლად, წაიკითხეთ 2 წუთიანი სტატია თქვენთვის საინტერესო თემაზე.
მიკრო სწავლების მთელი მშვენიერება შესაძლებლობების მოქნილობაშია. სწავლა აუცილებლად ფორმალური განათლების ყველასთვის კარგად ნაცნობ სახეებს არ მოიცავს, სწავლა შეიძლება პატარა ვიდეოებით, მოკლე სტატიებით, ნებისმიერი შინაარსის კონტენტით, რომელიც თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას შეიცავს.
- ისწავლეთ გუნდთან ერთად;
გაიცანით ადამიანები, ვისაც მსგავსი მიზნები აქვთ და დაგეგმეთ ერთად მეცადინეობა. სხვებთან ერთად სწავლა გუნდურ მუშაობას ემსგავსება. გუნდის ყველა წევრი თავის დავალებას ასრულებს, მაგალითად ერთ-ერთი თქვენგანი მოუსმენს ტედ თოქს, პოდკასტს, რაიმე სემინარს. ჯგუფურ შეხვედრაზე კი გაგიზიარებთ მის გამოცდილებას და მოძიებულ ინფორმაციას.
ცოდნის გაზიარება გუნდთან აძლიერებს კავშირებს, ადამიანურ ურთიერთობებს და ხელს უწყობს საერთო პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას.
- სწავლისთვის გამოიყენეთ ხელოვნური ინტელექტი;
ხელოვნური ინტელექტი რევოლუციას ახდენს არა მხოლოდ ინდუსტრიებში, არამედ, აუმჯობესებს დასწავლის გამოცდილებას. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლის პროცესში ბევრი სახით შეიძლება, მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოგცეთ გრძელი წიგნების და სტატიების მოკლე ანალიზი, თქვენი დავალების შესაბამისად მოგაწოდოთ მხოლოდ თქვენი ინდუსტრიისთვის რელევანტური სიახლეები.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, თქვენ არა მხოლოდ ზოგავთ დროს, არამედ აუმჯობესებთ სწავლის ხარისხს.
- გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა;
მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილ სწავლას განსაკუთრებული როლი უჭირავს დასწავლის პროცესში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მოულოდნელი შესაძლებლობების სწორი გამოყენება. მაგალითად, ახალ კონფლიქტურ სიტუაციებში, ნაცნობი სტრატეგიების გამოყენების ნაცვლად, შეგიძლიათ გაეცნოთ და მიმართოთ კონფლიქტის მოგვარების ახალ ტაქტიკებს.
გამოიყენეთ სამსახურში ყოველდღიური სამუშო პროცესი სწავლისთვის. შეხვედრების, პრეზენტაციის, დისკუსიის შემდეგ კოლეგებთან ერთად განიხილეთ შეხვედრის მიმდინარეობა და შედეგები, რისი გამოსწორება შეიძლება და რისი სწავლა შეგიძლიათ ამ გამოცდილებისგან.
- შეინარჩუნეთ თანმიმდევრულობა;
განრგძობითი სწავლისთვის მნიშვნელოვანია თქვენი პროგრესის თვალყურის დევნება. პროგრესის მონიტორინგი აუმჯობესებს სწავლის გამოცდილებას, ზრდის მოტივაციას და ეფექტურობას. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა პლატფორმა, აპლიკაცია.
გადატვირთულ პროფესიულ ცხოვრებაში სწავლისთვის პრიორიტეტის მინიჭება შეიძლება ზედმეტ თავის ტკივილად მოგეჩვენოთ, თუმცა, შეგიძლიათ ყოველდღიურ საქმეებთან მისი ინტეგრირება. შეეცადეთ იპოვოთ თქვენთვის ყველაზე მეტად შესაფერისი სწავლის მეთოდი და გზა. განგრძობითი სწავლება მხოლოდ კარიერული წინსვლისთვის არ არის აუცილებელი, ეს პირადი აღმოჩენების და ზრდის გზაა.
წყარო - How To Make Time For Professional Development (forbes.com)