ახალგაზრდა თაობის დასაქმებულები მუდმივად ზრდის და განვითარების ახალ გზებს ეძებენ, მათ არ სურთ 15, 20 წელი ერთი და იმავე საქმის კეთება. მილენიალები და Gen Z სამსახურის ძიებისას უპირატესობას ანიჭებენ კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ საკუთარი თავის გამოწვევა და მზად ხართ ახალი შესაძლებლობები გამოიყენოთ Forbes გვიზიარებს 5 რჩევას, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ამგვარი შესაძლებლობები:
1. დააკვირდით ტრენდებს;
არსებობს ორი სახის კარიერული ტრენდები: გლობალური (რომელსაც გლობალური გავლენა აქვს და გავლენას მოახდენს თქვენს სამსახურზე ან ინდუსტრიაზე) და ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი (უფრო მცირე მასშტაბის მოვლენები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ სფეროზე ახდენს გავლენას). მნიშვნელოვანია ორივე მათგანი შეისწავლოთ და დააკვირდეთ სიახლეებს.
მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ ტექნოლოგიები ყოველდღიურად და ძალიან სწრაფად ვითარდება. ხელოვნური ინტელექტის განვითარება გლობალური მოვლენაა და გავლენას მოახდენს სხვადასხვა ინდუსტრიაზე. ამ ტრენდს ყურადღება უნდა მიაქციოთ მიუხედავად იმისა მუშაობთ თუ არა ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სფეროში. გაესაუბრეთ თქვენი სფეროს და სხვა ინდუსტრიების წარმომადგენლებს, მოიძიეთ ინფორმაცია აქტუალური საკითხების შესახებ და შეცადეთ აღმოაჩინოთ რომელ მიმართულებაზე გაიზრდება მოთხოვნა.
2. განსაზღვრეთ რისი ნაკლებობაა შრომით ბაზარზე;
იაზროვნეთ კრეატიულად, გააანალიზეთ შრომით ბაზარზე არსებული მდგომარეობა და დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - „რა არ აქვს ამ ინდუსტრიას და შემიძლია თუ არა ამის შეთავაზება?“, „რომელი მიმართულებებს არ ექცევა საკმარისი ყურადღება და რა შემიძლია გავაკეთო ამის საპასუხოდ?“.
3. იპოვეთ მენტორი;
მენტორი უნდა იყოს უფრო გამოცდილი და უფროსი პროფესიონალი, რომელსაც შეეძლება გაგიზიაროთ საკუთარი მრავალფეროვანი გამოცდილება.
4. შეაფასეთ საკუთარი თავი;
შეფასების ონლაინ ტესტები საუკეთესო საშუალებაა განსაზღვროთ თქვენ მიერ არჩეული კარიერა შეესაბამება თუ არა ღირებულებებს, პიროვნულ მახასიათებლებს და უნარებს.
ონლაინ ტესტებთან ერთად შეგიძლიათ მიმართოთ კარიერის ქოუჩს. ქოუჩი დაგეხმარებათ გაპოვნინოთ თქვენთვის სასურველი მიზნები, აღმოაჩინოთ დაფარული ნიჭები, იპოვოთ ახალი შესაძლებლობები და იფიქროთ ჩარჩოებს გარეთ.
5. დაამყარეთ ახალი ურთიერთობები;
კარიერული ზრდისთვის და ახალი შემოთავაზებების მისაღებად ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება. 2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 18% უთითებდა, რომ სასურველი შეთავაზება მიიღეს საკუთარ სანაცნობო წრეში სამსახურის ცვლილების სურვილის გამოხატვის შედეგად და არ გაუვლიათ სამსახურის პოვნის სტანდარტული პროცესები, 24% დასაქმდა მათი ონლაინ პროფილში მითითებული ინფორმაციის მეშვეობით, 55%-მა მიუთითა, რომ რეკომენდაციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მათთვის გასაუბრების ეტაპზე გადასასვლელად.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ეტაპზე, კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია იმგვარი ადამიანების პოვნა, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ღირებულებების შემატება თქვენი ცხოვრებისთვის და კარიერისთვის. იფიქრეთ სტრატეგიულად და დაგეგმეთ ინდუსტრიების გათვალისწინებით რომელი პროფესიის ადამიანები უნდა გაიცნოთ, მაგალითად, რეკრუტერები, შუა რგოლის მენეჯერები, პროფესიონალები, რომლებიც თქვენს ინდუსტრიაში მუშაობენ და სხვა.
წყარო - https://www.forbes.com/sites/rachelwells/2023/11/15/5-easy-ways-to-spot-career-and-job-growth-opportunities/?sh=481077a748c7