ორშაბათი ბევრი ადამიანისთვის სტრესულია. ძირითადად მიზეზი დედლაინები, შესასრულებელი სამუშაოების გრძელი სია და მომავალი კვირის გამოწვევების დაძლევის შიშია. ხშირად, ორშაბათის შიში კვირა დღის დასვენებასა და განტვირთვასაც კი უშლის ხელს. კომპანია Payability-ის CEO კიტ სმიტი მენეჯერებს ურჩევს, რომ თანამშრომლებს ორშაბათის შიშის დასაძლევად, კვირა დღის ღამის ტესტების ჩატარება სთხოვოს.
კვირა ღამის ტესტი მარტივია: კვირა ღამეს, ადამიანი უნდა დაფიქრდეს და გაანალიზოს, თუ რა მიზეზები იწვევს მის შიშსა და ფორიაქს. აღმოჩენილი მიზეზები კი მენეჯერებს უნდა გაუზიაროს და თავადაც იფიქრონ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაჭრა. ეს ტესტი არ გულისხმობს მხოლოდ ფიქრს, არამედ მთავარია დასკვნების გამოტანა და შიშის გამომწვევი ფაქტორების შეცვლაზე მუშაობა. კარგი იქნება, თუ მენეჯერები ამ ტესტის ჩატარებას თანამშრომლებს ყოველ კვირას სთხოვენ, მოისმენენ გუნდის წევრების შედეგებს და იდენტიფიცირებული პრობლემების გამოსწორებაზე იფიქრებენ. ტესტის ეფექტურობისთვის კი რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი:
შიშის წყარო
კვირა ღამის ტესტის დროს მნიშვნელოვანია ადამიანმა საკუთარ თავს დაუსვას შემდეგი კითხვები: რა არის ამ შიშის გამომწვევი მიზეზი? ვგრძნობ თუ არა მხარდაჭერას გუნდისგან/მენეჯმენტისგან? ვიცი თუ არა, როგორი უნდა იყოს პროექტის საბოლოო, წარმატებული შედეგი? მეშინია თუ არა შეცდომების დაშვების და რატომ? ვგრძნობ თუ არა თავს კომფორტულად არსებულ გუნდში და რატომ? არის თუ არა სხვა როლი კომპანიაში, რომელსაც უკეთესად მოვერგები?
კულტურა
ძალიან მნიშნელოვანია, თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ კვირა ღამის ტესტის შედეგების მოსასმენად მენეჯმენტი მზად არის. ორგანიზაციაში ასეთი ღია კომუნიკაციის ჩამოყალიბება ბევრად ადრე იწყება, ვიდრე კვირა ღამის ტესტის ჩატარებაა. მნიშვნელოვანია, რომ მენეჯერი ხშირად უზიარებდეს თანამშრომლებს საკუთარ შეცდომებს, უყვებოდეს წარსულში გამოვლილი რთული პერიოდებისა და დაბრკოლებების შესახებ. ასეთი მიდგომა თანამშრომლებს დაეხმარება საკუთარი შეცდომების გაანალიზებაში, მიმდინარე გამოწვევების დაძლევასა და ამ გამოწვევების დეტალების მენეჯმენტთან გაზიარებაში.
კიტ სმიტი, კომპანიის კულტურის ჩამოყალიბებას სადილის მომზადებასა და ნამცხვრის გამოცხობას შორის განსხვავებების ფონზე განიხილავს. ის ამბობს, რომ სადილს მზადებისას მარტივია დაამატო მარილი, სანელებლები და გაზარდო მისი მომზადების დროც. თუმცა, გამომცხვარ ნამცხვარს გამოცხობის შემდეგ კვერცხს და შაქარს ვეღარ დაუმატებ. ნამცხვის ცხობისავითაა კომპანიის კულტურაც, მისი შენება ორგანიზაციის შექმნის პროცესშივე იწყება და კომპანიის ზრდასთან ერთად, მისი ცვლილება ბევრად უფრო რთული ხდება.
კვირა ღამის ტესტი ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღია კომუნიკაცია კომპანიის კულტურის ნაწილი იქნება.
პრობლემების გადაჭრა
რთულია, გუნდის თითოეულმა წევრმა, კვირა ღამის ტესტის შემდეგ, პრობლემის გადაჭრის გზები თვითონვე იცოდეს. შესაძლოა, გუნდის წევრი კარგად ხვდება, თუ რა არის მისი პრობლემა, თუმცა მისი გადაწყვეტა დამოუკიდებლად უჭირს, ამიტომაც, ზოგიერთ პრობლემას კოლაბორაცია და გამოსავლის გუნდური ძიება სჭირდება. კიტ სმიტი ამბობს, რომ ამ ფაქტის გათვალისწინებით,პრობლემების გაზიარების კულტურის შესაქმნელად, კარგი იქნება სოკრატეს მეთოდის გამოყენება: სამუშაო პროცესსა და და კითხვების დასმა პრობლემაზე.სოკრატეს მეთოდით, თანამშრომელი და მენეჯერი ერთად მივლენ პრობლემის გადაჭრის გზამდე, რადგან სწორად მიაგნებენ პრობლემის წყაროს.
თუ მენეჯერები კვირა საღამოს ტესტის პრაქტიკას განავითარებენ, მისი გუნდის წევრები შეძლებენ, დაძლიო ორშაბათი დღის შიში, სტრესიც და სამუშაო კვირას მხოლოდ დადებითი ენერგიითა და ემოციებით დაიწყებენ. ეს კი დადებითად იმოქმედებს მათი სამუშაოს შედეგიანობაზე.
წყარო: fastcompany