პიტერ ბრეგმანი, Bregman Partners-ის CEO და HBR-ის ერთ-ერთი ავტორი თავის ბლოგში წერს:
„ერთხელ ჩემი შვილის ოთახში შევედი. ის სამეცნიერო პროექტზე მუშაობდა. ჩვეულებრივ, ამ სანახაობის შემხედვარე კმაყოფილი ვიქნებოდი, თუმცა ამ მომენტში ჩემი სიხარული მისი პროექტისთვის საჭირო დიდი რაოდენობის ქვიშამ ჩაახშო. მიუხედავად იმისა, რომ მას სამუშაო სივრცის ქვეშ დასაფენი საშუალება ჰქონდა გაშლილი, ქვიშა მაინც ჩვენს ახალ იატაკზე იყო მიმოფანტული.
ჩემი ქალიშვილი მიხვდა ჩემს უკმაყოფილებას და თავის დაცვა გაბრაზებული პასუხით სცადა: „დასაფენი გამოვიყენე“
„ქვიშა მთელს იატაკზეა“ - ვუპასუხე მე კიდევ უფრო გაბრაზებულმა
„სხვაგან სად უნდა გამეკეთებინა? - მიყვირა მან
რატომ არასდრო აღიარებს, რომ არასწორად მოიქცა? - ვიფიქრე ჩემთვის. იმ მომენტში მომავალი წარმოვიდგინე და შიშმა ამიტანა: როგორი იქნება მისი ცხოვრება, თუ შეცდომების აღიარებას არ ისწავლის?
ჩემი შიში კიდევ უფრო დიდ გაბრაზებაში გადაიზარდა და ჩემი ქალიშვილიც წყობიდან გამოვიდა - „ისეთი რამ მითხრა რაც შეურაცხყოფად მივიღე, ამიტომ ხმას ავუწიე“. მან ტირილი დაიწყო.
ეს შემთხვევა პირველი არ იყო. მე და ჩემს ქალიშვილს ხშირად გვიჩუბია, რაც საბოლოოდ ორივესთვის საშინელი განწყობით მთავრდება.
მსგავსი რამ მხოლოდ მშობლებსა და შვილებს შორის არ ხდება. მე ხშირად მინახავს მენეჯერები, რომლებიც თანამშრომლებთან კამათისას წყობიდან გამოდიან. კამათი ძირითადად გაუმართლებელი მოლოდინებით იწყება და ბრაზით მთავრდება. მსგავსი კამათისას კი ორივე მხარე თავდაჯერებულობას კარგავს.
საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები: რატომ მაქვს მსგავსი რექცია? პასუხი არასდროსაა კონკრეტული და მოიცავს ჩემი შვილის სიყვარულს, მისი სწავლების სურვილს, ჩემს სიძულვილს არეულობის მიმართ, კონტროლის სურვილს, მისი წარმატების სურვილს და ა.შ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემი ქცევის მოტივების ცოდნა ჩემს ქმედებებს არ ცვლის.
როგორ შევიცვალო? - ეს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი კითხვაა.მიხვდი, რომ პირველ რიგში, ჩემს შვილთან კომუნიკაციის მეთოდები უნდა შემეცვალა ამიტომ, ამ საკითხის მოსაგვარებლად ჩემს ცოლს, ელეანორს მივმართე. მან პრობლემის გადაჭრის გზად შვილთან ერთად იატაკის მოწმენდა შემომთავაზა.
აღმოჩნდა, რომ კონფლიქტი მოგვარდა მარტივად და ეფექტურად, რაშიც ეს სამი მიდგომა დამეხმარა:
1) აღმოაჩინე პრობლემა
2) ჩამოაყალიბე, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა
3) შესთავაზე დახმარება
ეს საუკეთესო გზაა პრობლემის მოსაგვარებლად არა მარტო სახლში, არამედ თანამშრომლებთან კომუნიკაციის დროსაც.
მინახავს, როდესაც მენეჯერი ცუდად გაკეთებული პრეზენტაციის გამო თანამშრომელს ისეთ უკუკავშირს აძლევს, რომელიც მის თვითშეფასებას ანგრევს. მსგავსი კომუნიკაციის ნაცვლად, კარგი იქნება თუ მენეჯერები გაუმართლებელ მოლოდინებს არა სიბრაზითა და ჩხუბით, არამედ ახსნით, მხარდაჭერითა და მომავალში შეცდომების გამოსწორების იმედით უპასუხებენ.
თუმცა, ასეთი გაწონასწორებულად მოქცევა მე ვერ შევძელი, რადგან მსგავსი ქმედების შემთხვევაში გულწრფელი არ ვიქნებოდი. მე ვბრაზდები და ვღელავ ჩემი ქალიშვილის მომავალზე, ამიტომ ჩემი მშვიდი პასუხის შემთხვევაში ჩემი გრძნობები და ქმედებები ერთმანეთს აცდებოდა.
ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც მივხვდი, რომ სწავლის პროცესი ყოველთვის არაბუნებრივ შეგრძნებებს იწვევს. ცეკვის იმ ილეთების ცვლილება, რომელსაც ცეკვისას ყოველთვის იყენებდი, არასდროს იქნება ბუნებრივი. თუ გვინდა რომ ვისწავლოთ და შევიცვალოთ, უნდა შევეჩვიოთ არაბუნებრივობის შეგრძნებას. ახალი გზის არჩევისას დიდი მანძილია გასავლელი იმისათვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ.
გუშინ ჩემი ქალიშვილი გვიან ღამე საკუთარ ოთახში მეცადინეობდა. მისთვის უნდა მეთხოვა, სამეცადინოდ სასადილო ოთახში გადაენაცვლა, რადგან ოთახში მის უმცროს დას უნდა დაეძინა. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდი მანამდე გავჩერდი და დავფიქრდი იმაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდა, როდესაც მას ოთახის დატოვებას ვთხოვდი. გადავწყვიტე ასე მიმემართა:
„საყვარელო, შენმა დამ უნდა დაიძინოს და უნდა გთხოვო, სასადილო ოთახში გადახვიდე სამეცადინოდ. როგორ დაგეხმარო?“
თავი უცნაურად ვიგრძენი, არაბუნებრივად. მაგრამ გაამართლა. მე მას დავეხმარე და მანაც სასადილო ოთახში მეცადინეობა მშვიდად განაგრძო.
პიტერ ბრეგმანის ეს საინტერესო და თითქოს „ოჯახური ამბავი“, კარგ ქოუჩინგ სესიას წააგავს. სამსახურშიც და სახლშიც, ხშირად ვბრაზდებით და ემოციას მძაფრად გამოვხატავთ, თუ ჩვენი მოლოდინები არ მართლდება და შედეგის ნაცვლად პრობლემებს ვიღებთ. ბრეგმანის „გამოცდილების“ საინტერესო მესიჯი კი ერთია- ემოციის გამოხატვით პრობლემა არ გვარდება, პრობლემის ახსნასა და დახმარების შეთავაზებას კი შედეგი მოაქვს. შესაბამისად, დასაფიქრებელია, საჭიროა ემოციის გამოხატვა იმედგაცრუების დროს? თუ ახსნა ჯობია.. ამ გამოცდილების შექმნა კი ჩვენს ხელშია, მისი გაანალიზებაც ჩვენი უფლებაა- რა შეცვალა თანადგომამ და რას ვერ შეცვლიდა გაბრაზება.