2023 წლის ბოლოს მოახლოვებასთან ერთად ბევრი ლიდერი და დამსაქმებელი სვამს ერთსა და იმავე კითხვას - როგორი იქნება სამუშაო გარემო 2024 წელს? ყურადღება გამახვილდება გადაწვის შემცირებაზე? სად იმუშავებენ დასაქმებულები - დისტანციურად, ოფისში? შემცირდება თუ არა სამუშაო კვირის დღეების რაოდენობა?
რთულია წინასწარ სრული სიზუსტით მომავლის წინასწარმეტყველება, თუმცა, Forbes გვიზიარებს 2024 წლის მოსალოდნელ ტრენდებს:
1. დასაქმებულების ოფისში დაბრუნება;
2020 წლიდან მუდმივად განიხლება ჰიბრიდული, მოქნილი, დისტანციური და ოფისიდან მუშაობის მოდელები. ეს განხილვები ცხადია, გაგრძელდება, თუმცა 2024 წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი დაუბრუნდება ოფისს. KPMG CEO Outlook Survey-ის თანახმად, მსოფლიო ლიდერების 64% ვარაუდობს, რომ დასაქმებულები სრულად ოფისში სამუშაოდ დაბრუნდებიან 2026 წლისთვის. ამერიკაში, კომპანიების 90% გეგმავს 2024 წლის ბოლომდე შესთავაზონ თანამშრომელს ოფისში დაბრუნების გეგმები.
მოქნილი სამუშაო გარემო ბევრი დასაქმებულისთვის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის მთავარი მიზეზია. McKinsley-ის კვლევის თანახმად, დასაქმებულების 87% თანხმდება სამუშაოს შეთავაზებას, თუ დამსაქმებელი მათ მოქნილ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს. დამსაქმებელების და დასაქმებულების ამ მოთხოვნების შეუსაბამობა მომავალშიც წარმოშობს კონფლიქტებს.
რაც შეეხება, 4 დღიან სამუშაო კვირას, ჩატარებული კვლევები ადასტურებენ მის ეფექტურობას. 4dayweek.com-ის მიერ ჩატარებული ადრეული გლობალური კვლევის შედგეად 4 დღიანი სამუშაო კვირის შემოღებით 36%-ით გაიზარდა შემოსავალი და 68%-ით შემცირდა დასაქმებულების გადაწვის მაჩვენებელი.
2. გამჭვირვალობა ხელფასების შესახებ;
დასრულდა ის დრო, როდესაც ადამიანები ხელფასის შესახებ ინფორმაციას არავის უზიარებდნენ. კომპენსაციის შესახებ დიალოგი უფრო გამჭვირვალე სახეს იძენს.
Empower 2023 კვლევის თანახმად, რომლის დროსაც დაკვირვების საგანი იყო ფულთან დაკავშირებული ქცევები, დადგინდა, რომ გამოკითხული მილენიალების 56% და Gen Z-ის 49% უფრო ნაკლებად უფრთხილდებიან ანაზღაურების შესახებ ინფორმაციას. Gen Zის 53% და მილენიალების 58%-მა მიუთითა, რომ სიამოვნებით გაუზიარებენ ხელფასის ინფორმაციას LinkedIn-ის სამუშაოს ძიების პროცესის გასაუმჯობესებლად.
3. მენტალური ჯანმრთელობის და გადაწვის შემცირების ხელშეწყობა;
მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აქტუალური გახდა უკვე რამდენიმე წელია და ეს ასეც გაგრძელდება, რამდენადაც უფრო მეტი ყურადღება მიექცევა დასაქმებულების გადაწვის შემცირებას.
Aflac WorkForces Report კვლევის თანახმად გამოიკითხა 1200 დამსაქმებელი და 2000-მდე დასაქმებული სხვადასხვა ინდუსტრიაში. გამოკითხული დასაქმებულების 57% განიცდის სულ მცირე საშუალო დონის გადაწვას, რაც უარესდება სამსახურში სტრესით. მათგან მხოლოდ 48% თვლის, რომ დამსაქმებელი ზრუნავს მათ მენტალურ მდგომარეობაზე.
დამსაქმებლებმა უნდა გადახედონ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სტრატეგიას და პოლიტიკებს, განაახლონ კორპორატიული კულტურა - ხომ არ არის კულტურა ტოქსიკური, რისი გაუმჯობესება შეიძლება დასაქმებულებისთვის სტრესის შესამცირებლად.
4. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება;
ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში. ინტერესის ამგვარი ზრდა ChatGPT-ის უკავშირდება, რომელიც 2022 წლის ნოემბერში ჩაეშვა. ხელოვნურ ინტელექტს დღეს შეუძლია დააგენერიროს ტექსტი, ფოტოები, ვიდეოები, აუდიო ფაილები და სხვა.
2023 წლის მაისში, WE Communications და USC Annenberg Center for Public Relations-მა მიუთითა, რომ პროფესიონალების 59%-მა დაიწყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ექსპერიმენტების ჩატარება. კვლევით დადგინდა, რომ ლიდერები აღიარებენ ხელოვნური ინტელექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინდუსტრიის მიმავლისთვის, რის გამოც საჭიროა უფრო მეტი ცოდნის და გამოცდილების მიღება.
2024 წლისგან შეიძლება შემდეგი მოლოდინები გვქონდეს - უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, უფრო აქტიურად დაიწყება შესწავლა თუ როგორ უნდა მოხდეს მისი ინტეგრირება სხვადასხვა ბიზნესში, როგორ გავლენას მოახდენს დასაქმებულების როლზე და პასუხისმგებლობებზე.
5. გარემოზე ზრუნვის ვალდებულება;
კომპანიებს აქვთ ვალდებულება პოზიტიური ცვლილებები მოახდინონ გარემოზე, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილებებზე. მიუხედავად იმისა, თქვენი კომპანია არის თუ არა ენერგო სექტორში, ყველა კომპანიას შეუძლია შეამციროს მისი უარყოფითი გავლენა გარემოზე. დასაქმებულებს სურთ დაინახონ რომ მათი კომპანია ზრუნავს დედამიწაზე, ამცირებს ნახშირბადის გამოყოფას, გადამუშავებისთვის ამზადებს ნარჩენებს, იყენებს სუფთა ტექნოლოგიას.
წყარო - Key Workplace Trends You Need To Know For 2024 (forbes.com)