Forbes-ის მიერ გაზიარებული კვლევის თანახმად, ემპათიურობა მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმებულების ინოვაციურობას და ჩართულობას. კვლევის თანახმად, ემპათიური ლიდერის მართვის ქვეშ დასაქმებულების 61% უფრო მეტად ინოვაციურია, 76% კი აქტიურად არის ჩართული სამუშაო პროცესებში, მაშინ როდესაც ეს ბოლო მაჩვენებელი არაემპათიური ლიდერის დასაქმებულებისთვის 32%-ს შეადგენს.
ემპათია გულისხმობს სხვა ადამიანების გრძნობების გაგებას და გაზიარებას, სხვისი აზრის მოსმენას და გათვალისწინებას. ემპათიაზე ზრუნვა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს - ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც ადამიანური ურთიერთობების პრიორიტეტულობას შეიძლება ანაცვლებდეს პროდუქტიულობის და ეფექტურობის მოთხოვნები.
რას ნიშნავს ემპათიური ლიდერობა ცვლილებების დროს?
აქტიურად მოსმენა
ემპათიური ლიდეობა პირველ რიგში მოიაზრებს აქტიურად მოსმენას. ლიდერებმა გუნდის წევრებისთვის უნდა შექმნან გარემო, სადაც ყველას შეეძლება საკუთარ პრობლემებზე, შიშებსა და საჭიროებებზე საუბარი. ლიდერი სრულად ჩართული უნდა იყოს დიალოგში, მოუსმინოს დასმულ კითხვებს და გაანალიზოს დასაქმებულის ემოციები. მოსმენისას გულწრფელი ემპათიის გამოხატვით, თქვენ აღიარებთ სხვა ადამიანების გამოცდილებას და ქმნით ნდობას, რომელიც სცდება იერარქიულ დამოკიდებულებებს.
გრძნობების დანახვა და აღიარება
ემპათიური ლიდერობა გულისხმობს სხვების ემოციების დანახვას და მათ აღიარებას. ცვლილებები სხვადასხვა ემოციებს იწვევს ყველა ადამიანში, ეს შეიძლება იყოს აღფრთოვანება, შიში ან წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. თავიდან მოშორების ან ემოციების მნიშვნელობის შემცირების ნაცვლად, ემპათიური ლიდერები აღიარებენ მათ არსებობას და დასაქმებულებს სთავაზობენ გარემოს, სადაც ყველას შეუძლია გულწრფელად გამოხატოს საკუთარი ემოციები.
გამჭვირვალობა და გულწრფელობა
ცვლილებების დროს, ემპათიური ლიდერობა საჭიროებს გამჭვირვალობას და გულწრფელობას. კრიზისული სიტუაციების დროს, შფოთვის თავიდან ასაცილებლად ლიდერები ხშირად ბოლომდე არ ყვებიან სიმართლეს. ეს მიდგომა იწვევს ნდობის შემცირებას და საბოლოოდ უარყოფითად აისახება ურთიერთობებზე. ცუდი ამბები არავის უყვარს, თუმცა ყველა აფასებს გულწრფელობას და გამჭვირვალობას.
მხარდაჭერა და რესურსები
ცვლილებების პერიოდში ემპათიის გამოვლენისთვის შეიძლება აუცილებელი იყოს მხარდაჭერის გამოხატვა, დასაქმებულებისთვის დამატებითი რესურსების მიწოდება და სხვა. მაგალითად, შეიძლება დასაქმებულს სჭირდებოდეს დამატებითი დედლაინები, მასზე დაკისრებული დავალებების გადანაწილება, დამატებითი რესურსები დავალებების შესასრულებლად და სხვა.
ლიდერები მენტორობის, ქოუჩინგის ან სხვა დამატებითი საშუალებებით პრიორიტეტს უნდა ანიჭებდნენ საკუთარი დასაქმებულების პირად და პროფესიულ ზრდას და კეთილდღეობას.
ცვლილებები იშვიათად მიყვება ხოლმე წინასწარ განსაზღვრულ გეგმას. შესაბამისად, ლიდერები მზად უნდა იყვნენ სხვადასხვა სიტუაციებთან მოსარგებად. ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად რეაგირებს ცვლილებებზე, ემპათიურ ლიდერებს ასეთ დროს ევალებათ გაიგონ მათი საჭიროებები და ინდივიდუალურად შეცვალონ მიდგომები.
მნიშვნელოვანია ცვლილებების დანერგვის გზაზე პატარა მიღწევების აღიარება და აღნიშვნა. ინდივიდუალურად დასაქმებულების მიერ შესრულებული საქმის აღიარებით, გუნდში იქმნება პოზიტიური და ოპტიმისტური განწყობა.
ემპათიური ლიდერობა ცვლილებების დროს მხოლოდ ლიდერობის სტილი არ არის - ეს აზროვნების სტილია. თქვენ შეგიძლიათ კომპანიაში შექმნათ კულტურა, სადაც ადამიანები თავს დაფასებულად იგრძნობენ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ აქტიურ მოსმენაზე, გამჭვირვალობაზე, დასაქმებულებისთვის მხარდაჭერის შეთავაზებაზე, მოქნილობაზე და მცირე მიღწევების აღნიშვნაზე.