Gen Z, 1997 წლის შემდეგ დაბადებული დასაქმებულები, გამორჩეულად მრავალფეროვანი თაობაა. ისინი განსაკუთრებულად მოტივირებულები არიან მიაღწიონ წარმატებას. თუმცა, Gallup-ის კვლევის თანახმად, სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, Gen Z ყველაზე ნაკლებად, მხოლოდ 31%, არის აქტიურად ჩართული სამუშაო პროცესებში. ამის გამომწვევი მიზეზი მარტივია, Gen Z-ის უმეტესობა არ თვლის, რომ მათ სამუშაოს აქვს რაიმე მიზანი. მეტიც, ზოგი მათგანი მიიჩნევს, რომ მათ არ აქვთ კარიერული განვითარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.
Gen Z-თვის პირადი მენტალური კეთილდღეობა უპირველესი პრიორიტეტია და ისინი არ აპირებენ სამომავლო პროფესიულ დაპირებებს შეეწირონ მსხვერპლად. სწორედ ამიტომ, შეიძლება Gen Z წავიდეს სამსახურიდან და უარი თქვას საერთო გუნდური მიზნების მისაღწევად ბევრ მუშაობაზე.
რისი გაკეთება შეუძლია ამ დროს დამსაქმებელს? Snapchat-ის უახლესი კვლევის თანახმად, Gen Z-ის მოტივაციას ყველაზე ნაკლებად განაპირობებს ფული. შესაბამისად, ხელფასის გაზრდის ნაცვლად, შესთავაზეთ Gen Z-ის ქვემოთ მოცემული პირობები:
1. გახდით Gen Z-თვის სამაგალითო ლიდერი;
პანდემიამ შეცვალა სამსახურის დეფინიცია. ახალგაზრდა დასაქმებულებს სჭირდებათ უფრო მეტი ემპათია და ღრმა კავშირები კოლეგებთან. Gen Z ტექნოლოგიებთან ერთად გაიზარდა, ამიტომ სამსახურში ახალი ტექნოლოგიების შესწავლა არ წამოადგენს მათთვის სიახლეს. თუმცა, შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ამ ახალ თაობას სურს სამსახურში ისწავლოს პირადი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად აუცილებელი უნარები.
მენეჯერები ხშირად უყურადღებოდ ტოვებენ Gen Z-ის ამ ინტერესს ე.წ. რბილი უნარების მიმართ, რადგან თვლიან, რომ მათ ეს უნარები უნდა ჰქონდეთ სხვა აკადემიური ან სტაჟირების პროგრამებიდან. თუმცა, თუ გადავხედავთ უკანასკნელ წლებში მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს - სოციალურ ცვლილებებს, ტექნოლოგიებზე და სოციალურ მედიებზე მიჯაჭვულობას, პოლიტიკურ არასტაბილურობას და იზოლაციას გლობალური პანდემიის გამო, გასაკვირი არ არის, რომ Gen Z-იმ ვერ მოახერხა რბილი უნარების გამომუშავება,ამიტომ ყველაზე მეტად სწორედ ეს სჭირდებათ სამსახურისგან.
Gen Z ნაკლებად არის ჩართული სამუშაო პროცესში არა იმიტომ, რომ მათ არ უნდათ უფრო მეტი იმუშავონ, არამედ იმიტომ, რომ არ გრძნობენ საკმარის კავშირს სამსახურთან და მენეჯერები არ შთააგონებენ მათ.
Gen Z-ის ეფექტურად მართვისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათთვის იყოთ მაგალითი. თქვენ უნდა იყოთ ლიდერი, რომელიც არის სამართლიანი, მგრძნობიარე, აქვს ემპათია და ინკლუზიურია კოლაბორაციისას.
გადახედეთ იმ ლიდერებს, რომლებიც Gen Z-ში იწვევენ პატივისცემას - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მისი სიმამაცისთვის, დედოფალი ელიზაბეტ მეორე მისი მოვალეობის გრძნობისთვის, პროფესორი ბრენ ბრაუნი მისი ემპათიის და სამართლიანობისთვის. შეიძლება თქვენ არ ხართ პრეზიდენტი, დედოფალი ან პროფესორი, თუმცა თქვენ ხართ თქვენი გუნდის ლიდერი. იმოქმედეთ მათ მსგავსად და თქვენ მიიღებთ Gen Z-ის უფრო მეტ ჩართულობას.
2. გაიაზრეთ ოფისის როლი და იმუშავეთ ნებისმიერი ადგილიდან;
დღეს, დასაქმებულებს აქვთ მეტი ავტონომია აირჩიონ საიდან და როდის იმუშავებენ. Gensler-ის ბოლო კვლევამ, რომელმაც გამოკითხა ოფისში დასაქმებულები, დაადგინა, რომ ოთხივე თაობის წარმომადგენლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ოფისში მუშობისას არის კოლეგებთან ერთად მუშაობა.
დისტანციური სამუშაოს ადგილის განსაზღვრისას იყოფა განსხვავებული თაობების შეხედულებები. კერძოდ, ძველი თაობა ორად ყოფს სამუშაო ადგილს - სახლი და ოფისი. ახალი თაობები, სრულად ითვისებენ ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის კონცეფციას. Gen Z და ახალგაზრდა მილენიალები სამუშაოდ ირჩევენ სხვა ადგილებსაც - კაფეები, ბიბლიოთეკები, პარკები, საერთო სამუშაო სივრცეები.
Gen Z-თვის სასურველი სამუშაო გარემოს შესაქმნელად, შესთავაზეთ მათ მაქსიმალური მოქნილობა. მიეცით საშუალება აირჩიონ საიდან და როგორ იმუშავებენ. ოფისისთვის ფიზიკურად შეარჩიეთ იმგვარი ლოკაცია, საიდანაც მარტივია გადაადგილება. ოფისში შესთავაზეთ დასაქმებულებს სამუშაო სივრცეების მრავალფეროვნება, დამატებითი სივრცეები გარეთ, შენობის სახურავზე, ტერასებზე.
3. წაახალისეთ კოლეგებს შორის სწავლა და მენტორობა;
Gen Z-თვის მნიშვნელოვანია ოფისი, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ურთიერთობა ჰქონდეს სხვა თანამშრომლებთან, არამედ იმიტომ, რომ ისწავლოს კულტურული ნორმები და გაიზარდოს პროფესიულად. ამ თაობას პირადი განვითარებისთვის სჭირდება ფიზიკური კონტაქტი და მენტორების ხელმისაწვდომობა.
Gen Z-ის სწავლისთვის და თვითგანვითარებისთვის არ არის აუცილებელი ძვირადღირებულ ტრენინგებზე დასწრება. შეგიძლიათ Gen Z-ის შესთავაზოთ პოდკასტები, youtube ვიდეოები, აუდიო წიგნები. Gen Z კომუნიკაციას ძირითადად ელექტრონულად ამყარებს, შესაბამისად, ონლაინ და კოლეგებისგანსწავლის შესაძლებლობა მათ იდეალურად შეესაბამებათ. კოლეგებთანდაკავშირება შეიძლება მოხდეს ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით როგორიცა slack, Teams და სხვა.
ეს აქტივობები მინიმალურ რესურსებს მოითხოვს დამსაქმებლის მხრიდან, თუმცა მათ შეიძლება ჰქონდეთ განსაკუთრებული ეფექტი. კვლევის თანახმად, 10 დასაქმებულიდან 9 დასაქმებული, რომელსაც ჰყავს მენტორი სამსახურში, უფრო მეტად ბედნიერია სამსახურით. კოლეგებისგან სწავლა და მენტორობა კარგი საშუალებაა Gen Z-ის ჩართულობის გასაზრდელად.
Gen Z-ის შესანარჩუნებლად დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან უმოქმედობა შეიძლება უფრო ძვირად დაგიჯდეთ - თქვენ შეიძლება დაკარგოთ განსაკუთრებული უნარების მქონე მთელი თაობა. Gallup-მა დაადგინა, რომ თავიანთი ნებით წასული თანამშრომლების 52% აცხადებს, რომ მათ მენეჯერს ან ორგანიზაციას შეეძლოთ შეეჩერებინათ მათი სამსახურიდან წასვლა.
წყარო - How to Engage Gen-Z Workers? Raise Your Game | Inc.com