კოვიდ 19-ის მსოფლიო პანდემიის შემდეგ, შრომითი ბაზრის მომავლის შესახებ ყველა დისკუსია დისტანციურად მუშაობის ირგვლივ ტრიალებს - იყო თუ არა პროდუქტიული დისტანციურად მუშაობა, როგორ იყო გადანაწილებული გენდერული როლები, აქვს თუ არა მომავალი მუშაობის ამგვარ მოდელს და სხვა.
Forbes გვიზიარებს რაიხმანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის ინიციატივით ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც დისტანციურად მუშაობასთან დაკავშირებულ თემებს მენეჯერის პოზიციიდან განიხილავს. კვლევის მიზანი იყო დაედგინა, თუ როგორი გავლენა მოახდინა მართვის სტილზე და მენეჯერებზე დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ.
კვლევის ფარგლებში, ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩაუტარდა 30 მენეჯერს, რომლებიც განსხვავებულ ინდუსტრიებში იყვნენ დასაქმებულები, თუმცა ერთი რამ ქონდათ საერთო - პანდემიის პერიოდში ოფისიდან დისტანციურად მუშაობის მოდელზე გადავიდნენ.
კვლევის შედეგების თანახმად, ამ პერიოდში გაიზარდა დაძაბულობა, რადგან სამუშაოს შესრულებისას სხვა დასაქმებულების სამუშაოსთან კონფლიქტში შესვლა მოუწიათ. მაგალითად, მენეჯერებისთვის აუცილებელი იყო თანამშრომლებთან შეენარჩუნებინათ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, თუმცა ამავდროულად სურდათ უფრო მეტად ეკონტროლებინათ დასაქმებულები, ეფექტურად გაეწიათ ზედამხედველობა მათ მიერ შესასრულებელ სამუშაოზე.
პირად და პროფესიულ გარემოს შორის გეოგრაფიული საზღვრების არარსებობის პირობებში, გართულდა პროფესიული საზღვრების დაცვაც. მენეჯერების ნაწილს გაუჭირდა ახალ მოდელთან ადაპტირება, რადგან ცოტა მათგან ჰქონდა საჭირო ტექნიკური უნარები.
კვლევამ გამოააშკარავა, რომ მენეჯერები ადეკვატურად აღიქვამდნენ ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს და როგორც წესი, ნერგავდნენ ცვლილებას მათთან გასამკლავებლად. მენეჯერების ნაწილმა მოახერხა შეცვლილ გარემოსთან მორგება, მათ პრობლემების მოგვარების კრეატიული გზები იპოვეს და შეცვალეს მენეჯერული მიდგომებიც.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პანდემიისას მენეჯერთა ნაწილმა გაამკაცრა დასაქმებულების კონტროლი და ყურადღებას არ აქცევდნენ რა გავლენას მოახდენდა ეს ნდობის ფაქტორზე. წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წლის აპრილში დასაქმებულების შესრულებულ სამუშაოზე მონიტორინგის ტენოლოგიებში განხორციელებული ინვესტიციები 108%-ით გაიზარდა. დაკვირვების ამგვარი ხელსაწყოები ზომავენ შესრულებული საქმის რაოდენობას, თუმცა მათი არსებობით გამოწვეული უნდობლობა აისახება სამუშაოს ხარისხში, გაუარესებულ მენტალურ ჯანმრთელობასა და კომპანიის მიმართ ნაკლებ ერთგულებაში.
კვლევაში ასევე გამოიკვეთნენ მენეჯერები, რომლებიც თავს აღიქვამდნენ არა როგორც დასაქმებულების დამკვირვებელს, არამედ როგორც მხარდამჭერს. მათ გაამყარეს დასაქმებულებთან არსებული კავშირები და მოახერხეს უკეთესი შედეგების მიღება.
მენეჯერებმა, რომლებმაც ყურადღება არ მიაქციეს, თუ როგორ უფერულდებოდა საზღვრები სახლსა და სამსახურს შორის, შექმნეს გაურკვეველი სამუშაო გარემო. ხოლო, მენეჯერებმა, რომლებმაც გაიაზრეს, რომ ახალი ტიპის საზღვრების არსებობა იყო საჭირო და შექმნეს საჭიროებებზე დაფუძნებული ბარიერები - საშუალებას აძლევდნენ დასაქმებულებს ემუშავათ სახლიდან ისე, რომ შეენარჩუნებინათ პირადი სივრცეც. მაგალითად, ცვლიდნენ სამუშაო საათებს, აძლევდნენ დასაქმებულებს შესაძლებლობას ემუშავათ არასტანდარტული სამუშაო განრიგით.
კვლევის ფარგლებში, მენეჯერების დიდმა ნაწილმა დისტანციური მუშაობის მოდელი უარყოფითად შეაფასა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ დისტანციურად მართვისას იკლებდა მათი ძალაუფლება და ავტორიტეტი. ეფექტურად მართვისთვის, მნიშვნელოვანია მენეჯერებმა გაიაზრონ მენტალური დისტანცია მათსა და დასაქმებულებს შორის. მათ შეუძლიათ გააძლიერონ დასაქმებულებსა და მენეჯერს შორის არსებული ურთიერთობა იმით, რომ დაამყარონ ნდობაზე დაფუძნებული კავშირები, დაგეგმონ სამსახურის რუტინები და მოერგონ დასაქმებულების საჭიროებებს.
წყარო - How Remote Work Impacts Managers (forbes.com)