თქვენი საუკეთესო დასაქმებულები ხშირად ტოვებენ კომპანიას? ამის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ანაზღაურება არ არის. ზენგერ ფოლკმანის კვლევამ გამოავლინა დასაქმებულების სამსახურიდან გადინების მთავარი მიზეზი - ნდობა.
აღნიშნული კვლევის თანახმად, დასაქმებულების კმაყოფილების და ჩართულობის გასაზომად საუკეთესო მაჩვენებელი მათი გადინებაა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, კვლევის ფარგლებში შეგროვდა 18459 დასაქმებულის მონაცემები და პასუხი მთავარ კითხვაზე - რის გამო რჩებიან მათ მიმდინარე სამსახურში და რა განაპირობებს სამსახურით კმაყოფილებას. კვლევის შედეგების თანახმად, დასაქმებულები, რომლებიც კმაყოფილნი არიან თავისი დამსაქმებლით, ნაკლებად დატოვებენ მას.
გადინების მაჩვენებელი უკანასკნელი წლების მანძილზე ბევრ ინდუსტრიაში გაიზარდა. განსაკუთრებით კი იმ ინდუსტრიებში, სადაც ტალანტების მოზიდვის დიდი კონკურენციაა და სადაც გამუდმებით ეძებენ კონკრეტული უნარის მქონე ტალანტებს. მაღალი ანაზღაურება შეიძლება მიმზიდველი იყოს, თუმცა დასაქმებულებს ურჩევნიათ იმუშავონ ისეთ კომპანიაში, სადაც ნდობაზე დაფუძნებული კულტურა არსებობს.
ზენგერ ფოლკმანის კვლევა ნდობის შესახებ ადასტურებს, რომ ნდობა სამუშაო პროცესის პატარა ნაწილია, თუმცა ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ნდობა ის მთავარი ცვლადია, რაც განაპირობებს კომპანიის წარმატებას. თუ დასაქმებული ენდობიან ლიდერებს და კოლეგებს, ისინი უფრო მეტად არიან ჩართულები სამუშაო პროცესში, უფრო მეტად გამოხატავენ კმაყოფილებას და ერთგულებას. ნდობის კულტურის არსებობა კომპანიაში, დასაქმებულებსა და მენეჯმენტს შორის კომუნიკაციის ახალ არხს ხსნის.
იმ კომპანიებში, სადაც დაბალია ნდობის მაჩვენებელი, დასაქმებულები მათ ყოველდღიურობას ხშირად ციხედ მოიხსენიებენ. ნდობა ფსიქოლოგიური უსაფრთხოების შეგრძნებას განაპირობებს, ამგვარ გარემოში წახალისებულია რისკების აღება, იდეების გაზიარება, გულწრფელობა.
კვლევის ერთ-ერთი მიზანი იყო მონაცემების ანალიზი და კომპანიისთვის სამომავლო შედეგების განსაზღვრა. კვლევის ფარგლებში შემუშავდა გუნდში ნდობის გაზომვის სამი კრიტერიუმი. ესენია:
- ურთიერთობები - პოზიტიური ურთიერთობები კოლეგებს შორის;
- თანმიმდევრულობა - სრულდება თუ არა პრაქტიკაში, თეორიულად გაჟღერებული იდეები;
- ექსპერტულობა/აღსრულება - გვაქვს თუ არა შესაბამისი ცოდნა და შეგვიძლია თუ არა გადაწყვეტილების აღსრულება;
ნდობაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, თუმცა ზენგერ ფოლკმანის კვლევის თანახმად ეს სამი პარამეტრი გამორჩეულად მნიშვნელოვანია.
ურთიერთობები - გუნდის წევრებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბება ნდობის აუცილებელი ელემენტია. ურთიერთობები გულისხმობს კონფლიქტების მოგვარებასაც. როდესაც გუნდის წევრებს შეუძლიათ კონფლიქტების ერთად განხილვა და გადაწყვეტა - გუნდში ყალიბდება პოზიტიური კულტურა. მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა და ერთმანეთის მხარდაჭერა.
თანმიმდევრულობა - თანმიმდევრულობა ყველა კომპანიის მუშაობის მთავარი ელემენტია. თუ გუნდის წევრები თანხმდებიან, რომ არაეთიკური ქცევა მიუღებელია. მათ უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ყველა არაეთიკური საკითხი შეუძლიათ განსახილველად წარადგინონ და მათ მიმართ მიდგომა ერთნაირი იქნება. თანმიმდევრულობის კიდევ ერთი მახასიათებელია ადამიანების მიმართ თანაბარი მოპყრობა მიუხედავად მათი ასაკის, გენდერის, რასის და სხვა. თანმიმდევრულობის მაღალი მაჩვენებელია გუნდებში, სადაც პრობლემების წარმოქმნის დროს გუნდის წევრები იღებენ პასუხისმგებლობას დამნაშავის ძებნის გარეშე.
ექსპერტულობა და აღსრულება - ნდობა იზრდება იმგვარ გუნდებში, სადაც გუნდის წევრები ყველა არსებულ გზას იყენებენ მათი მიზნების დროულად და დაგეგმილ ბიუჯეტში მისაღწევად. აღსრულება ნდობის აუცილებელი ელემენტია. ნდობა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გუნდის ყველა წევრის აღიარება ხდება მათი მიღწევების შესაბამისად. ნდობა იკარგება მაშინ, როდესაც გუნდის წევრი თავისი შესაძლებლობების მინიმუმს აკეთებს. ნდობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია ინდივიდუალურად ყველა წევრის პრობლემა მოგვარდეს.
სრულად კვლევა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე - https://zengerfolkman.com/leadership-studies/insights-from-the-extraordinary-leader/