უდავოა, რომ დღევანდელ შრომით ბაზარზე დასაქმებულების უმრავლესობა დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას ითხოვს დამსაქმებლებისგან. FlexJobs-ის თანახმად, გამოკითხულ დასაქმებულთა 65%-ს სურს სახლიდან მუშაობა, InHerSight-ის კვლევის თანახმად, კი გამოკითხულ ქალთა 90% ეძებს ან დაინტერესებულია დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით (InHerSight კომპანიების რევიუების პლატფორმაა, რომელიც ქალებს ეხმარება სასურველი დამსაქმებლის და პოზიციების პოვნაში).
მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურად მუშაობა InHerSight-ის გამოკითხვისთვის უმრავლესობისთვის სასურველი ბენეფიტია, 2024 წლის კვლევა ხაზს უსვამს კიდევ ერთი ბენეფიტის, მოქნილი სამუშაო საათების, მზარდ პოპულარობას. მოქნილ სამუშაო საათებში იგულისხმება საკუთარი სამუშო განრიგის არჩევის შესაძლებლობა.
სამსახურში გატარებული საათების რაოდენობის ნაცვლად, შესრულებული სამუშაოს ხარისხით დასაქმებულის შეფასება დასაქმებულების კმაყოფილების ინდიკატორი ყოველთვის იყო. ასეთი მოქნილი გრაფიკი, დასაქმებულებს და განსაკუთრებით ქალებს, აძლევს შესაძლებლობას დააბალანსონ სამსახურს გარეთ არსებული პირადი ცხოვრებაც.
2023 წლის კვლევის თანახმად, სამსახურის მაძიებელთა 70% ძებნისას უთითებდა, რომ სამსახურისგან ელოდება მაღალ ანაზღაურებას და უფრო მოქნილ განრიგს. ამ ცვლილებებში განსაკუთრებული როლი უჭირავთ GenZ თაობას. მათ უფროს თაობაზე კარგად ესმით პირადი ცხოვრების და სამსახურის ბალანსის მნიშვნელობა. მოქნილი განრიგი არ ნიშნავს ნაკლებ მუშაობას, ის ნიშნავს დროის სასურველ გადანაწილებას სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის, მაგალითად დროის გამოყოფას თერაპიისთვის, საყვარელ ადამიანებთან დროის გასატარებლად და სხვა.
პანდემიამ შეცვალა დამსაქმებლების და დასაქმებულების წარმოდგენები თუ როგორი შეიძლება იყოს სამუშაო პროცესი. შესაბამისად, 2020 წლის შემდეგ InHerSight-ის კვლევის თანახმად შეიცვალა დასაქმებულთა პრიორიტეტები. მაგალითად, 2019 წელს მათი ტოპ 5 პრიორიტეტი ამგვარად გამოიყურებოდა - ანაზღაურებადი შვებულება, ხელფასი, თანამშრომლები, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის თანასწორობის უზრუნველყოფა და მოქნილი სამუშაო განრიგი ამ სიის ბოლოს იყო მოქცეული. თუმცა 2020 წლის შემდეგ ეს პრიორიტეტები მსგავსი კვლევის თანახმად ამგვარად გამოიყურება:
1. მოქნილი სამუშაო საათები - განრიგის ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობა.
2. დისტანციურად მუშაობა;
3. ანაზღაურება;
4. ანაზღაურებადი შვებულება;
5. სწავლების შესაძლებლობა.
კარგი თანამშრომლების ყოლა პრიორიტეტებში მეშვიდე ადგილას არის, ყველაზე ნაკლებად შეფასებულია ოჯახის ზრდის მხარდაჭერის ბენეფიტები და დეკრეტული ან ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული შვებულება. ეს ბოლოს ჩამოთვლილი შვებულებები იმდენად საბაზისო მოთხოვნაა დამსაქმებლების მიმართ, რომ მათი არსებობა კომპანიაში არ განაპირობებს რაიმე უპირატესობას.
პანდემიის შემდგომი ცვლილებები და GenZ-ის მიერ ჩამოყალიბებული ახალი კორპორატიული კულტურა კომპანიებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, გადახედონ არსებულ პოლიტიკებს და მეტად დაუახლოვონ ისინი თანამედროვე მიდგომებს და დასაქმებულების სურვილებს.
წყარო - https://www.fastcompany.com/91018765/benefit-more-sought-after-than-remote-work