პანდემიამ ჩვენი რუტინა საგრძნობლად შეცვალა: სამსახურმა ოფისიდან სახლში, მეგობრებთან შეხვედრებმა რესტორნიდან ზუმში, სატრენაჟორო დარბაზებმა კი სახლში, იატაკზე გაშლილ ე.წ. სავარჯიშო „მატებზე“ გადმოინაცვლა. დღეს თითქმის ყველა ტიპის აქტივობა სახლში ან სახლიდან ინტერნეტსივრცეში მიმდინარეობს, რაც ბევრი ადამიანის პროდუქტიულობაზე უარყოფითად მოქმედებს.
პანდემიამდე, თითქოს ადამიანების რუტინას სხვები განსაზღვრავდნენ. უმეტესობას ვალდებულება გვქონდა გვევლო უნივერიტეტებში, ოფისებში, უქმეებზე მეგობრებთან ერთად ბარებში გავსულიყავით. დღეს, როდესაც ოფისები და აუდიტოროიები სახლებშია, ხოლო „პარასკევიც პარასკევს აღარ ჰგავს“, დღის რუტინა სრულად ჩვენი დასაგეგმი გახდა. კარანტინის დასაწყისში დღის რეჟიმს დიდ მნიშნელობას არ ვანიჭებდი, დილით ვიღვიძებდი, მივუჯდებოდი სამუშაო მაგიდას, ვმუშაობდი, ვკითხულობდი და ვიძინებდი. ასე გავიდა ის „ორი-სამი კვირა“. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემმა პროდუქტიულობამ საგრძნობლად იკლო. თუმცა, როდესაც მივხვდი, რომ პანდემია და მისი შედეგები ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა, დღის რუტინაზე თვითონ დავიწყე ფიქრი და დღე სხვა აქტივობებითაც შევავსე, როგორიცაა სირბილი, იოგა, მხატვრული ლიტერატურა და ანიმე, რომელიც ჩემი დღის ნაწილად ვაქციე და დღის გეგმაში ჩავსვი. ეს აქტივობები დღემდე მეხმარება რომ სამუშაო დღე უფრო დიდი ენერგიითა და მეტი კონცენტრაციით დავიწყო.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დღის რუტინის დაგეგმვისას და როგორ შევასრულოთ დიდი მოცულობის საქმე მოკლე დროში? ამ თემით HBR-ის მკვლევარები დაინტერესდნენ და რამდენიმე რჩევაც გაგვიზიარეს:
1) ქრონოტიპი
ადამიანის „ქრონოტიპი“ არის ძილისა და ფხიზლად ყოფნის ციკლი და ის ყველსთვის ინდივიდუალურია, ანუ სხვადასხვა ადამიანი ენერგიის პიკს დღის სხვადასხვა მონაკვეთში განიცდის. HBR-ის მკვლევარები ამბობენ, რომ ადამიანების დაახლოებით 10 % „ტოროლაა“, რადგან მათ ყველაზე მეტი ენერგია დილით აქვთ; ადამიანების 20% კი „ბუა“ და ყველაზე მეტ ენერგიას ღამის საათებში გრძნობენ; უმრავლესობას ენერგიულობის პიკი შუადღეს (ლანჩის შემდეგ) ან ნაშუადღევს აქვს.
სამუშაო დღის უკეთესად დაგეგმვისთვის HBR-ის მკვლევარები გვთავაზობენ, რომ დღე ჩვენი ქრონოტიპის მიხედვით დავგეგმოთ. მაგალითად, დენიელ ფინქი, წიგნის, When: The Scientific Secrets of Perfect Timing ამბობს, რომ მას ყველაზე მეტი ენერგია დილის საათებში აქვს და ამიტომ ის დილის განმავლობაში მნიშვნელოვან საქმეებს ასრულებს და თავიდან იშორებს ყველანაირ ხელისშემშლელ ფაქტორს (მობილური ტელეფონი, ტელევიზორი). ფინქს შედარებით მარტივი სამუშაოები საღამოსთვის აქვს შემონახული. ფინქს მიერ აღმოჩენილი მიდგომა ეფექტურია და თუ ადამიანი ასე დაგეგმავს საკუთარ დღეს, საგრძნობლად გაიზრდება პროდუქტიულობაც და სხვა აქტივობებისთვისაც ჩნდება დრო
2) დაგეგმვა
იმისათვის, რომ დღე პროდუქტიული იყოს, მისი დაგეგმვა მნიშვნელოვანია. დღის გეგმის გაწერა, რომელიც გულისხმობს განსაზღვრას თუ რა, როდის და სად გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენი მიზნების შესრულების შანსს ზრდის.
ლაურა მაე მარტინი, Google-ის პროდუქტიულობის მრჩეველი ამბობს, რომ ის საკუთარ დღის გეგმას წინა ღამით ადგენს, განსაზღვერავს დღის სამ პრიორიტეტს და ამბობს, რომ ვიდერე პრიორიტეტული სამუშაოები არ შესრულდება, ყველაფერი სხვა ხელისშემშლელი ფაქტორია. პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ, ლაურა დღის გეგმას მცირე ამოცანებად ჰყოფს და საათების მიხედვით ანაწილებს. ის თვლის, რომ მსგავსი დაგეგმვა მისი სამუშაოების ხარისხიანად, ნაკლებ დროში შესრულების საშუალებას აძლევს.
HBR-ის მკვლევარები გვთავაზობენ, რომ დღის გეგმა სამუშაო დღის ბოლოს გავწეოთ, მეორე დღეს კი შესასრულებელ სამუშაოებს დასვენებული გონებით გადავხედოთ და მის შესრულებას შევუდგეთ.
3) სამუშაოს შესრულება სხვადასხვა ლოკაციიდან
პროდუქტიულობის გაზრდისათვის კარგია, თუ ადამიანი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს სხვადასხვა ლოკაციიდან ასრულებს. მაგალითად, კარლ ნიუპორტი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ავტორი წიგნისა Deep Work, კომპიუტერული მეცნიერებების თეორიებზე ფიქრის დროს, ქალაქში ფეხით დადის, ხოლო ნაშრომებს საკუთარ ბიბლიოთეკაში, საწერ მაგიდასთან წერს.
სხვადასხვა სამუშაოს სხვადასხვა ლოკაციიდან შესრულების რუტინის ნაწილად ქცევა რთული პროცესია და დროს მოითხოვს. თუმცა, თუ ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოახერხებს და სხვადასხვა ადგილზე იმუშავებს, ასეთი შესრულებაც მისი რუტინის ნაწილად იქცევა და სწორედ მაშინ გამოჩნდება, როგორ იმოქმედა ახალმა რუტინამ პროდუქტიულობასა და ხარისხზე.
4) დღის 100%-ის სამუშაოთი დატვირთვა
უმრავლესობა ფიქრობს, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. ეს მცდარი მოსაზრებაა. სამუშაოთი გადატვირთული დღე ადგილს აღარ ტოვებს ადამიანის პირადი ცხოვრებისათვის, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზე. სწორად დაგეგმილი დღის რეჟიმი ადამიანს საშუალებას აძლევს რაც შეიძლება მეტი დრო დარჩეს საკუთარი თავისთვის და სამუშაო საათებშიც მეტად პროდუქტიული იყოს.
პროდუქტიულობა სამუშაოს შესრულებისთვის დახარჯული დროის პირდაპირპროპორციული არ არის, ნაკლებ დროში დიდი შედეგების მიღება კი პროდუქტიულობაა. პროდუქტიულობის მთავარი რეცეპტი კი საკუთარ თავზე მორგებული და სწორად დაგეგმილი დღის რუტინაა.