სუპერგმირი ლიდერების თეორიის თანახმად, კომპანიის წარმატებას ან მარცხს განაპირობებს ლიდერის ინდივიდუალური ხედვა და ქარიზმა. ეს მიდგომა კომპანიისთვის შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს არა იმიტომ, რომ უმნიშვნელოა დირექტორების ცოდნა ან ხედვა, არამედ იმის გამო, რაც თეორიის ყურადღების მიღმა რჩება. კარგი ლიდერობა ხედვასთან და ქარიზმასთან ერთად მოითხოვს ცოდნას და სხვა სოციალურ უნარებს, რომლებიც შეიძლება სჭირდებოდეს კონკრეტულ კომპანიას ან ბიზნეს ინდუსტრიას.
გასული კვირა განსაკუთრებული გამოწვევებით გამოირჩეოდა ქარიზმატული ლიდერებისთვის. ერთმანეთის პარალელურად განვითარდა FTX-ის სკანდალი - Enron-ზე უარესი მაგალითი კონტროლის ნაკლებობის შესახებ, Twitter-ის და ილონ მასკის ისტორია - შემცირებებთან დაკავშირებით მასკის ქაოტური დამოკიდებულებები, მისი განუწყვეტელი პოსტები, Theranos-ის ისტორია, რაც ელიზაბეტ ჰოლმსისთვის ციხეში 11 წლიანი სასჯელით დასრულდა.
ამ კომპანიებს ერთი რამ აქვთ საერთო. თითოეული მათგანის მთავარი ფიგურა გამორჩეული და ქარიზმატული ლიდერია, რომლებიც კომპანიების მართვისას სრულად უგულებელყოფენ მართვის დადგენილ წესებს.
FTX-ს მენეჯმენტის ბევრი პრობლემა ჰქონდა, თუმცა ყველაზე მთავარი მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების ნაკლებობაა. მართალია ანგარიშვალდებულების დაცვის გამო კომპანიის ლიდერი ჟურნალის გარეკანზე ვერ მოხვდება, თუმცა კომპანიის საქმიანობის და ფინანსების მონიტორინგი კარგი მართვის აუცილებელი პირობებია. FTX ამ კრიტერიუმებს აიგნორებდა. შეუძლებელია კომპანიამ წარმატებას მიაღწიოს ჩამოყალიბებული მართვის სისტემის არარსებობის პირობებში. სამწუხარო რეალობაა, რომ ინვესტორები და მომხმარებლები ხშირად სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ კომპანია ეფექტურად შეიძლება იმართოს მისი ლიდერის ქარიზმით და უნიკალური სტილით.
Twitter-თან დაკავშირებული ისტორია უფრო მეტად დამაინტრიგებელია. დაწყებული ილონ მასკის გამუდმებული პოსტებით, პროდუქტების გამოშვებით და შემდეგ გაუქმებით, დასაქმებულების მასიური გათავისუფლებით და შემდეგ თავიდან დაქირავებით, გაგრძელებული დისტანციური მუშაობის აკრძალვით და შემდეგ ერთ დღეში კვლავ დაწესებით. ეს ყველაფერი ახასიათებს მენეჯერს, რომელიც სიამაყით აცხადებს, რომ ყურადღებას არ აქცევს და არ ითვალისწინებს მენეჯმენტის საფუძვლებს, ის შეუზღუდავ ნდობას უცხადებს საკუთარი ლიდერობის უნარს და ინტელექტის ჯადოსნურ ეფექტებს. მასკის მმართველობის ქვეშ Twitter-ში პატივს არ სცემენ HR-ს. მასკს უჭირს მოტივაცია მისცეს და შეინარჩუნოს დასაქმებულები. ის დასაქმებულებიც კი, რომელთა შენარჩუნების იმედიც მას ჰქონდა, მისივე განცხადებების გამო მიდიან დაკავებული პოზიციებიდან.
ზემოთ მოყვანილი მაგალითები ადასტურებენ, რომ სუპერგმირი ლიდერის სტილს სჯობს მოსაწყენი მენეჯმენტი. კომპანიები, რომლებთაც გამართული, სტრუქტურირებული მენეჯმენტი ჰყავთ, მეტად მომგებიანები არიან. კარგი მენეჯმენტი აუმჯობესებს კომპანიის მაჩვენებლებს.
რა არის და როგორია კარგი მენეჯმენტი? ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს. Harvard Business Review სამ ძირითად ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას - მიზნების დასახვა, დასაქმებულების წახალისება და მონიტორინგი. გამართული მენეჯმენტის მქონე კომპანიებს აქვთ გონივრული სტრატეგიული მიზნები, ისინი დასაქმებულებს განუსაზღვრავენ ამ მიზნების მიღწევის გზებს და აკვირდებიან მათ პროგრესს.
სუპერგმირი ლიდერების თეორიამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს თუ როგორ გამოიყურება კარგი ლიდერობა. მაგალითად, ილონ მასკის წარმატება Tesla-ში, Space X-ში და Paypal-ში ადასტურებს, რომ ის კარგი ლიდერია, თუმცა საპირისპიროს თქმა შეიძლება მისი გამოცდილებით Twitter-ში. კომპანიის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დირექტორის ხედვა და ინტელექტი, ასევე, არსებული კონტექსტი.
კომპანიის წარმატებაში ლიდერების კონტრიბუცია შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:
1. ვერტიკალური დიფერენციაცია, ლიდერები სხვებზე უფრო ჭკვიანი, სტრატეგიული, მცოდნე ან ქარიზმატულები არიან. ისინი უფრო მეტად შეესაბამებიან ლიდერის როლს.
2. ჰორიზონტალური დიფერენციაცია - ლიდერებს აქვთ განსხვავებული უნარები, ცოდნა და ლიდერობის სტილი, ისინი ცუდად ან კარგად ერგებიან სხვადასხვა ინდუსტრიას და სიტუაციას. ყოფილი გენერალი შეიძლება იყოს კარგი ლიდერი სამხედრო ოპერაციების მართვისას, თუმცა ცუდი ლიდერი ტექნოლოგიურ სტარტაპში.
3. მენეჯერის მთავარი ღირებულებაა არა ის, თუ რას აკეთებს ინდივიდუალურად, არამედ როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია სხვა ადამიანების მუშაობაზე. წარმატებული ლიდერები მოტივაციას აძლევენ მათ გუნდებს. ეს სოციალური ურთიერთობების უნარია და არაფერი აქვს საერთო სუპერგმირი ლიდერის ხედვასთან ან ცოდნასთან.
რით განსხვავდება ილონ მასკის და Twitter-ის მაგალითი ზემოთ მოყვანილი ლიდერობის სამი კრიტერიუმისგან? იმის ნაცვლად, რომ ჩავერთოთ დებატებში არის თუ არა კარგი მენეჯერი ილონ მასკი, შეგვიძლია გამოვიკვლიოთ აქვს თუ არა საკმარისი უნარები და გამოცდილება სოციალური მედია პლატფორმის გასაძღოლად, აქვს თუ არა უნარი თანამშრომლებში შექმნას მუშაობის მოტივაცია და გაუმკლავდეს გუნდს.
წყარო: The Myth of the Brilliant, Charismatic Leader (hbr.org)