“კარიერის ცვლილება” და “პროფესიის ცვლილება” შეიძლება სინონიმებად განვიხილოთ, მაგრამ მცირე განსხვავების მოძებნა ნამდივლად არ გაჭირდება: პროფესიის ცვლილება საქმის შინაარსისა და მთლიანად საქმის ცვლილებაა; კარიერის ცვლილება კი შეიძლება მხოლოდ პოზიციის და საქმიანობის ცვლილებად მოვიაზროთ. ორივე ცვლილება საინტერესო გამოწვევებს ქმნის. თუმცა, პროფესიის შეცვლა საკმაოდ რთულია და სწორ დაგეგმვას თუ სწორად შერჩეულ სამოქმედო გეგმას მოითხოვს.
ამას წინათ, ერთმა ნაცნობმა გვიამბო, როგორ უნდოდა (და კვლავ ძალიან უნდა) ფინანსების მართვიდან ადამიანური რესურსის მართვის განყოფილებაში გადასვლა, მაგრამ ვერ გაბედა, რადგან დააფიქრა საკუთარი ცოდნა-გამოცდილების სიმწირემ ამ სფეროში.
საკმარისი ისტორიებია, სადაც სფეროს (იგივე პროფესიის) შეცვლა წარუმატებლად დასრულდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წარმატებული “ტრანსფერებზეც” გვაქვს ინფორმაცია და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კომპანიაც და თანამშრომელიც ცვლილებაზე გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
პროფესიის შეცვლაზე კომპანიას დასაფიქრებელი აქვს, პროფესიის ცვლილების მსურველს კი კიდევ უფრო მეტი საფიქრალი და სამუშაოც. ცხადია, ამ შემთხვევაში არ არსებობს “წარმტების მისაღწევი უებარი წესი”, მაგრამ წესი ნამდვილად არის პროფესიის შეცვლის სურვილის გაჟღერებისას ჩვენს განაცხადს “მე მინდა” ან “ძალიან მაინტერესებს” დაემატოს არგუმენტაცია რა გავაკეთეთ ცვლილებისათვის და რატომ შეიძლება ვიყოთ წარმატებული ახალ სფეროში. მაგალითად, თუ ვამბობთ, რომ ძალიან გვინდა ფინანსებში გადასვლა, კომპანიის HR მენეჯერს ან ჩვენს მენეჯერს უნდა გავუზიაროთ შემდეგი არგუმენტები: ა) რატომ დავინტერესდით - საუბარი საქმეზე და პროფესიაზე; ბ) რა ვიცით ამ პროფესიის შესახებ - რა ინფორმაცია მოვძებნეთ, რა ვისწავლეთ, რა წავიკითხეთ და სხვ. და გ) რა საქმე გამოგვივა კარგად - ის კომპეტენციები, რასაც ჩვენი მიმდინარე პროფესიაც მოითხოვს. ამ რჩევის დასასაბუთებლად პროფესიის ცვლილების საინტერესო “ამბავსაც” გაგიზიარებთ, როდესაც კვლავ კარგმა ნაცნობმა მარკეტინგის განყოფილებაში გადასვლის სურვილი საკუთარი ინიციატივით მომზადებული მარკეტინგული პროექტით დაასაბუთა (პროექტი კომპანიის ახალი პროდუქტზე; პროექტი კი კომპანიის წარმატებულ პროდუქტადაც იქცა) და მარკეტინგის განყოფილების მენეჯერმა ჰკითხა - “როდის შეძლებ ჩვენთან გადმოსლვას”?
სფეროს ცვლილებას კომპანიის მხირდან აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა. არ უნდა დაგვავიწყდეს, სწორედ ახალი, ან სხვა საქმის გაკეთების დროს ადამიანების მოტივაცია ძალიან მაღალია. თან, როდესაც ახალი საქმის კეთების სურვილი თვითონ ინდივიდისგან მოდის. კარგი იქნება, თუ კომპანია და მისი მენეჯერები მსგავს ინიციატივას მოუსმენენ და ცვლილების მსურველს თუნდაც იგივე კითხვებით მიმართავენ, რაც ზემოთ ცვლილების არგუმენტებად მოვნათლეთ, ანუ: ა) რატომ დაინტერესდა ცვლილებით; ბ) რა იცის ან ისწავლა სასურველ სფეროზე/საქმეზე და გ) რა უნარები ან ცოდნა დაეხმარება წარმატების მიღწევაში.
თუნდაც იგივე პროექტის მომზადების “დავალებაც” არ იქნება ურიგო - ამ შემთხვევაში კარგად გამოჩნდება თანამშრომლის ცოდნაც, მოტივაციაც და საინტერესო იდეებიც კი.
ეპოქა რომელშიც ვცხოვრობთ ძალიან საინტერესოა, არ არსებობს სფერო, სადაც არ ხდება ცვლილებები და თანაც, სწრაფ ტემპში. თანამედროვე ბიზნესებს ბევრი გამოწვევა აქვთ იგივე თანამშრომლების განვითარებისა თუ შენარჩუნების მიმართულებით. მთავარ გამოწვევად კი “სხვადასხვა საქმის მცოდნე” და “მულტიუნარებიანი” ადამიანური რესურსის შექმნა მოიაზრება. ვფიქრობთ, პროფესიის ცვლილება, კომპანიის მხრიდან ინიცირებული თუ არა, მხარდაჭერას და ხელშეწყობას აუცილებლად უნდა იმსახურებდეს. “ახალი ხედვა ახალ სფეროში” კარგ შედეგებს იძლევა! ასე რომ, პროფესიის ცვლილებების მსურველებმა უნდა დაგეგმონ ცვლილებები და მენეჯერებმა კი მოუსმინონ რა არის მოტივი და რას მიიღებენ ცვლილებების შედეგად.