დისტანციურად მუშაობა, ალბათ, პანდემიის შემდგომი ახალი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდება. თუმცა, პანდემიის პერიოდში კარგად დავინახეთ, რომ დისტანციურად მუშაობას ბევრი გამოწვევა ახლავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ მენეჯერები მუშაობის პროცესში თანამშრომლებს ვერ ხედავენ, შესაბამისად, მათი შეფასებები დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლების მიმართ ხშირად ან ბუნდოვანი ან არასწორია.
ძალიან მარტივია იმის დაშვება, რომ დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების ცუდი შედეგები საჭიროზე ნაკლები საათების მუშაობის შედეგია. თუმცა, ეს შეიძლება მხოლოდ ერთ-ერთი იყოს იმ მიზეზებიდან, რომლებიც დისტანციურად მუშაობის დროს ადამიანის პროდუქტიულობის გაუარესებას იწვევს. ამიტომ, მენეჯერებმა კარგად უნდა გამოიკვლიონ გამომწვევი მიზეზები და შემდეგ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე იზრუნონ:
1) ნაკლები კომუნიკაცია - ხშირად ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საქმეს კარგად ასრულებენ, მენეჯერებისთვის შესრულებულ სამუშაოებზე ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება უჭირთ. ის, რაც ადრე ოფისებში ხილვადი იყო, დღეს რეგულარულ და კარგად დაგეგმილ რეპორტინგზეა დამოკიდებული. მსგავსი რეპორტინგის უნარი ბევრ ადამიანს არ აქვს. ამიტომ, სავარაუდოა რომ, ისინი დაბალი შედეგების მქონე თანამშრომლები კი არ არიან, არამედ საკუთარი სამუშაოს შედეგების გადმოცემის ნაკლები უნარი აქვთ.
ყველა ადამიანს კომუნიკაციის განსხვავებული უნარი აქვს. ამიტომ, უმჯობესი იქნება თუ მენეჯერები ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში გუნდთან 15 წუთიან ვიდეო ზარებს ჩანიშნავენ, გაივლიან წინა დღის შედეგებს და დაგეგმავენ მომდევნო დღის სამუშაოებს, ხოლო კვირის ბოლოს, შემაჯამებელ შეხვედრაზე, გუნდთან ერთად განიხილავენ კვირის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს, ისაუბრებენ გამოწვევებზე, მოიფიქრებენ გადაჭრის გზებს და მომდვენო კვირის სამუშაოებსაც დაგეგმავენ. ეს მარტივი განრიგი რეგულარული რეპორტინგისთვის თავისუფალ სივრცეს ქმნის, სადაც ყველა თანამშრომელს მიეცემა შესაძლებლობა თანაბრად ისაუბრონ საკუთარი სამუშაოების შედეგებზე.
2) სტრუქტურის ნაკლებობა - სახლიდან მუშაობას თვითორგანიზების უნარი სჭირდება, რაც სულაც არ არის ყველა ადამიანის ძლიერი მხარე. სოციალური ქსელების დათვალიერების ცდუნება, მაცივრის სიახლოვე, სამუშაო სივრცის გაზიარება ბავშვებთან, პარტნიორებთან ან შინაურ ცხოველებთან, ადამიანს სამუშაოზე ნაკლებად კონცენტრირებულს ხდის. დისტანციურად მუშაობა მოითხოვს მკაცრ დისციპლინას, რომელიც ოფისში მუშაობის დროს თავისთავადია. ბევრი ადამიანი კი თვითდისციპლინას სწორედ ახლა სწავლობს.
მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზოგიერთი კომპანია შემდეგ მეთოდებს იყენებს: გუნდი ჩართული კამერების თანდასწრებით მუშაობს, რაც პირველ რიგში ადამიანს სამუშაოზე უფრო მეტად კონცენტრირებულს ხდის და ამასთან კომუნიკაციისთვის საჭირო ორგანულ სივრცესაც აჩენს.
3) კავშირის ნაკლებობა - ზოგი ადამიანი განსაკუთრებულად პროდუქტიულია ოფისში მუშაობისას და სახლიდან მუშაობა მათ შედეგებზე ცუდად აისახება. კრეატიულობა, რომელიც კოლეგებთან ერთად ლანჩს ან დაფასთან ტვინების შტორმს მოაქვს, იზოლაციაში ქვეითდება.
მოჰანი, სამედიცინო კორპორაციის ვიცე პრეზიდენტი, დააფიქრა იმ ფაქტმა, რომ დისტანციურად მუშაობისას მისი თანამშრომლები ვიდეო ზარების დროსაც ვერ ამყარებდნენ ერთმანეთთან ემოციურ კავშირს, რის გამოც დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. მოჰანმა მოიწვია თავისი ოთხი დაქვემდებარებული და მათთან ერთად მსჯელობს შედეგად, თანამშრომლებს შორის ემოციური კავშირის აღდგენის რამდენიმე გზას მიაგნო. მათ თანამშრომლებისთვის შექმნეს ფორუმი, სადაც თითოეული ადამიანი პოსტავდა იმ ერთ საკითხს, სადაც კოლეგების დახმარება სჭირდებოდა. დაშვებული იყო, პოსტის თემა ყოფილიყო წიგნის რეკომენდაციების თხოვნა, პროგრამული მხარდაჭერა ან თანამშრომლის დაქირავებისათვის რეკომენდაციის თხოვნა. დაკვირვების შემდეგ, მოჰანი და მისი ჯგუფი მიხვდა, რომ თანამშრომლები მსგავს ფორუმებს დადებითი ემოციებით ტოვებდნენ, რადგან იცოდნენ რომ კოლეგები მათ დასახმარებლად მზად იყვნენ.
მოჰენის მეორე მიგნებაც საინტერესოა - ყოველ კვირას, გუნდი სხვა გუნდის ერთ წარმომადგენელს გაიცნობდა. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ ინფორმაციას სამუშაოებსა და ამოცანებზე, რაც ერთიანობისა და თანამშრომლებს შორის კავშრის განცდას ქმნიდა.
4) კრიზისის მართვა - Covid 19-ის პანდემიის მსგავსი კრიზისის დროს, ადამიანები მწუხარებას განიცდიან, რაც მათ დემოტივაციას იწვევს. ამას ამძაფრებს ისიც, რომ სახლიდან მუშაობის პირობებში, ბევრ ადამიანს ოჯახის წევრების მოვლა უწევს, რაც ასევე დემოტივატორის ფუნქციის მატარებელია.
პანდემიის უარყოფითი ემოციური შედეგების შესამსუბუქებლად, ზოგიკომპანია თვეში ერთ პარასკევ დღეს დასვენების დღედ აცხადებს, ზოგი კი 1 საათიან „ონლაინ ჩაის სმის“ სესიებს აწყობს გუნდისთვის, რაც თანამშრომლებს ემოციების გაზიარებასა და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ეხმარება.
თანამშრომლის დაბალი შედეგიანობის მიზეზების განსაზღვრის შემდეგ, მენეჯერებს ამ პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო გამოსავლის მოძებნაც შეუძლიათ. ამასთან, თანამშრომლებსაც შეუძლიათ, არ დაელოდონ მენეჯერებს და გუნდისთვის ამ პრობლემების გადასაჭრელად, საჭირო ინიციატივების მიმწოდებლები გახდნენ.
წყარო: Forbes