ახალი წლის მოახლოვებასთან ერთად ბევრი ადამიანი იწყებს ცვლილებების და საკუთარი თავის განვითარების სხვადასხვა გზების დაგეგმვას.
არ აქვს მნიშვნელობა როგორია თქვენი სამომავლო გეგმები - გსურთ დაწინაურება არსებულ სამსახურში, ანაზღაურების გაზრდა თუ ახალი სამსახურის პოვნა. ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებები თავისით არ მოხდება. მიზნის მისაღწევად სტრატეგიულად უნდა იაზროვნოთ და დაგეგმოთ ყველა შემდეგი ნაბიჯი.
Forbes გვიზიარებს 5 სტრატეგიულ ნაბიჯს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ კარიერული წინსვლის დასაგეგმად:
1. არსებული მდგომარეობის შეფასება;
ყველა კარგი სტრატეგია იწყება მიმდინარე მდგომარეობის შეფასებით. დაფიქრდით რას აკეთებთ ყოველდღიურად, რისი გაკეთება გსიამონებთ, რა არ გსიამოვნებთ, რისი სწავლა გსურთ, რისი გაკეთება გსურთ უფრო ხშირად შემდეგ წელს.
არსებული რეალობის შეფასება საუკეთესო გზაა იმის გადასაწყვეტად თუ რა გსურთ უახლოეს მომავალში. მაგალითად, უფრო მაღალი ანაზღაურება, ახალი უნარების შეძენა ან ახალი სამსახურის პოვნა.
2. ცხადი კარიერული მიზნების განსაზღვრა;
იმის გააზრების შემდეგ თუ სად ხართ და სად გინდათ რომ იყოთ, მნიშვნელოვანია განსაზღვროთ ცხადი კარიერული მიზნები.
არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია კონკრეტულ ინდუსტრიაში ხართ, რამდენად წარმატებული ხართ ან ა.შ. SMART მეთოდის გამოყენება ყოველთვის საუკეთესო გზა იქნება ამის მისაღწევად.
დიდი მიზნები დაყავით პატარა მიზნებად, რეალისტურ, კონკრეტულ გეგმებად, რომელთა დროში გაზომვაც შეიძლება.
იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ თქვათ „მინდა ახალი სამსახური“, იფიქრეთ პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე, როგორ და როდის შეგიძლიათ მათი მიღწევა.
3. რეზიუმეს განახლება;
ახალი წლის დასაწყისი საუკეთესო დროა რეზიუმეს გასაახლებლად. ასახეთ უახლესი მნიშვნელოვანი მიღწევები, შეძენილი უნარები, ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია თქვენი სამუშაო გამოცდილების და განათლების შესახებ.
საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ რეზიუმეს ფორმატი, ფონტი, სტილი ა.შ.
4. ახალი უნარების შეძენა;
მსოფლიოში მიმდინარე დიდი ცვლილებების გათვალისწინებით, შეგიძლიათ განსაზღვროთ ის ტექნიკური და რბილი უნარები, რომელსაც დამსაქმებლები ეძებენ კანდიდატებში. მაგალითად, მონაცემთა ანალიზი, კრეატიულობა, ინოვაციურობა, ცვლილებებთან შეგუების და ადაპტირების უანრი.
იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოთ დღევანდელ მუდმივად ცვალებად შრომით ბაზარზე, მნიშვნელოვანია მუდმივად იზრუნოთ ახალი უნარების შეძენაზე.
5. სანაცნობო წრის გაფართოება;
კარიერის გარკვეულ ეტაპზე დგება პერიოდი, როდესაც ინდუსტრიის გამორჩეულ პროფესიონალებს ახლოს იცნობთ, ბევრ მათგანთან ერთად გიმუშავიათ ან გსმენიათ ერთმანეთის შესახებ. შესაბამისად, ბევრია ლინკდინზე თქვენი გამომწერების რაოდენობა. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ არასდროს იცით ვისგან და როდის შეიძლება გამოჩნდეს თქვენთვის საოცნებო შემოთავაზება. მუდმივად იზრუნეთ ახალი ნაცნობების შეძენასა და სანაცნობო წრის გაფართოებაზე.
წყარო - https://www.forbes.com/sites/andrewfennell/2023/12/27/5-steps-for-strategizing-your-career-in-the-new-year/?sh=6283e3ad453a