ზოგი ადამიანისთვის დღე ცივი შხაპის მიღებით იწყება. კვლევები ადასტურებს, რომ დილით ცივი შხაპის მიღება დღის განმავლობაში ადამიანის პროდუქტიულობას ზრდის.
Primally Pure-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ბეთანი მაკდანიელი უკვე 7 თვეა, რაც დილას ცივი შხაპით იწყებს. მისი თქმით, ეს პროცესი დღის განმავლობაში კომპლექსური, თუმცა აუცილებელი საქმის შესრულებაში ეხმარება. მაკდანიელი საწყის ეტაპზე ცივ შხაპს მხოლოდ 20 წამის განმავლობაში იღებდა. თუმცა, ნელ-ნელა ეს დრო 2 წუთამდე გაზარდა. მისი ყოველდღიური ენერგიის დონე იმდენად შეიცვალა, რომ დილით ცივი შხაპის მიღების გარეშე, მისი განწყობა და პროდუქტიულობა საგრძნობლად ეცემა.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრი და ინსტრუქტორი აშვინი ნადკარნი ამბობს, რომ დაბალი ტემპერატურა ადამიანის ორგანიზმში სიმპატიკურ ნერვულ სისტემას ააქტიურებს, რაც ადამიანს სახიფათო და სტრესული სიტუაციების დაძლევაში ეხმარება. ცივი შხაპი პერიფერიული ნერვული სისტემიდან ტვინში ელექტრულ იმპულსებს აგზავნის. შედეგად, ორგანიზმი ფხიზლდება და უფრო აქტიური ხდება. ნადკარნს მაგალითად 2007 წლის კვლევა მოჰყავს, რომელიც ცივი შხაპით დეპრესიის მკურნალობის გამოსაკვლევად ჩატარდა. მონაწილეები, რომლებსაც დეპრესია ჰქონდათ, ცივ შხაპს ყოვედღიურად იღებდნენ. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცივი შხაპის მიღების შედეგები გარკვეული პერიოდის შემდეგ დგება - პაციენტები ნელ-ნელა მდგომარეობიდან გამოვიდნენ. ეს მიგვანიშნებს იმაზეც, რომ ცივი შხაპი ადამიანის პროდუქტიულობაზეც კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ მოქმედებს. 2016 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის ფარგლებშიც ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები ცივ შხაპს 30 დღის განმავლობაში იღებდნენ. შედეგად, მათი ავადმყოფობის დღეები 30% შემცირდა, ხოლო მათი პროდუქტიულობა საგრძნობლად გაიზარდა.
ცივი შხაპის რეგულარულ მიღებას კიდევ ერთი დადებითი ეფექტი აქვს - ის შფოთვით აშლილობასაც შველის. University of Cincinnati’s Lindner Center of HOPE-ის ფსიქიატრიის პრაქტიკოსი და დოქტორი ამანდა პორტერი ამბობს, რომ ცივი შხაპის რეგულარულად მიღებისას შფოთვითი აშლილობა თავისთავად რეგულირდება, ხოლო ტვინში აზრთა მიმდევრობა მწყობრში დგება. შედეგად, უმჯობესდება ადამიანის კონცენტრაციის უნარი, რაც პროდუქტიულობასა და შემეცნების უნარს აძლიერებს.
ცივი შხაპის რეგულარული მიღება ადამიანს ნებისყოფის გამომუშავებაშიც ეხმარება. ადამიანს მოთმინება სჭირდება, რომ ამ პროცესის შედეგი დაინახოს. მოთმინების გამომუშავება კი ყოველდღიური არასტაბილური გარემოს შეგუებისთვის აუცილებელი ფაქტორია. ასე რომ, თუ „ცივი შხაპის მიღება“ მეტაფორულად უცბად გამოფხიზლებას ნიშნავს, რელურადაც ასე ყოფილა.