ადამიანების უმრავლესობა პირველ კარიერულ რჩევას მშობლებისგან იღებს. დროთა განმავლობაში ჩვენი „კარიერული მრჩეველების“ სია იზრდება: მშობლებს ემატებიან მასწავლებლები, ლექტორები, მენტორები და მეგობრები. კარიერის ქოუჩები ამბობენ, რომ ყველაზე არასწორ რჩევებს, სწორედ ამ ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან ვიღებთ, არგუმენტად კი ორი მიზეზს ასახელებენ:
1) რჩევა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე
ალბათ, ყველას გვსმენია და გვინახავს ადამიანები, რომლებმაც თავიანთი კარიერა მშობლების დაჟინებული მოთხოვნით იურიდიულ ან სამედიცინო სფეროს დაუკავშირეს. ერთი მხრივ, ამის მიზეზი საბჭოთა ნარატივია, რომლის მიხედვითაც მსგავსი პროფესიები პრესტიჟულად ითვლებოდა. მშობლებმა სწორედ ამ პროფესიების პრესტიჟულობიდან გამომდინარე შეძლეს კარიერული წარმატების მიღწევა. აქედან გამომდინარე, ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ თუ შვილები კარიერას ამ პროფესიებს დაუკავშირებენ, მათი ცხოვრებაც წარმატებული და სრულყოფილი იქნება. თუმცა, ეს მცდარია და ხშირად სიმართლესაც არ შეესაბამება.
ყველა ადამიანი განსხვავებულია. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩვენ ყველანი განსხვავებულ არჩევანს ვაკეთებთ და მსგავს სიტუაციებშიც კი ერთმანეთისგან განსხვავებულად ვმოქმედებთ. შესაბამისად, ჩვენი სურვილები და სიამოვნების წყაროები ერთმანეთისგან გასნხვევდება. ეს კანონზომიერება, რა თქმა უნდა, კარიერულ არჩევანზეც მოქმედებს. შესაძლოა, ის საქმიანობა, რომელიც შვილს სიამოვნებს, მშობელს საერთოდ არ მოსწონდეს. ასე რომ, კარგი იქნება, თუ ადამიანი მადლობას გადაუხდის რჩევისთვის თავის ახლობლებს და კეთილისმსურველებს და კარიერულ გადაწყვეტილებას საკუთარ თავზე დაკვირვების შედეგად მიიღებს.
1) ზრუნვა
ადამიანების უმრავლესობას აქვს მიდრეკილება დაიცვას ის, ვინც უყვარს. მაგალითად, მშობლები პატარა ბავშვებს ეზოში თამაშისას ან ქუჩაზე გადასვლის დროს ყოველთვის გაფაციცებით ადევნებენ თვალს. ისინი ფიქრობენ, რომ ნაკლები გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა მათი შვილების ქცევებს ცუდი შედეგები მოჰყვეს.
წარმატებული კარიერისკენ მიმავალ გზაზე ადამიანს ბევრი დაბრკოლება ხვდება. ამ გზას ბევრი რისკი, შეცდომა და მარცხი ახლავს თან. წარმატებულ ადამიანებს საკუთარი კარიერის გზაზე ბევრი ტკივილი გამოუცდიათ. სწორედ, ამ ტკივილმა მისცა მათ ის გამოცდილება, რომლის დახმარებითაც კარიერულ მწვერვალებს მიაღწიეს. ახლობელი ადამიანების რჩევა, რომელის მიზანიც ამ ტკივილისგან დაცვაა, ადამიანს სასურველ შედეგებამდე ვერ მიიყვანს. პირიქით, როგორც კარიერის ქოუჩები ამბობენ, ხშირად ადამიანის წარუმატებლობის მიზეზი სწორედ მსგავსი რჩევებია. მაგალითად, ადამიანს, რომელსაც ბიუროკრატია არ უყვარს, სტაბილური სამსახური ბიუროკრატიულ სტრუქტურებში ბედნიერებას ვერ მოუტანს.
კარიერის ქოუჩები ამბობენ, რომ მსგავსი რჩევების მიღებისას, კარგი იქნება, თუ ადამიანები ახლობელებს მადლობას გადაუხდიან და ეტყვიან, რომ არცერთი სამსახურია 100%-ით უსაფრთხო. ადამიანი არასასურველ სამუშაოს ყოველთვის ნაკლებ ძალისხმევას და დროს უთმობს. არასწორი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში კი ის აუცილებლად მიიღებს იმ გამოცდილებას, რომელიც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაეხმარება.
ბუნებრივია, რომ ჩვენს მშობლებსა და ახლობლებს ჩვენს კარიერასა და მომავალზე საკუთარი აზრი გააჩნიათ. თუმცა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი კარიერული არჩევანი მხოლოდ ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. მხოლოდ ჩვენ ვიღებთ ჩვენივე არჩევნისგან გამოწვეულ დადებით თუ უარყოფით შედეგებს. ამიტომ, თქვენი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია, მშობლებისა და ახლობლებისა კი მათი გავლილი გზა და არჩევანია.
წყარო: fastcompany