დღეს სამუშაოები ძირითადად დისტანციური ან ჰიბრიდული მოდელით სრულდება. სამუშაო ლოკაციის ინდივიდუალურად არჩევის საშუალებამ ადამიანების სტრესი ვერ შეამცირა და ზოგ შემთხვევაში, გაზარდა კიდეც. ძირითადი მიზეზი კი დღევანდელი სწრაფად ცვალებადი და არაპროგნოზირებადი გარემოა. დღეს თითქმის ყველა ბიზნესი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რაც შესაბამისად თითქმის ყველა თანამშრომლის მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ მოლოდინებს უფრო და უფრო მეტად ზრდის.
წიგნების Essentialism: The Disciplined Pursuit of Less და Effortless: Make It Easier to Do What Matters Most, ავტორი გრეგ მაკქოუენი გვთავაზობს ფიქრისა და სამუშაო პროცესის მართვის ახალ, პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც მუშაობის პროცესში შეამცირებს სტრესს და ამასთან, სასურველი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება. მაკქოუენის მიერ შემოთავაზებული შემდეგი შვიდი მიდგომა ორგანიზაციის თანამშრომლებს კონცენტრაციის უნარის გამომუშავებაში, უკეთესი შედეგების მიღწევასა და ახალი, კრეატიული მიდგომების აღმოჩენაში დაეხმარება:
გუნდის მდგომარეობა - დღევანდელმა დისტანციურმა და ჰიბრიდულმა სამუშაო გარემომ რთული გახადა თანამშრომლების დატვირთულობისა თუ მენტალური მდგომარეობის განსაზღვრა. შესაბამისად, კარგი იქნება თუ მენეჯერები ონლაინ გამოკითხვისა თუ პირისპირ შეხვედრის საშუალებით, გამოიკვლევენ შემდეგ საკითხებს: რა ქმნის თანამშრომლების დაძაბულობას სამუშაო პროცესში, მენეჯერთან ან თანამშრომელთან კომუნიკაციის დროს; რა მოცულობის სამუშაოს ასრულებენ ყოველდღიურად და რამდენად ახერხებენ დასვენებას. მაკქოუენის აზრით, ვიდრე ადამიანი პრობლემის არსს არ გაიგებს, მანამდე პრობლემას ვერ გაუმკლავდება. მსგავსი მიდგომა მენეჯერებს პრობლემის საფუძვლიან გამოკვლევასა და მისი გადაჭრის გზების მოძიებაში დაეხმარება.
ღია კომუნიკაცია - სამუშაო პროცესში სტრესის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია, მენეჯერმა თანამშრომლებს ჰკითხოს, თუ როგორ შეიძლება მათი მდგომარეობის შემსუბუქება. ასეთ დროს, მენეჯერები მზად უნდა იყვნენ ზოგიერთი პროექტისა თუ ამოცანის შესრულების დედლაინის გადაწევისათვის. მიზნის მისაღწევად უმჯობესია, თუ თანამშრომელი დღის განმავლობაში დასვენებასაც შეძლებს. ეს კი მენეჯერის მხრიდან თანამშრომლების სამუშაოების პრიორიტეტებად მართვას მოითხოვს. შედეგად, თანამშრომლების განწყობა და სამუშაოს ხარისხი გაუმჯობესდება, რადგან ადამიანების უმრავლესობა თავს მაშინ გრძნობს კარგად, როდესაც ზუსტად იცან, რომ დაკისრებული მოვალეობებს თავს გაართმევენ, ეტაპობრივად.
განრიგი და ადგილმდებარეობა - ხშირად, თანამშრომლები საკუთარ პირად საჭიროებებზე ღიად არ საუბრობენ და ამასთან, ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ფიზიკურ მუშაობას არ მოითხოვს, შეიძლება დისტანციურად შესრულდეს. მაკქოუენის აზრით, მენეჯერმა სამუშაოები თანამშომლებზე ინდუვიდუალურად მორგებული გრაფიკების შესაბამისად უნდა გადაანაწილოს. სამუშაო გრაფიკისა და ადგილმდებარეობის მოქნილობა, თანამშრომლების პირად ცხოვრებასა და პასუხისმგებლობებსაც შეუწყობს ხელს და მათ სტრესსაც შეამცირებს.
შედეგები - Growth Mindset-ის ერთ-ერთი მთავარი პრონციპი ძალისხმევაზე მეტად, უნარების სწორად გამოყენებასა და განვითარებას გულისხმობს. თუმცა, მსგავსი მიდგომა საფრთხის შემცველიცაა, რადგან ძალისხმევას შეიძლება სასურველი შედეგი ყოველთვის არ მოჰქონდეს. მაკქოუენი მიდგომას, რომელიც ადამიანებს ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად მეტი მუშაობისკენ უბიძგებს, პურიტანიზმის ტოქსიკურ ფორმას უწოდებს. მისი აზრით, მსგავის მიდგომა ხელს უშლის ინოვაციურობასა და კრეტიულობას. შედეგად, ვიღებთ „დაავადებას“ და მიუღწეველ მიზნებს. ამიტომ, ავტორი მენეჯერებს შედეგების მკაფიო განსაზღვრას და ამ შედეგების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას ურჩევს.
ნდობა - მნიშვნელოვანია მენეჯერმა თანამშრომლებს აუხსნას, თუ რა მოლოდინები აქვს მის მიერ შესრულებული სამუშაოების მიმართ. მაკქოუენი მენეჯერებს შემდეგი ხუთი კითხვის დასმას და ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას სთავაზობს: რა შედეგებს გვსურს რომ მივაღწიოთ? რა კონკრეტული სამუშაოები ევალება თითოეულ თანამშრომლებს ამ შედეგის მისაღებად? მინიმუმ რა ძალისხმევაა საჭირო ამ სამუშაოების შესასრულებლად? რა რესურსებია საჭირო? როგორ უნდა შეფასდეს პროგრესი და შესრულებული სამუშაო? ამ კითხვებზე მენეჯერებისა და თანამშრომლების საერთო პასუხი ნათლად განსაზღვრავს თანამშრომლის სამუშაოებს და მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.
დღის დასასრული - სამუშაოს დასრულების ზუსტი დრო დღის უკეთესად დაგეგმვასა და ადამიანების ემოციურ ჯანმრთელობას უწყობს ხელს. როდესაც ადამიანმა იცის სამუშაოს დასრულების ზუსტი დრო, ის უკეთესად მართავს პრიორიტეტებს და ქმნის მკაცრს სამუშაო რეჟიმს. ამასთან, სამუშაოს დაასრულების ზუსტი დრო ერთიანობის შეგრძნებასაც ქმნის, რადგან გუნდის ყველა წევრი მუშაობას ერთად ასრულებს. ამასთან, მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს თანამშრომლების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას.
რა თქმა უნდა, ნებისმიერი სამუშაო გარემო და გუნდი ზემოთ ჩამოთვლილ შვიდივე პრონციპს ერთდოულად ვერ მოირგებს. თუმცა, შესაძლებლობების გათვალისწინებით, ზოგიერთი მიდგომის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დისტანციურად თუ ჰიბრიდულად გუნდების სამუშაო გარემოს და ორგანიზაციას სასურველი შედეგების მიღწევაში დაეხმარება.
წყარო: forbes