გასაუბრების პროცესზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა მოხდება გასაუბრების შემდეგ. ხშირად, კანდიდატები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ამ ეტაპს და საჭიროდ არ მიიჩნევენ გასაუბრების შემდეგ დამატებითი ქმედებების განხორციელებას. თუ არ გსურთ, რომ გასაუბრებისთვის მომზადებაში დახარჯული დრო ფუჭად დაიკარგოს, გაითვალისწინეთ Forbes-ის ოთხი მნიშვნელოვანი რჩევა და არ გამოტოვოთ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები:
1. გამსაუბრებელს გაუგზავნეთ მადლობის წერილი;
გაგზავნეთ მარტივი წერილი, რომლითაც მადლობას გადაუხდით გამსაუბრებელს. წერილი შეგიძლიათ გაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გამსაუბრებელს მადლობა გადაუხადეთ შესაძლებლობისთვის და გამოყოფილი დროისთვის. სამადლობელი ტექსტი მაქსიმალურად პერსონალიზირებული უნდა იყოს. არ გამოიყენოთ მზა, შაბლონური ტექსტი. გასაუბრების შემდეგ გაგზავნილი მადლობის წერილი ორ ფუნქციას ასრულებს: ერთის მხრივ, გამოხატავს თქვენს მადლიერებას და მეორე მხრივ, თქვენს თავს ახსენებს დამსაქმებელს.
მადლობის წერილი არ უნდა იყოს თქვენი უნარების მშრალი ჩამონათვალი, თუმცა, მან უნდა შეახსენოს გამსაუბრებელს, რატომ ხართ თქვენ ამ ვაკანსიისთვის შესაფერისი კანდიდატი. გამოიყენეთ მაგალითები ჩატარებული გასაუბრებიდან და შეახსენეთ ინტერვიუერს თქვენი სიძლიერეეები. შეგიძლიათ ახსენოთ პროექტი, რომელზეც გსურთ მუშაობა, თქვენი აზრი კომპანიის კორპორატიულ კულტურაზე ან თქვენი უნარები, რომელიც დაეხმარება კომპანიას უკეთესი შედეგების მიღწევაში.
2. გაგზავნეთ გასაუბრების შემდგომი შემაჯამებელი მოკლე წერილი;
გასაუბრების მიზანია, რომ გამსაუბრებელს თავი დაამახსოვროთ. გასაუბრების შემდეგ გაგზავნეთ მასთან შემაჯამებელი (follow up) მოკლე შეტყობინება. რაც მოკლეა წერილი, მეტია ალბათობა, რომ მას გამსაუბრებელი წაიკითხავს.
თუ გასაუბრებაზე მიგითითეს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად გარკვეული პერიოდი სჭირდებათ, გაგზავნეთ წერილი ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. ამ წერილის მიზანია, შეახსენოთ თქვენი თავი გამსაუბრებელს. მისწერეთ, რომ კვლავ დაინტერესებული ხართ პოზიციით და საჭიროების შემთხვევაში, მზად ხართ დამატებით ინფორმაციაც წარუდგინოთ. არ დაუსვათ გამსაუბრებელს შეკითხვა - „როდის მიიღებთ გადაწყვეტილებას?“, სჯობს შეტყობინება დაასრულოთ სიტყვებით „დაველოდები თქვენს პასუხს“. ეს უკეთესი საშუალებაა გამოხატოთ პასუხის სწრაფად მიღების სურვილი.
3. გასაუბრების დასრულებისთანავე ჩამოწერეთ განხილული საკითხები;
გასაუბრების დასრულებისთანავე, სანამ კარგად გახსოვთ ყველა დეტალი, ჩამოწერეთ განხილული საკითხები, ყველა მნიშვნელოვანი შეკითხვა და თქვენი პასუხები მათზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს გააკეთოთ პირველი ინტერვიუს შემდეგ, რადგან შეიძლება რომ შემდეგ გასაუბრებებზე იგივე კითხვები დაგისვან. ასეთ შემთხვევაში, იდენტური პასუხების გაცემის ნაცვლად, შეძლებთ ახალი ფაქტები დაამატოთ და აღნიშნოთ, რომ პირველი გასაუბრების შემდეგ ამ საკითხზე ფიქრობდით.
ჩაინიშნეთ ყველაფერი, რისი თქმაც გინდოდათ და ვერ მოახერხეთ, ან ვერ მოასწარით. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია შემდეგ ინტერვიუში, ან თუ ბოლო გასაუბრებაა, მიუთითეთ მადლობის წერილში.
გასაუბრების შემდეგ კითხვების და პასუხების ჩამოწერა დაგეხმარებათ საკუთარი თავის კრიტიკულად შეფასებისთვისაც. განსაზღვრეთ რას უპასუხეთ კარგად და რას - ვერა. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ გაანალიზოთ რომელი მიმართულებით გჭირდებათ ცოდნის გაუმჯობესება.
4. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და მოთმინება;
პასუხის მოლოდინის პერიოდი შეიძლება ძალიან სტრესული იყოს. გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება და ეს პროცესის შემადგენელი ნაწილია. გასაუბრებაზე ხშირად ფიქრმა შეიძლება იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ. რაც უფრო მეტად მოახდენთ მის ანალიზს, უფრო და უფრო მეტად კრიტიკული გახდებით და უფრო მეტი რამ გაგახსენდებათ, რაც არასწორად გააკეთეთ. გასაუბრება გაანალიზეთ ერთხელ ან ორჯერ, შემდეგ გაგზავნეთ წერილი და დაისვენეთ. დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გააკეთეთ რაც თქვენს შესაძლებლობებში შედიოდა.
წყარო - 4 Things You Must Do After A Job Interview (forbes.com)