FastCompany-ის კვლევაში, გამოკითხული მენეჯერების 69%-მა მიუთითა, რომ თავს უხერხულად გრძნობს დასაქმებულებთან ურთიერთობის დროს. ბევრი მენეჯერი აღნიშნავს, რომ არ სიამოვნებთ უკუკავშირის პირისპირ განხილვა, რადგან „ეშინიათ, რომ გულს ატკენენ დასაქმებულებს“, ღელავენ მათ საპასუხო რეაქციაზე. ამ მიზეზების გამო მენეჯერები თავს იკავებენ ან საერთოდ აღარ აფასებენ დასაქმებულებს.
უკუკავშირი დაფუძნებულია წარსულში მომხდარ ფაქტებზე და ეხმარება დასაქმებულს შეაფასოს რა გაკეთდა სწორად და რა - არა. კლასიკურ უკუკავშირს აკლია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია - რა უნდა გაკეთდეს მომავალში?
უკუკავშირი ჩაანაცვლეთ „წინკავშირით“ - განსაზღვრეთ სამომავლო გეგმები, დასახეთ ცხადი და ხელშესახები მიზნები. ეს მიდგომა ორივე მხარეს, უკუკავშირის გამცემს და მის მიმღებს დაეხმარება უკეთ წარმოიდგინონ როგორ შეიძლება შესაძლებლობების გამოყენება და კომპანიისთვის სასურველი შედეგების მიღწევა.
1. განსაზღვრეთ რომელი მიმართულებით გჭირდებათ განვითარება;
რისი გაუმჯობესება გსურთ? მიღებული უკუკავშირი კარგი საფუძველია ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ჩამოწერეთ ეს მიმართულებები და განიხილეთ თქვენს მენეჯერთან ერთად.
2. განსაზღვრეთ ვისთან ერთად გსურთ სამომავლო გეგმების განხილვა;
აირჩიეთ სამი ადამიანი, ვისთან ერთადაც განიხილავთ უკუკავშირს და დაგეგმავთ უახლოეს მიზნებს. შეარჩიეთ კოლეგები, ვისთანაც ხშირად გიწევთ ურთიერთობა, ერთ-ერთი მათგანი სასურველია თქვენი მენეჯერი იყოს. მნიშვნელოვანია მათგან მიიღოთ გულწრფელი და სამართლიანი შეფასებები.
3. დაიწყეთ ცვლილებების პროცესი;
შერჩეულ კოლეგებთან ცალ-ცალკე დანიშნეთ 30 წუთიანი შეხვედრები. შეხვედრაზე დაუსვით მათ სამი მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი შეკითხვა. ეს სამი შეკითხვა თქვენს კოლეგებს დაეხმარებათ დაგიბრუნონ ღირებული და პრაქტიკული პასუხები:
- რისი გაკეთება შემიძლია განსხვავებულად იმ სფეროში, სადაც გაუმჯობესება მსურს?
- როგორ ხედავენ ჩემს შესრულებულ საქმეს სხვები, მათი აზრით, რა შეიძლება გავაკეთო განსხვავებულად?
- დამატებით რა რჩევა გაქვს, რისი გაუმჯობესება შემიძლია?
ჩაერთეთ დისკუსიაში მიიღეთ მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. შეეცადეთ არ ჩადგეთ თავდაცვის პოზიციაში და არ დაიწყოთ საკუთარი ქმედებების გამართლება ან უარყოფა. სრულყოფილი შედეგის მისაღწევად საუკეთესო გზაა დასვათ დამაზუსტებელი კითხვები.
შეხვედრის დასრულებისას მადლობა გადაუხადეთ და ჰკითხეთ მათთვის მისაღებია თუ არა მაგალითად ექვსი კვირის შემდეგ კვლავ დაუბრუნეთ განხილული საკითხების შესაფასებლად. ეს მოგცემთ გარკვეულ ვადას, რომ მათგან მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენოთ, დააკვირდეთ საკუთარ თავს და განსაზღვროთ რა სახის ცვლილებებია საჭირო.
უკუკავშირის და სამომავლო გეგმების განსაზღვრით დასაქმებულებს აწვდით ამომწურავ შეფასებას, რითიც მათ დაეხმარებით სწორად და სწრაფად განვითარდნენ პროფესიულად.
წყარო - Try this radical new approach to feedback (fastcompany.com)