ხშირად გრძნობთ თუ არა თავს იმედგაცრუებულად, რომ დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი გაგიკეთებიათ? ყველა საქმე თანაბრად მნიშვნელოვანი არ არის. პარეტოს წესის თანახმად, ყურადღება უნდა გაამახვილოთ იმ საქმეებზე და დავალებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია და რომელთა შედეგსაც დიდი გავლენა ექნება.
პარეტოს პრინციპი, ასევე 80/20 წესის სახელით არის ცნობილი და ის ვილფრედო პარეტომ ადრეულ 1900-იან წლებში აღმოაჩინა. მისი დაკვირვებით, იტალიის ქონების 80%-ს ფლობდა მოსახლეობის მხოლოდ 20%. ეს პროპორცია მიემართებოდა ბევრ სხვა სფეროსაც. მაგალითად, ყოველდღიურად შესრულებული დავალებების მხოლოდ 20% განაპირობებს შედეგების 80%-ს. ეს დავალებები მნიშვნელოვანი დავალებებია, რომელთა შესრულების გამოც დღის ბოლოს კმაყოფილების შეგრძნება გეუფლებათ.
პარეტოს პრინციპის ბენეფიტები
ერთი საერთო შეცდომა, რომელსაც ყველა ადამიანი უშვებს მუშაობისას, არის ის, რომ თუ თავს არაპროდუქტილად გრძნობენ, ისინი რეაქტიულად მუშაობენ, მაგალითად, პასუხობენ სასწრაფო მეილებს, მიმდინარე თხოვნებს და ასრულებენ პატარა ყოველდღიურ დავალებებს. ამ მახისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმოთ შემდეგი დღის გეგმა, თუ რისი მიღწევა გსურთ დღის განმავლობაში. პარეტოს წესის თანახმად, შეგიძლიათ გაფილტროთ სასწრაფო, თუმცა ნაკლებად მნიშნელოვანი თხოვნები და გამოყოთ დავალებები, რომლებიც აუცილებელია. პარეტოს პრინციპის გამოყენება დაგეხმარებათ:
- იმუშავოთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია;
- უკეთესად გამოიყენოთ დრო;
- ნაკლები ძალისხმევით, მიაღწიოთ უფრო მეტს.
როგორ უნდა გამოვიყენოთ პარეტოს წესი?
ჩამოწერეთ აუცილებელი საქმეები
გააანალიზეთ თქვენი დავალებები და ვალდებულებები. თუ თქვენი სამუშაო დღე შედგება 8-10 საათისგან, სავარაუდოდ, დღის მანძილზე გექნებათ სხვადასხვა შეხვედრა, ლანჩი, ადმინსტრაციული დავალებები, პატარა საქმეები და დრო მარტო მუშაობისთვის. გამოიყავით ჩამოთვლილი დავალებებიდან ის 20%, რომელიც ყველაზე მეტად ემსახურება თქვენს მთავარ მიზანს და ყველაზე მნიშვნელოვანია მათი შესრულება. ეს შეიძლება იყოს ღირებული კლიენტის თხოვნა, პროექტი, რომელსაც შეუძლია თქვენს კარიერაზე მოახდინოს გავლენა, ახალი ურთიერთობების დამყარება. ამ პრიორიტეტებზე მუშაობა გაზრდის თქვენს ეფექტურობას.
დაგეგმეთ სამუშაო პროცესი
მნიშვნელოვანი დავალებების გამოყოფის შემდეგ, დაგეგმეთ სამუშაო პროცესი. შეეცადეთ თავიდან მოიშოროთ დავალებები, რომლებიც ღირებულ დროს გართმევენ, განსაზღვრეთ დღის რომელი მონაკვეთის გამოყოფა შეგიძლიათ მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად.
ეფექტურობისთვის სამუშაო დრო დაყავით ბლოკებად
გამოიყენეთ სამუშაო დროის ბლოკებად დაყოფის მეთოდი. მაგალითად, დღის მანძილზე სამუშაო დრო გაანაწილეთ სხვადასხვა დავალებებზე და კონკრეტულ დროს იმუშავეთ, მხოლოდ ამ დროისთვის განსაზღვრულ დავალებებზე. ამ გზით თავიდან აირიდებთ დამატებით ხელშეშლას და უფრო კონცენტრირებულად მოახერხებთ მუშაობას. შეიძლება მთელი დღე შეხვედრებზე იყოთ, თუმცა თუ წინასწარ გამოყოფთ დღეში 2 საათს მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად, თქვენ უფრო მალე მიაღწევთ სასურველ შედეგს.
დავალებების დელეგირება
განსაზღვრეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი დავალებები, რომლების შესრულებასაც დიდი დრო მიაქვს. თუ ეს შესაძლებელია, გადაეცით გუნდის სხვა წევრებს შესასრულებლად. დელეგირება დაგეხმარებათ თქვენი დროის უკეთ განაწილებაში.
წყარო - https://www.forbes.com/sites/lucianapaulise/2024/02/13/4-ways-to-master-the-pareto-rule-to-prioritize-and-focus/?sh=34f2