Curriculum Viate (CV) ლათინური სიტყვაა და ქართულად „ცხოვრების გზას“ ნიშნავს. CV სამუშაოს მაძიებლისთვის აუცილებელი დოკუმენტია, რომლიც პოტენციური დამსაქმებელს კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და უნარების შესახებ ინფორმაციას აწვდის. დამსაქმებელი სწორედ CV-ის საფუძველზე იღებს კანდიდატთან პირადად შეხვედრის გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ CV-ის შექმნის ისტორიას მოგიყვებით.
პირველი CV რენესანსის ეპოქაში შეიქმნა და მისი ავტორი ლეონარდო და ვინჩია. და ვინჩის სხვა, უამრავმა გამოგონებამ და მიღწევამ, CV-ის გამოგონების ისტორია ნამდვილად დაჩრდილა. ლეონარდოს სამხედრო არქიტექტორად მუშაობა სურდა. 1482 წელს მან გადაწყვიტა მილანის ჰერცოგისათვის მიეწერა წერილი, სადაც საკუთარ გამოგონებებსა და უნარებზე ისაუბრებდა. და ვინჩი წერილში საუბრობს, თუ რა გამოარჩევს მას სხვებისაგან და რა შეუძლია შესძინოს სამხედრო არმიას. რა თქმა უნდა, და ვინჩის CV-ს ფორმატიდღევანდელი სტანდარტული მოდელისგან განსხვავებულია, თუმცა ის CV-ის წინამორბედად ითვლება.
შუა საუკუნეებით თარიღდება პირველი პროტფოლიოს შექმნის ისტორიაც. იმდროინდელი ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები ხშირად ქმნიდნენ საკუთარი სკეჩების წიგნაკს. მსგავსი პორტფოლიოს საუკეთესო მაგალითი მე-13 საუკუნით დათარიღებული Villard de Honnercourt-ის სკეჩების წიგნაკია, სადაც მისი არქიტექტურული და მექანიკური ნამუშევრების ჩანახატები იყრის თავს.
1500-იან წლებში CV-ის მსგავს დოკუმენტებს, ხშირად უცხო ქვეყანაში ჩასული მოგზაურები იყენებდნენ. დოკუმენტები, რომლებშიც სამუშაოს მაძიებელი მოგზაურები საკუთარ უნარებზე საუბრობდნენ, ადგილობრივ მმართველებთან იგზავნებოდა.
მე-20 საუკუნეში CV-ის ფართო მასშტაბით გავრცელებას ხელი გაზეთებმა შეუწყო. თუ სამუშაოს მაძიებელი გაზეთში მისთვის საინტერესო ვაკანსიას წააწყდებოდა, მას CV-ის მსგავსი აპლიკაციის შევსება და პოტენციური დამსაქმებლისათვის გაგზავნა ევალებოდა. უკვე 1937 წელს, Napoleon Hills-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, წარმატებისკენ მიმავალი გზის მეექვსე ნაბიჯად საინტერესო CV-ის შედგენის მეთოდებზეა საუბარი.
1950-იანი წლებიდან თითქმის ყველა ვაკანსიაზე CV-ის გაგზავნა აუცილებელი მოთხოვნა გახდა. 1960-იანი წლებიდან ადამიანებმა CV-ში სამუშაო გამოცდილების გარდა სხვა ინტერესებზეც დაიწყეს საუბარი რომ დამსაქმებლისთვის მათი პიროვნული თვისებების შესახებ, უფრო ცხადი ინფორმაცია მიეწოდებინათ. ამ პერიოდისთვის CV-ში მოითხოვებოდა ისეთი ინფორმაციაც, როგორიცაა კანდიდატის რელიგიური მრწამსი, სქესი, ასაკი, სიმაღლე, წონა, ოჯახური მდგომარეობა, მატერიალური სტატუსი და სხვ. თუმცა, 1960-1970-იან წლებში ეს სტანდარტი შეიცვალა: აშშ-ში 1963 წელს მიიღეს აქტი თანაბარი ანაზღაურების შესახებ, რომელიც კორპორაციებში სექსუალურიდა ასაკობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ იყო მიმართული. სწორედ ამ აქტის დამსახურებით, 1970-იანი წლებიდან CV-ში სქესისა და ასაკის მითითება აღარ არის აუცილებელი.
ინტერნეტის ეპოქამ დასაქმების ბაზარზეც დიდი გავლენა იქონია. პირველ რიგში, ფოსტის ან ფაქსის ნაცვლად, CV ახლა ელექტრონული ფოსტით იგზავნება. ამასთან, ონლაინ სივრცეში უამრავი უფასო თუ ფასიანი პლატფორმა გაჩნდა, რომელიც ადამიანებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი CV-ის შედგენაში ეხმარება. 2003 წელს შეიქმნა Linkedin, სოციალური ქსელი, რომლმაც ადამიანებს ონლაინ CV-ის შექმნისა და გაზიარების საშუალება მისცა. დღეს, Linkedin-ის დახმარებით, დამსაქმებლებიც უფრო მარტივად პოულობენ სასურველ თანამშრომელს.
როგორც ხედავთ, CV-ის ისტორია დაახლოებით 7 საუკუნეს ითვლის. CV-ის შედგენის სტანდარტები მუდმივად ცვალებადია. საინტერესოა, რა ტიპის ცვლილებები გველოდება წინ...