1938 წელს, Harvard-ის მკვლევრებმა წამოიწყეს ათწლეულების კვლევა იმის დასადგენად, თუ რა აბედნიერებთ ადამიანებს. მეცნიერებმა შეაგროვეს ინფორმაცია 724 მონაწილის ჯანმრთელობის შესახებ მთელი მსოფლიოდან. ისინი კვლევის მონაწილეებს ორ წლიანი ინტერვალებით უსვამდნენ კითხვებს მათი ცხოვრების შესახებ.
შეიძლება გასაკვირი იყოს, თუმცა ბედნიერების მიზეზების შესახებ კითხვაზე უნივერსალური პასუხი არ არის წარმატებები კარიერაში, ფული, ვარჯიში ან ჯანსაღი კვება. 85 წლიანი კვლევის განმავლობაში ყველაზე ხშირად გაცემული პასუხი იყო, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად აბედნიერებს პოზიტიური ურთიერთობები. სწორედ ადამიანური ურთიერთობები განაპიროებებს ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებას.
ურთიერთობები სხვა ადამიანებთან ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. შეგიმჩნევიათ როგორ კარგად გრძნობთ თავს, როდესაც კარგი საუბრის დროს მეორე ადამიანი გიჯერებთ და ნამდვილად ესმის რაზეც საუბრობთ? ან როგორ განიცდით უხასიათობას და ძილის ნაკლებობას საყვარელ ადამიანთან ჩხუბის შემდეგ?
ჯანსაღი ურთიერთობების და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად გულწრფელად უნდა შეაფასოთ თქვენი არსებული ურთიერთობები, რას უთმობთ თქვენს დროს და მიისწრაფით თუ არა იმგვარი კავშირების ფორმირებაში, რომლებიც დაგეხმარებათ პიროვნულ ზრდაში.
როგორ უნდა შეაფასოთ ურთიერთობები?
ადამიანები სოციალური არსებები არიან. ერთ ადამიანს, არ შეუძლია გასცეს ყველაფერი რაც მეორე ადამიანს სჭირდება. ადამიანებს გამუდმებით სჭირდებათ ერთმანეთის დახმარება და მხარდაჭერა.
Harvard-ის მკვლევრები გვთავაზობენ 7 ძირითად კრიტერიუმს, რომლითაც შეგიძლიათ ურთიერთობების შეფასება:
1. უსაფრთხოება და თავდაცვა - ვის დაურეკავთ თუ შუაღამით შეშინებულს გაგეღვიძებათ? ვის მიმართავთ კრიზისული სიტუაციის დროს?
2. სწავლა და ზრდა - ვინ გაძლევთ ცოდნის შეძენის მოტივაციას? ვინ გაძლევთ მოტივაციას მიაღწიოთ თქვენს ცხოვრებისეულ მიზნებს?
3. ემოციური სიახლოვე და ნდობა - ვინ იცის ყველაფერი (ან უმეტესი ნაწილი) თქვენზე? ვის შეგიძლიათ დაურეკოთ, როცა თავს ცუდად გრძნობთ? ვისთან შეგიძლიათ იყოთ სრულად გულწრფელი ცუდად ყოფნის შესახებ?
4. პიროვნულობის აღიარება და გაზიარებული გამოცდილება - არის თუ არა თქვენს ცხოვრებაში ვინმე, ვისთან ერთადაც ბევრი საერთო მოგონებას იზიარებთ? გყავთ თუ არა ადამიანი, ვინც გეხმარებათ გაიაზროთ ვინ ხართ?
5. რომანტიული სიახლოვე - გაკმაყოფილებთ თქვენს ცხოვრებაში არსებული რომანტიული სიახლოვე?
6. დახმარება (ინფორმაციული და პრაქტიკული) - ვის მიმართავთ როდესაც გჭირდებათ რჩევა ან პრაქტიკული პრობლემის გადაჭრაში დახმარება (მაგალითად, ხის დარგვა, WIFI-ის გამართვა)?
7. გართობა და დასვენება - ვინ გაცინებთ? ვის ურეკავთ საყვარელი ფილმის ერთად სანახავად ან მოგზაურობის დასაგეგმად? ვისთან ურთიერთობისას გრძნობთ თავს დასვენებულად და თავისუფლად?
ამ კრიტერიუმების ანალიზისთვის გიზიარებთ ცხრილს. ცხრილის პირველ გრაფაში უნდა მიუთითოთ კონკრეტული ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც, თქვენი აზრით, ყველაზე მნიშნელოვანია და დიდ გავლენას ახდენს თქვენზე. იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანს შეესაბამება შემდეგ გრაფებში მითითებული კრიტერიუმები, დასვით + ნიშანი, უარის შემთხვევაში კი -.
გახსოვდეთ, რომ შეიძლება თითოეული ადამიანი არ აკმაყოფილებდეს ყველა კრიტერიუმს. იფიქრეთ ამ სავარჯიშოზე, როგორც რენტგენის აპარატზე. ის მოგცემთ შესაძლებლობას თქვენი სოციალური სამყაროს ზედაპირიდან სიღრმეში ჩაიხედოთ. შეიძლება ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ყველას არ მიიჩნევდეთ თანაბრად მნიშვნელოვნად. განსაზღვრეთ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი და შეაფასეთ, იღებთ თუ არა თქვენი ნაცნობებისგან მხარდაჭერას ამ კონკრეტულ საკითხში.
ცხრილის შევსების შემდეგ, შედეგების ანალიზით, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ირგვლივ გყავთ ბევრი ადამიანი, რომლებთან ერთადაც კარგად ერთობით, თუმცა არ ენდობით მათ, ან შესაძლოა, გყავდეთ მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც მიმართავთ დახმარებისთვის, ან ადამიანი, რომელსაც დიდ ყურადღებას არ უთმობთ, თუმცა თავს ყველაზე მეტად დაცულად და უსაფრთხოდ გაგრძნობინებთ. არ მოგერიდოთ და მოიკითხეთ თქვენი მეგობრები და ნაცნობები. არ აქვს მნიშვნელობა უბრალოდ მოსაკითხად დაურეკავთ მათ თუ ხანგრძლივ, ყურადღებიან საუბარს გამართავთ. თქვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის, არასდროს არის გვიანი მნიშნელოვანი კავშირების უფრო მეტად გაღრმავებაზე იზრუნოთ.