ყველა ადამიანი იდეალური თვითრწმენით იბადება, თუმცა, ბევრი სხვადასხვა გარე ფაქტორის გამო, ზრდასთან ერთად იცვლება საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმ პატარა დეტალებზე, რაც ზრდის თვითდაჯერებულობას. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებთ, მაგალითად, ემზადებით გასაუბრებისთვის, მიდიხართ პაემანზე, ამზადებთ პრეზენტაციას, საკუთარ თვითრწმენაზე ზრუნვა დაგეხმარებათ უფრო მეტად თავდაჯერებული იყოთ თითოეულ ზემოთ აღწერილ სიტუაციაში.
FastCompany გვიზიარებს ზოგად რჩევებს თვითრწმენის და თავდაჯერებულობის პოზიტიური ცვლილებისთვის:
- ყურადღება გაამახვილეთ გამარჯვებებზე;
გახსოვდეთ საკუთარი მიღწევები. გამარჯვების ვიზუალიზაციისთვის შეგიძლიათ დამადასტურებელი ფაქტები ფიზიკურად განათავსოთ ხილვად ადგილზე. მაგალითად, დაკიდეთ ოთახში ჯილდოები, სერტიფიკატები, ნებისმიერი რამ, რითიც ამაყობთ. შეგიძლიათ ჩამოწეროთ ხუთი რამ, რითიც ამაყოფთ და განათავსოთ სარკესთან, სადაც ყოველ დღე შეგეძლებათ მათი დანახვა.
ჩამოწერეთ საამაყო მიღწევები - რას მიუთითებდით რეზიუმეში? რა დაგეხმარათ ამ წარმატების მიღწევაში? წარმატება შეიძლება იყოს როგორც პროფესიული, ასევე პირადი. მაგალითად, საცხოვრებლად ცალკე გადასვლა, სამსახურში დაწინაურება, ტოქსიკური ურთიერთობისგან გათავისუფლება. სიაში შეგიძლიათ მიუთითოთ ისეთი რამ, რაც არ გააკეთეთ. მაგალითად, უარი თქვით თანამშრომლის უსამართლო კრიტიკაზე, როცა გუნდში ყველა მას აკრიტიკებდა.
- ყოველთვის ჩადეთ ძალისხმევის მაქსიმუმი;
ნებისმიერ საქმეში გამოიჩინეთ მაქსიმალური ძალისხმევა. შეიძლება მის შედეგად სასურველი რამ ვერ მიიღოთ, თუმცა თქვენი მხრიდან შესაძლებლობების სრულად გამოყენება უფრო ძლიერ პიროვნებად გაქცევთ. დაიცავით ღირებულებები, რომლისაც გჯერათ. დაიცავით ადამიანები, ვისაც ცუდად ან უსამართლოდ ექცევიან, იყავით მართალი საკუთარ თავთან და პატივი ეცით საკუთარ თავს იმისთვის, რომ სხვებმა გცენ პატივი.
- არ შეადაროთ საკუთარი წარმატება სხვისას;
არასდროს შეადაროთ პირადი წარმატებები სხვების წარმატებას. ნებისმიერი შედეგი, დიდი იქნება ის, თუ პატარა - მნიშვნელოვანია. თქვენი მიღწევების შესახებ სიახლეები გაუზიარეთ მათ, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია და თქვენი თვითრწმენა მათ შეფასებებზე დააფუძნეთ. რაც უფრო მეტად გჯერათ საკუთარი შესაძლებლობების, მთ უფრო ხშირად ცდით ახალ გამოწვევებს.
- დაივიწყეთ კომფორტის ზონა;
შეეცადეთ ჩვევად აქციოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. ყოველკვირეულად, ყოველთვიურად დააკვირდით და ჩამოწერეთ სიახლეები, რის გასაკეთებლადაც სიმამაცე დაგჭირდათ. არ არის აუცილებელი ეს სიახლე დიდი და მნიშვნელოვანი იყოს. რამე ღონისძიებაზე წასვლაც კი, რასაც აქამდე არ აკეთებდით, შეიძლება დაგეხმაროთ თვითშეფასების ამაღლებაში.
- მარცხი აქციეთ გაკვეთილად;
სტივენ კინგმა მისი ცნობილი ნაწარმოები „კერის“ ხელნაწერი ნაგავში გადაადგო მას შემდეგ, რაც უარი მიიღო 30 გამომცემლობისგან. საბედნიეროდ, მისმა მეუღლემ ნაგვიდან ამოიღო წიგნი და სტივენი დაარწმუნა არ დანებებულიყო.
ყველამ კარგად ვიცით წარუმატებლობასთან დაკავშირებული კლიშე ფრაზები „ნამდვილი წარუმატებლობა ის არის, როდესაც არც კი ცდილობ“ ან „წარუმატებლობა ის არის, როდესაც მისგან მიღებულ გაკვეთილს ვერ სწავლობ“. თომას ედისონი აღნიშნავდა, რომ ათასჯერ დამარცხდა ნათურის გამოგონებისას, თუმცა, თითოეული ცდა გამორიცხავდა არასწორ არჩევანს, რამაც საბლოოდ, მხოლოდ ერთი სწორი გზა დაუტოვა. ბევრი წარმატებული ადამიანი ედისონს ეთანხმება. ისინი მარცხს ინფორმაციის და ახალი გამოცდილების შეძენის წყაროდ იყენებენ.
- წარმატებისკენ მიმავალი გზა გრძელი და ხანგრძლივია;
ადამიანებს ხშირად აღაფრთოვანებთ სხვების მიერ მიღწეული წარმატება. თუმცა, როგორც წესი ასეთ დროს ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, თუ რამდენი დრო ან რამდენი დაბრკოლების გადალახვა მოუწია მას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ლატარიის გამარჯვებულების გარდა თითქმის არავინ აღწევს წარმატებას ძალისხმევის გარეშე და მყისიერად.
- ებრძოლეთ იმპოსტერის სინდრომს;
წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია - კომფორტის ზონიდან გამოსვლის, ბევრი ბრძოლის და მცდელობების შემდეგ, საბოლოოდ მიაღწიეთ მიზანს. თავს ფანტასტიურად უნდა გრძნობდეთ, ამის ნაცვლად კი გაქვთ გაურკვეველი შეგრძნება, რომ თქვენი ადგილი აქ არ არის, რომ ადრე თუ გვიან ყველა გაიგებს თქვენი სიყალბის შესახებ. ამ შეგრძნებას იმპოსტერის სინდრომს ეძახიან. იმპოსტერის სინდრომთან გასამკლავებლად გამოიყენეთ შემდეგი ტექნიკები:
- თქვენი გრძნობები გაუზიარეთ იმ ადამიანს, რომელიც მხარს დაგიჭერთ;
სახელი დაარქვით თქვენს შიშს და ესაუბრეთ მასზე თქვენთვის სანდო ადამიანს. ხშირად, ეს ადამიანები მსგავს ისტორიას გაგიზიარებენ და აღმოაჩენთ, რომ მარტო არ ხართ.
- არ შეადაროთ საკუთრი თავი სხვებს;
საკუთარი თავის სხვებთან შედარება არაფრისმომცემია. ყოველთვის იქნება ბევრი ადმიანი თქვენზე წინ და თქვენზე უკან. ყველას მოგზაურობა განსხვავებული და უნიკალურია. სხვების მიღწევებზე დაკვირვების ნაცვლად, ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ მიღწევებზე.
- არ აღიქვათ მოვლენები ზედმეტად სერიოზულად;
იუმორის გრძნობა და საკუთარ თავზე გაცინების უნარი ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ.
- შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ იდეალური არავინ არის;
პერფექციონისტები საკუთარ თავს გამუდმებული იმედგაცრუებებით კვებავენ, რადგან მათთვის სასურველი შედეგი არასდროს დგება. ცხოვრება დიდი მოგზაურობაა, რომელიც სავსეა აღმართებით და დაღმართებით. შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ყველაზე წარმატებულ ადამიანებსაც კი განუცდიათ მარცხი ბევრჯერ. ირგვლივ შემოიკრიბეთ ადამიანები, რომელთა მხარდაჭერის იმედი გექნებათ.
წყარო - How to boost your confidence and shrug off imposter syndrome (fastcompany.com)