დღევანდელი პანდემიის პირობებში, სამუშაოსგან დასვენება უფრო მნიშნელოვანი გახდა. მიზეზი კი ისაა, რომ სტრესის დონემ მოიმატა, ხოლო დღეები კიდევ უფრო დაემსგავსა ერთმანეთს. დისტანციურად მუშაობამ სამუშაო და პირად ცხოვრებას შორის საზღვრები შეამცირა, რის გამოც ადამიანის სამუშაოსგან გადატვირთვის საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა.
სამუშაოსგან დასვენებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალება შვებულებაა, თუმცა პანდემიის პირობებში შვებულებაზე ფიქრიც კი სტრესული ხდება. შვებულების დაგეგმვისას, ახლა უფრო ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როგორიცაა ჯანმრთელობის რისკები და გაზრდილი ფინანსური ხარჯები.
შვებულებაზე ფიქრისას ადამიანს პირველ რიგში მოგზაურობა, სასტუმრო და სხვადასხვა უცხო ადგილების მონახულება ახსენდება. თუმცა, შვებულება სამსახურისგან დასვენებას ნიშნავს. ამისთვის ლეპტოპის და ტელეფონის გამორთვის გარდა არაფერია საჭირო.
არსებულ პირობებში, შვებულების დღეებისგან სარგებლის გასაზრდელად, ადამიანს შეუძლია ამ ნაბიჯებს მიჰყვეს:
გამოთიშვა
იმისათვის, რომ ადამიანმა შვებულებისგან სრული სარგებელი მიიღოს, საჭიროა, რომ სამუშაოს სრულად გამოეთიშოს. ამიტომ, შვებულებამდე მან კომპიუტერში ყველა ფანჯარა უნდა დახუროს, გამორთოს „იმეილი“, აალაგოს აწ უკვე სახლში მოწყობილი სამუშაო სივრცე, გამორთოს ნოტიფიკაციები, მაღვიძარები და ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება სამსახურთან აკავშირებდეს. ეს საუკეთესო საშუალებაა სამუშაო განწყობიდან დასვენების განწყობაზე გადასართველად.
მომზადება
არაფერია იმაზე უარესი, როდესაც შვებულებიდან დაბრუნებულს უამრავი მეილი და შესასრულებელი საქმე გხვდება, რომელიც შენი არ ყოფნის პერიოდში დაგროვდა. სანამ შვებულების აღებას გადაწყვეტს ადამიანი, კარგად უნდა ჩამოყალიბდეს, თუ რომელი სამუშაოების შესრულება შეუძლია შვებულებამდე და რომელი მის შემდეგ. მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანებს ამ სამუშაოების დელეგირება შეუძლიათ - თუმცა ამ დროს დიდი სიფრთხილეც მართებთ, რათა გუნდი ზედმეტად არ გადატვირთონ.
საზღვრები
მიუხედავად იმისა, რომ მიზანი ტელეფონისა და მეილისგან სრული თავისუფლებაა, ადამიანების უმრავლესობას შვებულებაში სამუშაოსგან გათავისუფლება მხოლოდ 90 %-ით შეუძლია. მთავარია, მან კარგად აუხსნას კოლეგებს, თუ რა დროებში იქნება მასთან კომუნიკაცია შესაძლებელი და ეცადოს, ეს დრო მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს. მან უნდა დააწესოს კონკრეტული პერიოდი, რომელსაც სამსახურის სამუშაოების შესრულებას დაუთმობს, მაგრამ აუცილებელია, ეს პერიოდი ხანგრძლივი არ გახდეს.
კრეატიულობა
პანდემიაში შვებულება კრეატიულობასაც მოითხოვს. სახლთან ახლოს ყოფნა არ იქნება მოსაწყენი, თუ ადამიანი ფიქრს ჩარჩოებს მიღმა დაიწყებს. მაგალითად, Google Map-ის საშუალებით, სხვადასხვა ადგილების ვირტუალურად მონახულებაა შესაძლებელი. ამას გარდა, საკუთარ ქალაქშივე შეიძლება ისეთი ადგილების აღმოჩენა, რომელიც აქამდე არ იცოდით. პანდემიაში შვებულებისას ადამიანმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელიც მის ირგვლივაა - გაატაროს დრო ბუნებაში ან მოინახულოს ახლომახლო არსებული პატარა ქალაქები.
მიუხედავად იმისა, სად გადაწყვეტთ შვებულების გატარებას, მთავარი მიზანი სამსახურის სამუშაოებისგან მოწყვეტაა. ყველამ დავიმსახურეთ დასვენება, ამიტომ არაფრის კეთების გამო დანაშაულის შეგრძნება ნუ შეგაწუხებთ - დაისვენეთ, მოეშვით და განიტვირტეთ შვებულებაში, რომ სამსახურს განახლებული ენერგიით შეუდგეთ.