სიახლეს აღარ წარმოადგენს, რომ ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ვითარდება და მალე შეცვლის საოფისე საქმის წარმოების წესებს. როგორი იქნება ცვლილებები წინასწარ არავინ იცის, თუმცა, ბევრი უკვე იყენებს ChatGPT-ის.
მარკეტერები უკვე აქტიურად მუშაობენ, რომ სოციალური მედიის პოსტები და რეკლამები ჩატბოტებმა დაწერონ, უნივერსიტეტის პროფესორები ფიქრობენ როგორ შეცვალონ ესეების წერის სტილი, უძრავი ქონების აგენტები ქონების განცხადებებს ხელოვნურ ინტელექტს აწერინებენ. ამ რეალობის ფონზე, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა საჭიროა თუ არა წერის უნარების განვითარება.
Inc. გვიზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ რატომ არის ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კარგად წერის უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
წერა დაგეხმარებათ საკუთარი თავის განვითარებაში
ექსპერტები განმარტავენ, რომ წერა მხოლოდ სწორი სიტყვების შერჩევის პროცესი არ არის. წერის ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია არა სხვებისთვის რამის სწავლება, არამედ საკუთარი თავის განვითარებაა.
წერის დროს ვიაზრებთ, რომ შეიძლება არ გვესმოდეს ის საკითხი, რაზეც ვწერთ. უფრო სწორედ, წერა გვეხმარება საკითხის უკეთ გააზრებაში. რაიმეს შესახებ დაწერა არის ამ თემის შესწავლის საუკეთესო გზა. კარგად წერის უნარი საჭიროა არა სხვებზე გავლენის მოსახდენად, არამედ საკუთარი თავის განვითარებისთვის.
წერა დაგეხმარებათ გაიაზროთ ფიქრები და ემოციები. წერის პროცესში შეგიძლიათ სახელი უპოვოთ გაურკვეველ გრძნობებს. ფიქრების ფურცელზე გადმოტანა საუკეთესო საშუალებაა შფოთვის მოსახსნელად, საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად და ზოგადად, მენტალური ჯანმრთელობისთვის.
უკეთესად ფიქრისთვის ისწავლეთ კარგად წერა
არც ისე შორს არის მომავალი, როდესაც ჩატბოტი დაწერს მეილებს თქვენი უფროსისთვის ან რამდენიმე წუთში მოამზადებს მნიშნელოვან პრეზენტაციას. ეს შესაძლებლობები გამოიყენეთ თქვენს სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, არც ერთ ჩატბოტს არ შეეძლება ახლო მომავალში რამდენიმე რთული იდეის გაანალიზება და თქვენს კონკრეტულ სიტუაციაზე მორგება, ბოტი ვერ დაგეხმარებათ რთული ინტელექტუალური თავსატეხის ამოხსნაში.
დღევანდელ სამყაროში ემპათიური, ექსპერიმენტული და წერის ადამიანური უნარი უფრო ღირებული კარიერული უნარია. თუნდაც არ გეგმავდეთ კარიერის წერასთან დაკავშირებას, ფიქრის უნარის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება წერაა.