სამუშაო ბაზარი წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება და იცვლება ხელოვნური ინტელექტის, სხვადასხვა ტექნოლოგიური მიღწევების, ცვალებადი ბიზნეს საჭიროებების, მომხმარებლების მოთხოვნების და საჭიროებების გამო.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი დამატებითი წნეხია დასაქმებულებისთვის, რომლებსაც უწევთ მუდმივად ისწავლონ და მოერგონ ყველა ახალ ცვლილებას. თუმცა პროფესიონალებს ყველა დროში უწევდათ ცვლილებებთან ადაპტირება და ახალი უნარების ათვისება კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. FastCompany გვიზიარებს უნარებს, რომლებიც 2024 წელს ყველაზე მოთხოვნადი იქნება დამსაქმებლებისთვის. ამგვარად, შეგეძლებათ უკეთ დაგეგმოთ თქვენი კარიერული განვითარების შემდეგი ნაბიჯები.
- ადაპტურობა;
თანამედროვე სამყარო მუდმივად იცვლება, იქნება ეს დისტანციურად მუშაობის მოდელი, ტექნოლოგიური ცვლილებები თუ სხვა. ამის გამო, გამძლეობა და ცვლილებებთან ადაპტირების უნარი დასაქმებულებისთვის აუცილებელ უნარებად ჩამოყალიბდა. დამსაქმებლებს სჭირდებათ თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია მიიღოს ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები.
ადაპტურობა გულისხმობს, რომ შეგიძლიათ იყოთ ინოვაციურები, გამოწვევები გარდაქმნათ ახალ შესაძლებლობებად. რეზიუმეში ამ უნარის წარმოსაჩენად საუკეთესო გზაა მიუთითოთ პრაქტიკული მაგალითები, როდის გამოიჩინეთ ინიციატივა, სწრაფად მოერგეთ ცვლილებებს და ა.შ.
- მონაცემების მეცნიერება და ანალიტიკა;
მონაცემები თანამედროვე სამყაროს ყველაზე ძვირფასი რესურსია. ბიზნესის ყოველდღიური ოპერირება დაფუძნებულია მონაცემების ანალიზზე. დიდი, საშუალო, პატარა კომპანიების მიზნების გათვალისწინებით, მონაცემების დამუშავების ბევრი სხვადასხვაგვარი გზა არსებობს. სწორედ ამიტომ, დამსაქმებლები ეძებენ კანდიდატებს, რომელსაც აქვს მონაცემების მოძიების, დამუშავების და ანალიტიკური უნარები.
აუცილებელი არ არის დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავების ექსპერტი იყოთ მათი კრიტიკული ანალიზისთვის. მნიშვნელოვანია გესმოდეთ მონაცემების მნიშვნელობა ბიზნესისთვის და საბაზისო ტერმინოლოგია.
მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული საბაზისო ცოდნა ხშირად კანდიდატებს აქვთ პოპულარული ელექტრონული პლატფორმების გამოყენების მეშვეობით. მაგალითად, პიროვნულ დონეზე, ადამიანების უმრავლესობას ესმის როგორ მუშაობა მონაცემთა ანალიტიკა მათი პირადი სოციალური მედიის პროფილებიდან.
მიმდინარე წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეზიუმეში მიუთითოთ რომელი ტექნიკურ საშუალებებთან გიმუშავიათ, შეგიძლიათ თუ არა მონაცემების ანალიზი, დამუშავება და ანალიტიკა.
- კრეატიულობა;
შრომითი ბაზარი არასდროს ყოფილა ასეთი კონკურენტული. იმისთვის, რომ უამრავ კანდიდატში გამოირჩეოდეთ, აუცილებელია იყოთ კრეატიული და ინოვაციური. კომპანიებს სჭირდებათ თანამშრომელი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა, ახალი იდეების მოფიქრება და განხორციელება.
რეზიუმეში ამ უნარების წარმოსაჩენად მიუთითეთ პრაქტიკული მაგალითები, როგორ გამოიყენეთ თქვენი კრატიულობა კომპანიაში პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად.
თქვენი კრეატიულობის გამოსავლენად შეგიძლიათ მოიფიქროთ ერთი საინტერესო და დამამახსოვრებელი წინადადება რომელიც საუკეთესოდ გახასიათებთ და მიუთითოთ ის დასაქმების ვებ გვერდებზე, მაგალითად, LinkedIn-ის პროფილზე.
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
სამყარო მოულოდნელობებით არის სავსე, შეუძლებელია ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და გაკონტროლება, რის გამოც, პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნების უნარები, ყოველთვის მოთხოვნადი უნარები იქნება დამსაქმებლებისთვის.
2024 წელს, გრძელდება დიდი ცვლილებების პერიოდი, იცვლება ინდუსტრიები, წარმოიქმნება ახალი ტექნოლოგიები, დამსაქმებელს უნდა აჩვენოთ როგორ გაუმკლავდით დიდ და მოულოდნელ გამოწვევებს წარსულში.
პრობლემების გადაჭრის უნართან ერთად, მნიშნელოვანია კრიტიკულად აზროვნების უნარი, შექმნილი მდგომარების გაანალიზება, ყველა ფაქტის შესწავლა და საუკეთესო გამოსავლის მოფიქრება. ეს მთელი პროცესი მოითხოვს ლოგიკურ აზროვნებას, კრეატიულობას და ადაპტურობას.
- გარემოზე ზრუნვა;
2024 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარება, გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით კომპანიების, ისევე როგორც დასაქმებულების ცნობიერების ამაღლება.
დამსაქმებელს უნდა აჩვენოთ, რომ თქვენ ზრუნავთ გარემოზე, თქვენ აცნობიერებთ გარემოზე ადამიანის მიერ დატოვებულ კვალს და ცვლილებებს, იცნობთ ეკოლოგიურად მეგობრულ პრაქტიკებს და კომპანიების შეუცვლელ როლს დედამიწის შენარჩუნებასა და გადარჩენაში. ბევრი კომპანია ნერგავს „მწვანე“ ინიციატივებს გარემოზე ზრუნვის მიზნით.
წყარო - https://www.fastcompany.com/91014141/top-5-skills-you-need-to-get-hired-in-2024