მენეჯერობა, გუნდის ან პროექტების მართვა მარტივი დავალება არ არის. 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად იზრდება მენეჯერების გადაწვის მაჩვენებლები. დავალებების და პასუხისმგებლობების გამო გადაწვის შესამცირებლად მნიშვნელოვანია დროის სწორად მართვის ტექნიკების შემუშავება.
Fobres გვიზიარებს 5 მარტივ სტრატეგიას, თუ როგორ შეიძლება მენეჯერებმა დაგეგმონ დროის სწორად მართვა ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობის პირობებში:
1. დროის განაწილება კონკრეტულ დავალებებზე;
ამ ტექნიკის მეშვეობით სამუშაო დღის კონკრეტული მონაკვეთები უნდა გაანაწილოთ კონკრეტულ დავალებებზე. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკური გადაწყვეტები ან მოინიშნოთ კალენდარში. ამ გზით, მენეჯერს შეუძლია გაიმარტივოს ურთიერთობა საკუთარ გუნდთან. გუნდის წევრებს მის კალენდარში შეუძლიათ წინასწარ ნახონ რომელ მონაკვეთში არის თავისუფალი მენეჯერი კონკრეტული დავალების განსახილველად და მათაც შესაბამისად დაგეგმონ საკუთარი შეხვედრები.
კალებდარში შეგიძლიათ მონიშნოთ შეხვედრებისგან თავისუფალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც არ უნდა დანიშნოთ შეხვედრები, გათიშავთ შეტყობინებებს და ამ დროს სრულად დაუთმობთ შემოქმედებით საქმეს. კალენდარში ამ ბლოკების განსაზღვრისას შეგიძლიათ მსგავსი ტიპის დავალებები ერთი და იგივე ფერით მონიშნოთ, რაც გაგიმარტივებთ სასურველი დავალებების და ბლოკების პოვნას.
2. დელეგირება;
ხშირად, მენეჯერებისთვის ყველაზე რთულია დელეგირების უნარის გამომუშავება. განსაზღვრეთ თქვენი გუნდის წევრების ძლიერი მხარეები, რისი მიღწევა სურს თითოეულ მათგანს. დასახეთ მიზნები, მიეცით გუნდის წევრებს განვითარების და ცოდნის შეძენის შესაძლებლობა. გამოხატეთ მათ მიმართ ნდობა დავალებების დელეგირების გზით. ამ ყველაფრის შედეგი იქნება გუნდის გაზრდილი ჩართულობა და პროდუქტიულობა.
3. თვის წინასწარ დაგეგმვა;
ყოველი თვის დასასრულის მოახლოვებისას გადახედეთ თქვენი გუნდის და დეპარტამენტის კვატრლურ და თვიურ გეგმებს, განსაზღვრეთ რა უნდა შესრულდეს მომდევნო თვეში, დასახეთ გეგმები და კონკრეტული დავალებები მოინიშნეთ კალენდარში წინასწარ.
4. რეალისტური გეგმების შედგენა;
შეადგინეთ რეალისტური გეგმები, ხშირად ადამიანები არასწორად აფასებენ კონკრეტული დავალების შესასრულებლად საჭირო დროის.
მაგალითად, შეიძლება თვლიდეთ, რომ რეპორტის მოსაზადებლად საკმარისია სამი სამუშაო დღე, თუმცა შეიძლება რეპორტისთვის გჭირდებოდეთ ინფორმაცია სხვა დეპარტამენტისგან, რომელსაც დრო სჭირდება მონაცემების დასამუშავებლად, გაითვალისწინეთ მსგავსი შემთხვევები და შესაბამისად განსაზღვრეთ რეალისტური ვადები.
5. პროდუქტიულობის პერიოდის მაქსიმალურად გამოყენება;
დააკვირდით საკუთარი მუშაობის რეჟიმს და ტემპს და განსაზღვრეთ სამუშაო დღის განმავლობაში რომელი პერიოდია თქვენთვის ყველაზე პროდუქტიული. ადამიანების უმრავლესობისთვის ეს დილაა, თუმცა, შეიძლება იყოს დღის ნებისმიერი სხვა მონაკვეთი. ამ პერიოდის შესაბამისად დაგეგმეთ შესასრულებელი სამუშაო. ყველაზე რთული დავალებები, რომლებისთვისაც საჭიროა განსაკუთრებული კონცენტრირება და ფიქრი, დაგეგმეთ ამ პერიოდში.